კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მივლინებები და ტურიზმი, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, ადამიანთა დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა. საერთაშორისო მოგზაურობების აღდგენის სწრაფი ტემპის ფონზე საინტერესოა, თუ რომელ ავიაკომპანიებს ანიჭებენ უპირატესობას თავად მგზავრები.
Skytrax World Airline Awards 2022-ზე საუკეთესო ავიაკომპანიად Qatar Airways-ი დასახელდა, ხოლო Singapore Airlines-მა და Emirates-მა, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს. მიმდინარე წლის რეიტინგში საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენებს აზია-წყნარი ოკეანის ავიაკომპანიებმაც, საიდანაც იაპონური All Nippon Airways-ი და ავსტრალიის Qantas Airways-ი პირველ ხუთეულში მოხვდნენ, თუმცა ჰონგ-კონგში დაფუძნებულმა Cathay Pacific-მა გასული წლის მეექვსე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.
„Qatar Airways-ი უდიდესი ავიაკომპანიაა, რომელსაც ფრენები კოვიდპანდემიის პერიოდშიც არ შეუჩერებია, ავიახაზების ქსელი კი ყოველთვის, მინიმუმ, ოცდაათ მიმართულებას აერთიანებს“, – განაცხადა კომპანია Skytrax-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედვარდ პლაისტედმა პრესრელიზში.
აღსანიშნავია, რომ Skytrax World Airline Awards-ზე საუკეთესო ავიაკომპანია თითოეული კლასის კატეგორიისთვის დასახელდა. პირველი კლასის ავიაკომპანიების რეიტინგის ლიდერი Singapore Airlines-ი აღმოჩნდა, მაშინ როდესაც ბიზნეს-კლასიდან საუკეთესოდ Qatar-ი დასახელდა. რაც შეეხება პრემიუმ-ეკონომ და საუკეთესო ეკონომ-კლასის ავიახაზებს, აქ რეიტინგის პირველობა, შესაბამისად, Virgin Atlantic Airways-მა და Emirates-მა მოიპოვეს.
Skytrax-მა მსოფლიო ავიახაზების რეიტინგი მომხმარებელთა ონლაინგამოკითხვის საშუალებით შეადგინა. კომპანიამ კვლევა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, იაპონურ და ჩინურ ენებზე. საბოლოო შედეგებმა 350-ზე მეტი ავიაკომპანია მოიცვა.
Skytrax World Airline Awards-ის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- Qatar Airways
- Singapore Airlines
- Emirates
- All Nippon Airways (ANA)
- Qantas Airways
- Japan Airlines
- Turk Hava Yollari (Turkish Airlines)
- Air France
- Korean Air
- Swiss International Air Lines