ამერიკელი რეპერი და ანტრეპრენიორი, Snoop Dogg-ი Death Row Records-ს ყიდულობს – ცნობისთვის, რეპერის მუსიკალური კარიერა სწორედ ამ ლეიბლთან თანამშრომლობით, ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო, სადებიუტო ალბომით „Doggystyle“.
„ძალიან მოხარული და მადლობელი ვარ, რომ ასეთი საკულტო და კულტურულად მნიშვნელოვანი ბრენდის, Death Row Records-ის შეძენა შევძელი – მას უსაზღვრო პოტენციალი აქვს, – განაცხადა Snoop Dogg-მა. – სასიამოვნოა, რომ იმ ლეიბლს ვფლობ, რომლის ნაწილი და ერთ-ერთი პირველი წევრი ვიყავი, კარიერის დასაწყისში“.
Death Row Records-ი 1992 წელს დაარსდა და Snoop Dogg-ი ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი იყო, რომელთანაც ლეიბლმა კოლაბორაცია დაიწყო. პირველად Snoop Dogg-ი ლეგენდარული ჯგუფის, NWA-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, Dr. Dre-ს ალბომში მოხვდა, სახელწოდებით „The Chronic“. მას მერე, რაც ამ ალბომმა მრავალი პლატფორმა დაიპყრო, Death Row Records-ის წარმატება გარანტირებული იყო.
უსაზღვრო პოპულარობის მიუხედავად, Snoop Dogg-ისა და Death Row Record-ის გზები 1998 წელს გაიყარა – ურთიერთობის გაწყვეტის ოფიციალურ მიზეზად ლეიბლის მხრიდან ჰონორარების არასწორი მართვა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ Snoop Dogg-ის წასვლას სხვა ფაქტორებიც დაემთხვა, მათ შორის ლეგენდარული რეპერის, თუფაკ შაკურის მკვლელობა, ლეიბლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რეპერ სუჯ ნაიტის დაპატიმრება და ლეიბლიდან Dr. Dre-ს წასვლა – 1990-იანების ბოლოს მომხდარმა ამ ამბებმა Death Row Records-ის პოპულარობა შეარყია.
2006 წელს ლეიბლი ბანკროტად გამოცხადდა და სამი წლის შემდეგ აუქციონზე გაიყიდა – ლეიბლი $18 მილიონად WIDEawake Entertainment-მა შეიძინა. 2012 წელს ლეიბლის ახალი მესაკუთრეც ბანკროტად გამოცხადდა და Death Row Records-ი Entertainment One-მა შეიძინა, ხოლო მოგვიანებით ის The Blackstone Group-ის მფლობელობაში გადავიდა.