საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. წელს საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცის წოდება ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დაიმსახურა. სპორტსმენ ქალთა შორის საუკეთესოს სტატუსს კი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა დაეუფლა.
ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, გარდა ამისა, მას არაერთხელ აქვს პირველობა მოპოვებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. მიმდინარე წელს ლაშამ საუდის არაბეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტიტულს კარიერაში მეშვიდედ დაეუფლა. ამასთანავე, წელს ასევე მეშვიდედ გახდა ევროპის ჩემპიონი სომხეთში გამართულ ტურნირზე.
რაც შეეხება ანასტასია გუბანოვას, მან ფინეთში, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ციგურაობაში ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა. შეგახსენებთ, გუბანოვა ჩვენი ქვეყნის სახელით 2021 წლიდან ასპარეზობს.
გასულ წელს სეოკ-მა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცის წოდება ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს მიანიჭა. წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი კი ასევე ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.