SOCAR-მა Italiana Petroli-ის შეძენის პროცესი დაასრულა

SOCAR-მა Italiana Petroli-ის შეძენის პროცესი დაასრულა

მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო მარეგულირებელი თანხმობა მიიღო, SOCAR-მა  API Holding-ისგან Italiana Petroli-ის (IP) აქციების 99.82%-ის უკვე ოფიციალურად შეიძინა. აღნიშნული გარიგება SOCAR-ის გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ენერგეტიკული ჯაჭვის გაფართოებასა და ევროპულ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას.

Italiana Petroli, რომლის ისტორია იტალიის ბაზარზე 90 წელზე მეტს ითვლის, ქვეყნის ტრანსპორტის სექტორსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია აერთიანებს ფართო ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ნავთობბაზებსა და დაახლოებით 4,600 ავტოგასამართ სადგურს. ამ გარიგების შედეგად, IP SOCAR-ის საერთაშორისო პორტფელის ნაწილი გახდა, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს SOCAR-ის მნიშვნელობას ევროპაში.

იტალია SOCAR-ისთვის ევროკავშირის ფარგლებში პირველი ბაზარი არ არის. კომპანია უკვე წარმატებით ოპერირებს შვეიცარიაში, ავსტრიასა და რუმინეთში. ევროკავშირის მიღმა კი SOCAR-ი წარმოდგენილია მეზობელ რეგიონულ ბაზრებზე, მათ შორის თურქეთსა და უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ 20 წლის წინ საქართველო გახდა პირველი საერთაშორისო ბაზარი, სადაც SOCAR-მა თავისი საქმიანობა გააფართოვა და ამით საფუძველი ჩაუყარა კომპანიის საერთაშორისო განვითარებას.

იტალიას SOCAR-ისთვის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. SOCAR-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით იტალიისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. ამასთან, სამხრეთის გაზის დერეფანის საშუალებით კომპანია ხელს უწყობს ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციას. აქედან გამომდინარე, IP-ის შეძენა კიდევ უფრო ამყარებს აზერბაიჯანსა და იტალიას შორის არსებულ ხანგრძლივ ენერგეტიკულ თანამშრომლობას.

იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში SOCAR-ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა შეხვედრები გამართა იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრ ჯილბერტო პიკეტო ფრატინთან და იტალიის საწარმოებისა და „Made in Italy“-ის მინისტრ ადოლფო ურსოსთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები, SOCAR-ის მიმდინარე საქმიანობა იტალიაში და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობები.

როვშან ნაჯაფი ასევე დაესწრო რომში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ოფიციალურ მიღებას, რომელიც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს – 28 მაისს მიეძღვნა. ღონისძიებაზე გაიმართა SOCAR Italia-ს ოფიციალური პრეზენტაცია, რაც SOCAR-ის იტალიურ ბაზარზე საქმიანობის ახალ ეტაპის დასაწყისია.

SOCAR-ი გრძელვადიანი ინვესტიციებით, საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებითა და მომხმარებლებზე, პარტნიორებსა და თანამშრომლებზე ორიენტირებული მიდგომით IP-ის საბაზრო პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

S