Spotify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენიელ ეკმა „არსენალის“ მფლობელ სტენ კრონკესგან კლუბის შეძენასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე უარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ Spotify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენიელ ეკმა ცოტა ხნის წინ Twitter-ის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ შეძენა სურს. მისი თქმით, მთელი ცხოვრების განმავლობაში „არსენალს“ გულშემატკივრობდა და ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდს ძველი დიდება დაუბრუნდეს. დენიელ ეკის განცხადებით, აღნიშნული შეთავაზება ძალაში რჩება, თუკი ოდესმე რამე შეიცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ვარაუდი საფეხბურთო კლუბის წილების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, კრონკემ და მისმა ვაჟმა ეკის შეთავაზება უარყვეს. აღსანიშნავია, რომ „არსენალის“ მფლობელების განცხადებით, მათ ფული არ სჭირდებათ. ასევე, გასულ პარასკევს, ჩრდილოეთ ლონდონის სტადიონზე ასეულობით ადამიანი აპროტესტებდა კრონკეს მიერ „არსენალის“ ფლობას. გუნდის გულშემატკივრების აზრით, „არსენალის“ წარუმატებლობა სწორედ მასთანაა კავშირში.
ცნობისთვის, Forbes-მონაცემებით „არსენალი“$2.8 მილიარდადაა შეფასებული, რის გამოც ის მსოფლიოში მერვე ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბია. Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, კლუბის მფლობელ სტენ კრონკეს ქონება $2.3 მილიარდია. რაც შეეხება დენიელ ეკს, მან 2006 წელს დააარსა კომპანია Spotify, რომლის კაპიტალიზაცია ახლა $56 მილიარდს შეადგენს. Forbes-ის თანახმად, 2021 წლის აპრილში ეკის ქონებამ $4.8 მილიარდს მიაღწია.