SoftBank-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

SoftBank-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ოთხშაბათის მონაცემებით, იაპონური საფინანსო ორგანიზაცია SoftBank-ის აქციების ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფირმის მიმართ ინვესტორთა ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც SoftBank-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მასაიოში სონმა ხელოვნური ინტელექტისა და ჩიპების კომპანიებში ინვესტიციების მკვეთრი ზრდა დააანონსა.

ოთხშაბათის მონაცემებით, ტოკიოს საფონდო ბირჟაზე რეგულარულ ვაჭრობაში SoftBank Group-ის აქციები ფასი 1.5%-ით გაიზარდა. ბაზრის დახურვისთვის, კომპანიის თითო აქცია დაახლოებით $66-ით ივაჭრებოდა, რაც საინვესტიციო კომპანიისთვის ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ანალიტიკოსთა ნაწილი SoftBank-ის ზრდას Nikkei 225-ის საორიენტაციო ინდექსის შედეგების გაუმჯობესებას უკავშირებს. თუმცა მათი ნაწილი ამ ფაქტს ნახევარგამტარებსა და ხელოვნურ ინტელექტში დაფინანსების ზრდაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს, რამაც SoftBank-ის მიმართ ინვესტორთა ინტერესიც გააძლიერა.

SoftBank-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მასაიოში სონმა გასულ თვეში ინვესტორებს კომპანიის ახალი სტრატეგიული გეგმა წარუდგინა. სამომავლო გეგმით, იაპონური საფინანსო ორგანიზაცია რამდენიმე ძირითად სექტორზე იქნება ფოკუსირებული, მათ შორისაა: AI-ჩიპები, რობოტიკა, ავტონომიური მართვის სისტემები და მონაცემთა ცენტრები.

Forbes-ის მონაცემებით, SoftBank-ის დამფუძნებლის, მასაიოში სონის ქონება $35.5 მილიარდს შეადენს. შედეგად, ბიზნესმენი მსოფლიოს 47-ე და იაპონიის მეორე უმდიდრესი ადამიანია.