სერბეთის პრემიერი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა - ბელგრადში მასობრივი დემონსტრაციები გრძელდება

სერბეთის პრემიერი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა - ბელგრადში მასობრივი დემონსტრაციები გრძელდება

გასული წლის ნოემბერში სერბეთში, ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის შენობის სახურავის ჩამონგრევას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამაც მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი შექმნა და ბელგრადში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის აღებას და სამართლიან გამოძიებას ითხოვენ და მომხდარს კი კორუფციის მაღალ დონეს უკავშირებენ.

პროტესტის რამდენიმე თვის თავზე, დაკავებული თანამდებობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა დატოვა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის მიერ პოსტის დატოვებამდე ერთი დღით ადრე, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა მთავრობის სასწრაფო და ძირეული რეკონსტრუქციის საჭიროების შესახებ განცხადება გააკეთა.

თუმცა თავად მილოშ ვუჩევიჩის განცხადებით, მისი გადადგომა დემონსტრანტებზე თავდასხმების შემთხვევებს უკავშირდება და გადაწყვეტილებას პოლიტიკური პასუხისმგებლობით ხსნის. „[მთავრობამ] უნდა აჩვენოს პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. საზოგადოებაში დაძაბულობის გაზრდის თავიდან ასარიდებლად, გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე,“ – განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა პრესკონფერენციაზე.

გუშინ დემონსტრანტებმა სერბეთის დედაქალაქში მთავარი გზატკეცილი 24 საათით გადაკეტეს. საპროტესტო ტალღას ფერმერები ტრაქტორებით შეუერთდნენ.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დემონსტრანტებს დიალოგისკენ მოუწოდა. „ჩვენ უნდა შევამციროთ დაძაბულობა და დავიწყოთ ერთმანეთთან საუბარი,“ – განაცხადა მან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ თანამდებობას ქალაქ ნოვი სადის მერი, მილან დურიჩიც დატოვებს.