სიტუაციის მიმოხილვა და მოსაზრებები მომავალი განვითარების შესაძლო მიმართულებების შესახებ

სიტუაციის მიმოხილვა და მოსაზრებები მომავალი განვითარების შესაძლო მიმართულებების შესახებ

წლევანდელი წელი იყო წელი, როდესაც საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა („სდპ“) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე აუდიტორულმა კომპანიებმა უკვე მეორედ გაიარეს ბუხჰალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ხარისხის კონტროლი, რადგან არსებული რეგულაციების შესაბამისად, „სდპ“- აუდიტორული ფირმების ხარისხის კონტროლი სამ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განხორციელდეს და პირველი ასეთი შემოწმებები 2017 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდა.

სხვებთან ერთად წელს SARAS-ის მიერ ხარისხის მიმოხილვა, რა თქმა უნდა, ჩვენც გავიარეთ უკვე მეორედ. როგორც აღვნიშნეთ, „სდპ“-აუდიტორული ფირმების ხარისხის კონტროლი სამ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განხორციელდეს და რადგან ჩვენი პირველი შემოწმებაც 2017 წლის ბოლოს დასრულდა, წინასწარვე ვიცოდით, რომ 2020 წელს აუცილებლად გვიწევდა შემდეგი შემოწმება.

შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევასრულეთ ჩვენი „პროგრამა მინიმუმი“, შევინარჩუნეთ „სდპ“- აუდიტორის სტატუსი და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი ფირმის აუდიტის უმაღლესი ხარისხი, რაც, ალბათ, ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, რომ ჩვენი კლიენტები თანამშრომლობენ ჩვენთან.

შემოწმების შედეგად ჩვენ დღეს ვართ იმ, ვიტყოდი, საუკეთესო, რვა აუდიტორულ ფირმას შორის საქართველოში, რომლებსაც აქვთ „საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა“ (სდპ) და ნებისმიერი ზომითი კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლება ყველანაირი შეზღუდვის გარეშე. მთლიანობაში SARAS–ის მიერ ხარისხის მიმოხილვის ამ მეორე ეტაპის შემდეგ „სდპ“-აუდიტორის კატეგორია შეინარჩუნა 12-მა ფირმამ (ადრე 13 ფირმა იყო და წელს ერთი ამოვარდა სიიდან), რომელთაგან ოთხს გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული (მაგალითად, არ შეუძლიათ კონკრეტული სექტორის „სდპ“- ების აუდიტის ჩატარება, ან არ შეუძლიათ პირველი კატეგორიის „სდპ“-ში აუდიტის განხორციელება).

ზოგადად, წლევანდელი შემოწმება, ჩვენი შეფასებით და კოლეგების აზრითაც, უფრო მეტად დეტალური და ღრმა იყო, ვიდრე პირველ წელს განხორციელებული, რაც ალბათ ლოგიკურიც არის, ასე ყოფილიყო.

ეს იმაშიც გამოიხატა, რომ ამ შემოწმების შედეგად „სდპ-აუდიტორულ ფირმათა“ რაოდენობა შემცირდა, სიას გამოაკლდა ერთი ფირმა, რომელსაც შემოწმების შედეგად მესამე კატეგორია მიენიჭა და აღარ აქვს სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება.

როგორც აღვნიშნე, ზოგადად შემოწმებების უფრო მეტად დეტალურად და ღრმად ჩატარება, რა თქმა უნდა, სწორია და სასურველი, თუმცა იყო ისეთი მომენტებიც, რომელთა გამოსწორებაც გვინდა და მათგან ერთ-ერთი არის შემოწმების ხანგრძლივობა. მაგალითად, ჩვენთან შემოწმება მაისიდან დაიწყო და საბოლოო შედეგები დეკემბერში მივიღეთ, ანუ თითქმის რვა თვეს გრძელდებოდა შემოწმება, რაც, მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დიდი დრო გვგონია და ვისურვებდით, მომავალი შემოწმებები დროში უფრო შემჭიდროებულად ჩატარდეს. ალბათ ამასაც აქვს თავისი მიზეზები და, როგორც ვფიქრობთ, ეს მიზეზები SARAS- ის რესურსებთან არის დაკავშირებული, რომლებიც, როგორც ჩანს, შეზღუდულია. ჩვენ ვისურვებდით ამ მხრივ სამსახურის გაძლიერებას და სიამოვნებით დავეხმარებოდით მათ, თუკი ჩვენ რამით შეგვიძლია მათი დახმარება. მაგალითად, მხარს დავუჭერდით მათთვის ბიუჯეტის გაზრდას იმისთვის, რომ გაზარდონ პერსონალის რაოდენობა, იმისთვის, რომ ჰქონდეთ მეტი რესურსი იმ სხვა კარგი საქმეებისთვისაც, რასაც პარალელურად აკეთებენ: მაგალითად, პროფესიული ლიტერატურის თარგმნის მიმართულებით, სტანდარტების თუ სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებით. ჩვენ დღესაც ვართ ჩართული ამ საქმეებში მათთან ერთად, ვმონაწილეობთ სტანდარტების თარგმნაში, ონლაინლექსიკონისთვის ტერმინების თარგმნაში, სხვადასხვა პროფესიული ლიტერატურის თარგმნაში. მოკლედ, ვცდილობთ, ჩვენი წილიც შევიტანოთ ამ ყველაფერში. რომ დავუბრუნდეთ შემოწმების შედეგებს – მთლიანობაში რომ შევხედოთ, საბოლოოდ შედეგები თითქოს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელ ჩარჩოებში ჯდება.

ბარემ, რადგან SARAS-სა და რეგულაციებზე ვსაუბრობთ, იმასაც შევეხოთ ორი სიტყვით, თუ როგორ ვითარდება ბაზარი და პროფესია. წელს ჩვენ შემოსავლებში პატარა შემცირება გვაქვს, მაგრამ ამას ვერ განვაზოგადებთ მთელ ბაზარზე და, უფრო მეტიც – ვვარაუდობ, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას შემოსავლებში ზრდაც ექნება, ზოგიერთს შესაძლოა – მნიშვნელოვანი ზრდაც. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარზე და პროფესიაში ყველაფერი კარგადაა.

კოლეგებს, რომლებსაც პერიოდულად ვესაუბრები ხოლმე და რომლებთანაც დროდადრო განვიხილავთ პროფესიაში მიმდინარე ამბებს, ყველაზე მეტად სამართლიანობისა და ერთგვარი პროპორციულობის საკითხები აწუხებთ. ძალიან დეტალურად ყველა საკითხს ამ პატარა ტექსტში ალბათ ვერ განვიხილავთ, მაგრამ, მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ რეფორმის, და, შესაბამისად, ხარისხის კონტროლის დაწყებიდან წელს ზაფხულში უკვე ხუთი წელი გადის და ამ დროს ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ფირმა, რომელთაც ხარისხის კონტროლი არ გაუვლია და, შესაბამისად, მათ ჯერ კიდევ აქვთ უფლება, ნებისმიერი ზომის საწარმოს აუდიტი განახორციელონ, მათ შორის – ყველაზე მსხვილი საწარმოებისაც (გარდა „სდპ“-ებისა). აქ უსამართლობა ისაა, რომ ზოგიერთ აუდიტორულ ფირმაში შემოწმება უკვე ორჯერ თუ სამჯერ ჩატარდა, შემოწმებების შედეგად ზოგიერთ ფირმას, მსხვილს თუ შედარებით მცირეს, რაღაც შეზღუდვები დაუწესდათ, ამდენად, ყველა კატეგორიის საწარმოს აუდიტის უფლება აღარ აქვთ და, შესაბამისად, შეზღუდული აქვთ ბაზარი, პარალელურად კი არიან ფირმები, რომლებსაც შემოწმება არ გაუვლიათ და ამიტომ ყველანაირი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ ყველა ზომის საწარმოს აუდიტის ჩატარება. და რეალურად არის ფაქტები, როცა, ჩვენი გადმოსახედიდან, არაადეკვატურად მცირე ზომის აუდიტორულ ფირმებს შემოწმებული აქვთ არაადეკვატურად დიდი საწარმოები. იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი, ხარისხის კონტროლის საკითხი, დროსთან ერთად ამოიწურება, თუმცა ძალიან სასურველია, რომ ამ მხრივ სიტუაცია რაც შეიძლება მალე დარეგულირდეს, რომ აღარ იყოს უსამართლობისა და არათანაბარი თამაშის წესების განცდა.

ამავე დროს, წელს უკვე ბევრი შედარებით მცირე ზომის აუდიტორული ფირმის პარტნიორებისგან ისმის უკმაყოფილება შემოწმებების ზედმეტ სიმკაცრესთან დაკავშირებით. ისინი აღნიშნავენ, რომ მცირე აუდიტორული ფირმების ხარისხიც ისეთივე მკაცრი კრიტერიუმებით მოწმდება და ფასდება, როგორითაც მსხვილი, საერთაშორისო ქსელის წევრი „დიდი“ აუდიტორული ფირმებისა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამავე დროს არცთუ მარტივი და ცალსახა საკითხია. ერთი მხრივ, თითქოს გასაგებია, რომ „მცირე“ აუდიტორულ ფირმას ბუნებრივად აქვს შეზღუდული ხარისხის უზრუნველყოფის გარკვეული ინსტრუმენტები, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის ფირმაში ცალკე დამოუკიდებელი პარტნიორის არსებობა, რომელიც მხოლოდ ჩატარებული აუდიტების ხარისხს გადაამოწმებს და თვითონ უშუალოდ არ იქნება ჩართული აუდიტორულ გარიგებებში, ან ერთი პარტნიორის მიერ შესრულებული სამუშაოს გადახედვა მეორე პარტნიორის მიერ, ან აუდიტის სამუშაო ჯგუფებში რამდენიმესაფეხურიანი იერარქიის ქონა (პარტნიორი, მენეჯერი, უფროსი აუდიტორი, უმცროსი აუდიტორები) და სხვა ბევრი, რასაც აღარ ჩამოვთვლი.

დიახ, არსებობს და გასაგებია ეს ბუნებრივი შეზღუდვები. სწორედ ამიტომ არსებობს ისეთი ცნებაც ჩვენს პროფესიაში, როგორიც არის „მცირე და საშუალო პრაქტიკა“. ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოებიც ხორციელდება, გამოიცემა და ითარგმნება სხვადასხვა სახელმძღვანელო, მეთოდური მითითებები. 2020 წელს დაიწყო ვებინარების სერია, რომელიც მსოფლიო ბანკმა მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების (SMP) მხარდასაჭერად შეიმუშავა. ვებინარების სპეციალური სერია 2021 წელსაც დაგეგმილია. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არსებობს განსხვავებები „მცირე და საშუალო აუდიტორულ ფირმებსა“ და მსხვილ საერთაშორისო ქსელების წევრ ფირმებს შორის. შესაბამისად, თითქოს ბუნებრივია, რომ არსებობდეს განსხვავებაც „მცირე და საშუალო“ ფირმების შიდა კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების შეფასებასა და „დიდი“ აუდიტორული კომპანიების ხარისხის შეფასების „სიმკაცრის“ დონეში. მაგრამ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი „მაგრამ“ არის – ის ფაქტი, რომ მცირე ფირმას არა აქვს სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფისათვის საკმარისი მექანიზმები (და ამიტომ მისი შემოწმებისას სხვა მიდგომები უნდა იქნას გამოყენებული), სულაც არ ნიშნავს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ აუდიტის ნაკლებად ხარისხიანად ჩატარების უფლება. აქ მივდივართ სწორედ პროპორციულობის საკითხთან – თუკი ვაღიარებთ, რომ მცირე ფირმებს არ ჰყავთ მრავალი პარტნიორი ერთმანეთის მიერ შესრულებული სამუშაოების დამოუკიდებლად გადასამოწმებლად, არ ჰყავთ დიდი რაოდენობის პერსონალი აუდიტის ჯგუფებში საკმარისი იერარქიის უზრუნველსაყოფად, არა აქვთ წვდომა, ან ნაკლები წვდომა აქვთ გარე პროფესიულ კონსულტაციებზე, მაშინ ამით ბუნებრივად ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ ფირმას, „მცირე“ ფირმას, რეალურად, ბუნებრივად, არ შეუძლია მსხვილი კლიენტი კომპანიის აუდიტის სათანადო ხარისხით ჩატარება. მარტივი დასანახია, რომ ხუთი თანამშრომლისგან შემდგარ აუდიტორულ ფირმას არ შეუძლია 500-მილიონიანი გაყიდვების მქონე, 17 ცალკეული კომპონენტისგან შემდგარი, 11 სხვადასხვა ბიზნესმიმართულების მქონე ჰორიზონტალურად ინტეგრირებული სამრეწველო- სავაჭრო ჯგუფის აუდიტის სათანადო ხარისხით ჩატარება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ან ყველამ ერთნაირად უნდა უზრუნველყოს ხარისხი და ყველა ერთნაირად შემოწმდეს, ან, თუ ვიღაცას შეღავათს გავუწევთ ხარისხის კონტროლის მხრივ, მაშინ ის თანახმა უნდა იყოს იმაზეც, რომ შეეზღუდოს გარკვეული ზომის ზემოთ კლიენტებთან აუდიტის ჩატარების შესაძლებლობა. იქნება ამაზე თანახმა მცირე და საშუალო ფირმებიდან ყველა? ან მათი უმრავლესობა? არ ვიცი. საეჭვოა. ნებისმიერ შემთხვევაში, დისკუსიის საგანია.

კიდევ ერთი თემა, რაც ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანია, ეს არის „სდპ“-კატეგორიის განსაზღვრა. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აუდიტორებისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის, ამ ტერმინის შინაარსიდან გამომდინარე – საზოგადოებრივი დაინტერესების პირი. დღევანდელი მდგომარეობით „სდპ“-კატეგორია მოიცავს ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებებს და ამას ემატება რამდენიმე საწარმო, რომელთაც კატეგორია სამსახურის მიერ აქვთ მინიჭებული გარკვეული შეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე. მე ვფიქრობ, და ამაში რამდენიმე წამყვანი აუდიტორული ფირმის მმართველი პარტნიორიც მეთანხმება, რომ ალბათ საჭიროა „სდპ“- კატეგორია მიენიჭოს ისეთი სფეროების კომპანიებს, რომლებიც მართლა ახდენენ გავლენას საზოგადოების დიდ ნაწილზე. მაგალითად, „სდპ“-დ ჩაითვალონ ისინი, ვინც დეპოზიტად/ავანსად იღებს მნიშვნელოვან თანხებს მნიშვნელოვანი რაოდენობის კლიენტებისგან; აგრეთვე ის კომპანიები, რომლებსაც ბაზარზე მონოპოლიური ან მსგავსი/დომინანტური მდგომარეობა აქვთ; ის კომპანიებიც, ვისაც, ვთქვათ, 1000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ მათი პრობლემები 1000-ზე მეტ ოჯახზე პირდაპირ აისახება და შემდეგ კი მოქალაქეთა ბევრად დიდ რაოდენობას „გადაედება“ (ან იგივე ე.წ. „ქალაქწარმომქმნელი“ საწარმოები).

მეორე მხრივ, ჩემთვის და ზოგიერთი ჩემი კოლეგისთვის არ არის ნათელი, რატომ უნდა იყვნენ „სდპ“-დ კლასიფიცირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ისინი ხომ არ იღებენ დეპოზიტებს? არ მართავენ „სხვის“ ფულს? პირიქით, იქით გასცემენ ფულს სესხად. თანაც ისინი ისედაც ეროვნული ბანკის გარკვეულ რეგულაციებს ექვემდებარებიან. რა მოხდება, თუ, მაგალითად, რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაკოტრდება? ვინმე დეპოზიტებს ან საპენსიო დანაზოგებს დაკარგავს? მეანაბრეების არმია აღშფოთდება? სავარაუდოდ, არა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ანაბრებს არ იღებს, შესაბამისად, მეანაბრეებიც არ ეყოლება. გაკოტრება, რა თქმა უნდა, ცუდი იქნება. ცუდი იქნება ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მფლობელისთვის, მენეჯმენტისთვის, თანამშრომლებისათვის, მათი ოჯახებისთვის, მაგრამ საზოგადოებაზე ამას არ ექნება იმაზე მეტი გავლენა, ვიდრე ნებისმიერი სხვა, შესადარისი ზომის, შპს-ის გაკოტრებას ექნებოდა (ხაზს ვუსვამ – აქ ვსაუბრობ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე – მათზე, ვინც არ იღებს დეპოზიტებს). მოკლედ, ამ მიმართულებითაც ალბათ საფიქრალია კიდევ.

თუ მართლა იმ მიმართულებით წავა რეგულაციები, რომ გაჩნდება რეალური რეგულატორული დაყოფა მცირე და საშუალო აუდიტორულ ფირმებსა და დიდ ფირმებს შორის, თუ გაჩნდება დიფერენცირება, ერთი მხრივ, მათი საქმიანობის კონტროლსა და, მეორე მხრივ, მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს შორის, მაშინ შესაძლოა, წმინდად აუდიტის ბაზარი მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმებისათვის რეალურად შემცირდეს და ეს ალბათ არ იქნება სასიამოვნო ამ ფირმებისათვის. თუმცა, ვფიქრობ, არსებობს ამ პირობებშიც გამოსავალი და, მგონია, სწორი გამოსავალი – რომ გაიზარდოს ფინანსური ანგარიშგების კომპილაციის სერვისების ბაზარი. კომპილაციის სერვისი ნიშნავს კლიენტი კომპანიისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში დახმარებას – დახმარებას, რომ მათი ანგარიშგება რეალურად შეესაბამებოდეს სათანადო სააღრიცხვო სტანდარტებს – იქნება ეს „სრული ფასს“ თუ „მსს სს“, თუ სხვა. მცირე და საშუალო აუდიტორულ ფირმებს ალბათ შეუძლიათ, აქცენტი გააკეთონ ამ სერვისზე, რომელიც სჭირდება ყველა ზომის კომპანიას და ალბათ განსაკუთრებით საჭიროა მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის, რომლებსაც კანონმდებლობით აუდიტი არც სჭირდებათ, არ მოეთხოვებათ და თან დღევანდელი მდგომარეობით მაინც ჯერ კიდევ მათ უმრავლესობას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის საკმარისად კვალიფიციური ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტები, რომლებიც სრულად მოახერხებდნენ შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ანგარიშგების სრული პაკეტის მომზადებას. გასათვალისწინებელია, რომ მესამე კატეგორიის საწარმოთა რაოდენობა დაახლოებით 5-ჯერ მეტია, ვიდრე პირველი და მეორე კატეგორიებისა და „სდპ“-საწარმოების რაოდენობა ჯამურად, ერთობლივად. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით წასვლა სწორი იქნებოდა. ეს უბრალოდ ერთი ვარაუდია, საით შეიძლება განვითარდნენ მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმები, თუკი მართლა ვყოფთ მათ „დიდი“ ფირმებისაგან რეგულატორულად და ხარისხის კონტროლის განსხვავებულ მოთხოვნებს ვუყენებთ. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია შესაძლო განვითარებისა და რეალურად ბევრი სხვა რამ შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ასეთი ფირმების შერწყმა/ გაერთიანება დაიწყოს და სხვა.

თუმცა, ვფიქრობ, არის მეორე გზაც, რომელიც დღეს შესაძლოა, უფრო რადიკალური ჩანდეს და რაშიც შესაძლოა, ბევრი კოლეგა არ დამეთანხმოს, მაგრამ მაინც განსახილველი გზაა, ჩემი აზრით. ეს არის გზა, რომ საერთოდ დავანებოთ თავი იმ აუდიტორული ფირმების კონტროლს, რომლებიც არ ატარებენ საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა აუდიტს, ანუ საერთოდ დავანებოთ თავი „არა-სდპ-აუდიტორების“ ხარისხის სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს. რა მიზანი აქვს სახელმწიფოს ასეთი აუდიტორული ფირმების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლისას? ეს ფირმები ხომ, განმარტებიდანვე ნათელია, არ ეხებიან ისეთ საწარმოებს, რომლებიც „საზოგადოებრივ დაინტერესებას“ იწვევენ. „არა-სდ-აუდიტორები“ ხომ მხოლოდ იმ საწარმოების აუდიტს ატარებენ, რომლებიც სახელმწიფოსვე ხედვით და კლასიფიკაციით არ ახდენენ საზოგადოებაზე გავლენას, ანუ იგულისხმება, რომ მათი შესაძლო პრობლემები ფინანსური ანგარიშგების არასწორობის შედეგად ვერ იქნება ისეთი, რომ ამან საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს, რომ ამან საზოგადოების დაინტერესება გამოიწვიოს (წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „სდპ“-დ კლასიფიცირებული იქნებოდნენ). მაშინ რას „ვერჩით“ მათ აუდიტორებს? რატომ ვატარებთ მათი სამუშაოს ხარისხის კონტროლს და რატომ ვუზღუდავთ რაღაც უფლებებს? ან რატომ ვხარჯავთ მათი ხარისხის კონტროლზე ისედაც შეზღუდულ რესურსებს? მოდი, მივანდოთ ეს გადაწყვეტილებები თვითონ ბიზნესს. გადაწყვეტს ბიზნესი თავისით, რომელი აუდიტორი მოსწონს და რომელი არა. და, თუ ეს ბიზნესი არ არის „სდპ“, მაშინ რატომ ვზღუდავთ ბიზნესს არჩევანში? ასე რომ, ესეც ერთი გზაა, და შესაძლოა, უფრო სწორი გზაც – ხარისხის რეგულირება შეეხოს მხოლოდ „სდპ-აუდიტორებს“. თუ მაინც რჩება შიში, რომ ამით რამე არ გაფუჭდეს, რომელიღაც საწარმოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პრობლემებმა რაღაც მნიშვნელოვანი გავლენა მაინც არ მოახდინოს საზოგადოებაზე, მაშინ ამ რისკის დაფარვის სწორი გზა სწორედ ისაა, რაც ზემოთ ვახსენეთ – გადაიხედოს „სდპ“-ს განმარტებები და ყველა ასეთი „სარისკო“ თუ „სახიფათო“ ბიზნესის ტიპი, სექტორი თუ კონკრეტული საწარმო/კომპანია ჩაირთოს „სდპ“ სიაში, რომელთა აუდიტსაც მკაცრად რეგულირებადი „სდპ-აუდიტორები“ განახორციელებენ.

აქვე, ჩემი აზრით, ლოგიკურია გადასვლა შემდეგ საკითხზე – რა რეალური მიზეზი, მიზანი თუ დანიშნულება აქვს აუდიტორული ფირმების კლასიფიკაციაში „პირველ“ და „მეორე“ კატეგორიებს, თუკი ამ კატეგორიის აუდიტორულ ფირმებს არსებული კანონმდებლობით და რეგულაციებით სრულიად ერთნაირი უფლებები აქვთ – „პირველებსაც“ და „მეორეებსაც“ შეუძლიათ „სდპ“-თა ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება, „პირველებსაც“ და „მეორეებსაც“ შეუძლიათ ნებისმიერი ზომითი კატეგორიის საწარმოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება. მოკლედ, განსხვავება მათ უფლებამოსილებებში არ არსებობს. მაშინ რატომაა კატეგორიების დასახელებები დაყოფილი? ასეთი დაყოფა რეალურად მხოლოდ მარკეტინგისთვის თუ გამოადგებათ „პირველებს“, რათა განაცხადონ, რომ მათი ხარისხი ყველას ხარისხს სჯობია, მაგრამ რეგულაციების მიზანი კონკრეტული ფირმებისთვის მარკეტინგში დახმარება ხომ არ უნდა იყოს, ალბათ? იქნებ უნდა ვიფიქროთ ამ ორი კატეგორიის გაერთიანებაზე? ან ავხსნათ მიზეზი, რატომ ვყოფთ. ვფიქრობ, ეს საკითხიც ავტომატურად მოიხსნება, თუკი აუდიტის რეგულირება მხოლოდ „სდპ-აუდიტორებს“ შეეხებათ. მაშინ მხოლოდ ორი კატეგორია დარჩება: „სდპ-აუდიტორი“ და „არა-სდპ- აუდიტორი“ და ეს საკითხიც მოხსნილი იქნება.

და ერთი საკითხიც, რაც ასევე მგონია, რომ არ შემოიფარგლება მხოლოდ აუდიტორების ინეტერესებით, არის აუდიტის მოთხოვნისას საწარმოების მიერ სწორი ტექნიკური დავალებების მოცემა, ისეთი ტექნიკური დავალებების ჩამოყალიბება, რომლებიც არ შეეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და პროფესიული ეთიკის მოთხოვნებს. აქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ტენდერებს ვგულისხმობ. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ტენდერების გამოცხადებისას შემსყიდველები, ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან ერთად, ითხოვენ სხვა მომსახურებებსაც, რომლებიც პირდაპირ კონფლიქტშია აუდიტთან – მაგალითად, ქონების შეფასებას. ძალიან მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, ამის ყველაზე მარტივი გადაწყვეტა იქნებოდა ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურებაზე ტენდერების ცალკე გამოცხადება, სხვა მომსახურებებთან „შერევის“ გარეშე. და აი, ამაში გვგონია, რომ SARAS-ის როლი უფრო მეტი უნდა იყოს. ვფიქრობთ, SARAS-მა უნდა შეიმუშაოს სტანდარტული ტექნიკური დავალება ფინანსური ანგარიშგების აუდიტისთვის, რაც სავალდებულო უნდა იყოს ასეთ მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადებისას. და ამ საკითხში, ტექნიკური დავალების შემუშავებაში, ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ სამსახურს, თუმცა აქ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დახმარება ნამდვილად არ დასჭირდებათ, ძალიან კარგად ესმით ეს პრობლემა თვითონაც და ტექნიკური დავალების დაწერაც საუკეთესოდ შეუძლიათ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგად გვესმის, რომ აქ სხვა, საკანონმდებლო, იურიდიული და პროცედურული საკითხებია შემაფერხებელი და არა ToR-ის დაწერის სირთულე, მაგრამ ამ მიმართულებითაც სრული მხარდაჭერა ექნება SARAS-ს ჩვენგან.

რომ შევაჯამოთ ზემოთ განხილული საკითხები:

  1. 2020 წლის ხარისხის მონიტორინგის პროცედურები იყო უფრო დეტალური და ღრმა, რაც, ბუნებრივია, მოსალოდნელიც იყო და ალბათ სწორიცაა. თუმცა, მეორე მხრივ, შემოწმებების დეტალურობა არ უნდა ნიშნავდეს მათ დროში ზედმეტად გაწელვას, როგორც ეს ამჯერად მოხდა და რაც აშკარად გამოსწორებას მოითხოვს;
  2. არის გარკვეული უკმაყოფილება შემოწმებების სიმკაცრესთან დაკავშირებით, უფრო მეტად მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების მხრიდან, რასაც შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული საფუძველი და შესაძლოა, ეს იყოს „ტრიგერი“ იმისთვის, რომ დავიწყოთ ფიქრი რეგულატორული დიფერენცირებისთვის „დიდ“ და „მცირე და საშუალო აუდიტორულ ფირმებს“ შორის. თუმცა ეს ძალიან სენსიტიური და საფრთხილო საკითხია და ძალიან, ძალიან ბევრ ტექნიკურ საკითხს და დეტალს გადავაწყდებით, თუ აქეთ რეალურად ნაბიჯების გადადგმას გადავწყვეტთ;
  3. ალბათ საჭიროა, გადაიხედოს საზოგადოებრივი დაინტერესების პირად კომპანიის კლასიფიკაციაში რაღაც დეტალები და „სდპ“-კატეგორიას შესაძლოა დაემატოს გარკვეული მახასიათებლების მქონე საწარმოები, რომელთაც მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე;
  4. შესაძლოა, დასაფიქრებელი იყოს აუდიტის ხარისხის სახელმწიფო რეგულაციებისგან „არა-სდპ-აუდიტორების“ სრულად, ან მნიშვნელოვნად განთავისუფლება. და შესაძლოა, ამ ნაბიჯამდე, სწორედ წინა პუნქტში ნახსენები „სდპ“-დ კლასიფიკაციის საკითხები დაზუსტდეს, რაც აუდიტორთა ნაწილის დერეგულირების შესაძლო რისკებსა და შიშებს საგრძნობლად შეამცირებდა;
  5. საჭიროა სახელმწიფო საწარმოებისათვის დახმარება, რომ მათ სწორი, აუდიტორთა ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები ჰქონდეთ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ტენდერებში. ალბათ ყველაზე სწრაფად გადასაწყვეტი აქ ის იქნებოდა, რომ ფინანსური ანგარიშგებების აუდიტზე ტენდერები გამოცხადდეს ცალკე, სხვა მომსახურებებთან არევის გარეშე.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *