სილქნეტმა თიბისი კაპიტალთან ერთად 34 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

სილქნეტმა თიბისი კაპიტალთან ერთად 34 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

თიბისი კაპიტალმა კომპანია სილქნეტის ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 34 მილიონი ლარია. საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პირველად მოხდა კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება.

სილქნეტის ობლიგაციების ვადა 5 წელია. წლიური კუპონი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3.5%-ია. ობლიგაციები საქართველოში არსებულმა ბანკებმა შეიძინეს.

“მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორს და წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს საქართველოში მსხვილი ემისიის განხორციელებაში დავეხმარეთ. აღნიშნული ემისია კომპანიის ზრდას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს,”- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ.

„ამ ნაბიჯით საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში სილქნეტის სახით ჩნდება ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე მოთამაშე და ამავე დროს კაპიტალის ბაზრისთვის მიმზიდველი კომპანია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით და მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობას გვიწევს ისეთი საფინანსო ინსტიტუტი, როგორიც თიბისი კაპიტალია. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ „სილქნეტია“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ის ქართული კომპანია, რომელმაც პირველმა გამოუშვა ლარში ობლიგაციები, “_ განაცხადა კომპანია „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა.

სილქნეტი 2017 წლის 6 თვის მონაცემებით (gncc) საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის 41% ფლობს, მაუწყებლობის ტრანზიტზე (IPTV) ბაზრის 30%-ს, ხოლო ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომხმარებელთა 48% ემსახურება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *