რუსეთის მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმში მონაწილე უკრაინელებს ღალატის ბრალდებით, პატიმრობა ემუქრებათ

რუსეთის მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმში მონაწილე უკრაინელებს ღალატის ბრალდებით, პატიმრობა ემუქრებათ

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, უკრაინელებს, რომლებიც ტერიტორიის ანექსიის მოტივით რუსეთის მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებენ, ღალატის ბრალდებით მინიმუმ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ოთხ რეგიონში ხმის მიცემის ბოლო დღეა.

„ჩვენ გვაქვს იმ ადამიანთა სია, რომლებიც რაიმე ფორმით რეფერენდუმის პროცესში ჩართულნი იყვნენ“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა შვეიცარიულ გაზეთ Blick-თან და დასძინა, რომ საუბარია ასობით პირზე, რომელთაც ღალატის ბრალდებით მინიმუმ ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

აღსანიშნავია, რომ იმ უკრაინელებს, რომლებსაც ხმის მიცემა აიძულეს, სასჯელი არ ემუქრებათ. უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობისთვის საარჩევნო ყუთები მოსახლეობასთან კარდაკარ მიჰქონდათ და მათ რუსეთის სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებდნენ.

მოსკოვის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიების ანექსიაა, რაც უკრაინის დაახლოებით 15%-ს შეადგენს. ცნობისთვის, არცერთი რეგიონი, რომელშიც რეფერენდუმი ტარდება, მოსკოვის სრული კონტროლის ქვეშ არ არის. ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფარული მუქარაც კი გააჟღერა, რუსული მიწის დასაცავად ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან შეერთებისთვის ხმის მიცემა რეგიონებში პარასკევს დაიწყო და, წესით, სამშაბათს უნდა დასრულდეს. რუსეთის პრეზიდენტმა კი შესაძლოა, ტერიტორიების ანექსია რამდენიმე დღეშიც დაამტკიცოს. კენჭისყრას, რომელიც სამხედრო ოკუპაციის ქვეშ, გარე ზედამხედველობის გარეშე ჩატარდება, კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები არ აღიარებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *