სექტემბერში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.8%-ით გაძვირდა

სექტემბერში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.8%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა. საქსტატის დაკვირვებით, აღნიშნული ცვლილება, დიდწილად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2%-იანი კლებით იყო განპირობებული. ამან -0.64 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5.8%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.3%-იანი მატებითა და სამშენებლო მასალების 4.1%-იანი გაძვირებით იყო გამოწვეული. ამან, შესაბამისად, 3.14 და 2.47 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

აქვე, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 19.2%-ით არის გაზრდილი.