ფოტო: AFP/Getty Images
სმარტფონების ბაზარმა ბოლო ათწლეულში დიდი ზრდა განიცადა. 15 წლის წინ სმარტფონების ათვისების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა დღეს სხვაგვარი ვითარებაა. 15 წლის წინანდელ გლობალურ ბაზარზე ბრენდების გავრცელების თვალსაზრისითაც. განსხვავებული მდგომარეობა იყო – ბაზარზე Nokia, Blackberry და HTC დომინირებდნენ.
სტატიაში წარმოგიდგენთ სმარტფონების ბაზრის ლიდერი ბრენდების რეიტინგს და მათ შედარებას 2010 და 2025 წლების მიხედვით. მონაცემები IDC-ის გლობალური კვლევიდანაა აღებული. 2025 წლის მონაცემები საბოლოოდ დასაზუსტებელი და მიახლოებითია.
2010 წელს ახალი სმარტფონების გლობალური გაყიდვები 302.6 მილიონ ერთეულს შეადგენდა. 2025 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 4-ჯერ – 1.26 მილიარდ ერთეულამდე – გაიზარდა.
2010 წლის საუკეთესო ხუთეულიდან დღემდე მხოლოდ ორი კომპანია – Apple–ი და Samsung–ი ინარჩუნებს ხუთეულის რეიტინგში ადგილს. ამ პერიოდში Apple-მა მესამედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა, Samsung-მა კი მეოთხედან – მეორეზე.
მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი მიწოდების მაჩვენებელიც. Apple-ის მაჩვენებელი 2010 წლის 47.5 მილიონი სმარტფონიდან 2025 წელს 247.8 მილიონამდე გაიზარდა, Samsung-ის შემთხვევაში კი – 23 მილიონიდან 241.2 მილიონამდე.
როგორც გასული ათწლეულის სმარტფონების წარმოების მონაცემები აჩვენებს, ორივე კომპანია ლიდერთა შორის დარჩა მაშინაც კი, როდესაც მათ გარშემო კონკურენტული გარემო შეიცვალა.
განსაკუთრებით თვალშისაცემია კონტრასტი Nokia-სთან. ფინურ კომპანიას 2010 წელს სმარტფონების ბაზრის 33,1% ეკავა, თუმცა დღეს ის მსოფლიოს ხუთ უმსხვილეს მიმწოდებელს შორის აღარ ფიგურირებს.
2010 წელს სმარტფონების მწარმოებელ მსოფლიოს ხუთ უმსხვილეს კომპანიას შორის არცერთი ჩინური ფირმა არ ყოფილა. 2025 წლისთვის კი Xiaomi-მ, vivo-მ და OPPO-მ მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს და ჯამში მსოფლიო მიწოდების 29,4% შეადგინეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია Xiaomi-ს განვითარების გზა. კომპანია 2010 წელს დაარსდა, ხოლო პირველი სმარტფონი 2011 წელს გამოუშვა. 2025 წლისთვის მან მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა 165,3 მილიონი მიწოდებული ერთეულითა და ბაზრის 13,1%-იანი წილით.
2010 წელს ხუთ ლიდერ კომპანიაზე მსოფლიო მიწოდების 79,6% მოდიოდა. 2025 წელს კი მათი საერთო წილი 68,2%-მდე შემცირდა.
ამავდროულად, კატეგორია „სხვა“ 61,7 მილიონი სმარტფონიდან 400 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გლობალურ მიწოდებაში მისი წილი 20,4%-დან 31,7%-მდე აწია. სმარტფონების ბაზარი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2010 წელს იყო, ამასთანავე, მიწოდებული პროდუქციის უფრო დიდი წილი ახლა ხუთი უმსხვილესი მიმწოდებლის მიღმა არსებულ კომპანიებზეც მოდის.
სმარტფონების გლობალური ბაზრის მდგომარეობა 2010 წელს:
| რეიტინგი | კომპანია | მიწოდება (ერთეული) | ბაზრის წილი |
| 1 | Nokia | 100.2 მილიონი | 33.1% |
| 2 | RIM (BlackBerry) | 48.7 მილიონი | 16.1% |
| 3 | Apple | 47.5 მილიონი | 15.7% |
| 4 | Samsung | 23.0 მილიონი | 7.6% |
| 5 | HTC | 21.5 მილიონი | 7.1% |
სმარტფონების გლობალური ბაზრის მდგომარეობა 2025 წელს:
| რეიტინგი | კომპანია | მიწოდება (ერთეული) | ბაზრის წილი |
| 1 | Apple | 247.8 მილიონი | 19.7% |
| 2 | Samsung | 241.2 მილიონი | 19.1% |
| 3 | Xiaomi | 165.3 მილიონი | 13.1% |
| 4 | vivo | 103.9 მილიონი | 8.2% |
| 5 | OPPO | 102.0 მილიონი | 8.1% |

















