SpaceX-ის შეფასება $137 მილიარდამდე გაიზარდა

SpaceX-ის შეფასება $137 მილიარდამდე გაიზარდა

კოსმოსური რაკეტებისა და სატელიტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის შეფასება 137 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გასულ კვირას კომპანიამ დამატებით 750 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, SpaceX-ის თითოეული აქციის სანაცვლოდ, კერძო ინვესტორებმა დაახლოებით 75 დოლარი გადაიხადეს.

საქმე ისაა, რომ SpaceX საფონდო ბირჟაზე არ არის დალისტული, შესაბამისად, მისი აქციების შეძენა მხოლოდ კომპანიის აქციონერების მიერ შერჩეული ინვესტორებისთვისაა ნებადართული.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, დამატებითი ინვესტიცია ახალი პროგრამის განვითარებას და სატელიტური ინტერნეტის, Starlink-ის დაფარვის ზონის გაფართოებას მოხმარდება.

SpaceX-ის რაკეტების მთავარი მომხმარებელია NASA, რომელიც კოსმოსურ მისიებში ილონ მასკის კომპანიის ჩართულობას თითქმის ყოველწლიურად ზრდის. რაც შეეხება SpaceX-ის მეორე ბიზნესს, რომელიც საცალო მომხმარებელზეა გათვლილი, ერთ წელში Starlink-ის გამომწერების რაოდენობა 1 მილიონამდე გაიზარდა, განსაკუთრებით აქტიურად კი აღნიშნულ ტექნოლოგიას უკრაინაში იყენებენ, სადაც მოსახლეობას SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტი უფასოდ მიეწოდება.

ექსპერტების შეფასებით, არსებობს იმის საფუძვლიანი შანსი, რომ რამდენიმე წელში SpaceX-ის აქციები ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაილისტოს და ის ნებისმიერი ინვესტორისა თუ ტრეიდერისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.