სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს

სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს

სერბეთში ჩატარებული უახლესი სოციალური კვლევიდან ირკვევა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, ყველაზე პოპულარულ და ძლიერ პოლიტიკურ ლიდერად კი მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიიჩნევს.

გამოკითხულთა 51%-ის თქმით, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ისინი მხარს არ დაუჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებას; მოსახლეობის 34% მიიჩნევს, რომ EU-ში გაწევრიანება სასურველია; გამოკითხულთა 11% ამ რეფერენდუმში მონაწილეობას არ მიიღებდა; ხოლო 4%-ს გადაწყვეტილება მიღებული ჯერაც არ აქვს.

აღნიშნული სოციალური კვლევა 13-22 ივნისს ბელგრადში დაფუძნებული ორგანიზაციის, Demostat-ის მიერ ჩატარდა და მასში მონაწილეობას 1,200 მოქალაქე იღებდა.

კვლევის მეორე ნაწილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. სერბეთის მოსახლეობისთვის პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პირველ ადგილს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იკავებს – მას მოსახლეობის 40% უჭერს მხარს; მეორე ადგილზე 12%-ით ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინია; ხოლო მესამე ადგილს 12%-იანი მხარდაჭერით საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი იკავებს.

Demostat-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა; თურქეთის ლიდერმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ სერბი მოსახლეობის 3-5%-ის მხარდაჭერა მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ სერბეთის მთავრობა რუსეთის მიმართ კეთილგანწყობას წლების განმავლობაში ინარჩუნებს. უკრაინაში ომის დაწყების მიუხედავად, სერბეთს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები და შეზღუდვები არ დაუწესებია, უფრო მეტიც, ამ პერიოდში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.