Starbucks-ის მთავარი საოპერაციო ოფიცერი როზ ბრიუერი თანამდებობას ტოვებს. როგორც Business Insider-ი წერს, ბრიუერი Walgreens Boots Alliance-ში გადადის, სადაც აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. ამ თანამდებობაზე ის სტეფანო პესინას ჩაანაცვლებს, რომელმაც გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ ის Walgreens-ს ტოვებდა.
ბრიუერი კი Starbucks-ს ოფიციალურად თებერვლის ბოლოს დატოვებს.
გამოდის ბრიუერი ამერიკის უმსხვილეს კომპანიებს შორის ერთ-ერთის (Fortune 500-ში შემავალი კომპანიების) პირველი მოქმედი ფერადკანიანი ქალი აღმასრულებელი იქნება. ადრე Fortune 500-ში შემავალი კომპანიების აღმასრულებლების პოზიციებს იკავებდნენ ფერადკანიანი ქალები – ურსულა ბერნსი (Xerox-ის აღმასრულებელი 2009-2016 წლებში) და მერი უინსტონი (Bed Bath & Beyond-ის აღმასრულებელი 2019 წელს).
ბრიუერი Starbucks-ს 2017 წელს შეუერთდა. 2018 წელს გამართულ აქციონერების შეხვედრაზე, მან რამდენიმე ინიციატივა წარადგინა კომპანიაში გაყიდვების გაზრდის მიზნით, მისი ინიციატივები კომპანიის საკვებ ბიზნესში გაფართოებას, ცივი სასმელების დამატებას და მიტანის სერვისის გაუმჯობესებას ეხებოდა. ის გავლენიან ლიდერად კომპანიაში მალევე იქცა.
ცნობისთვის, ბრიუერი ერთ-ერთია კომპანიაში წამყვან პირთა შორის, რომელმაც ბოლო პერიოდში Starbucks-ის დატოვების შესახებ განაცხადა. იანვრის დასაწყისში წასვლის შესახებ კომპანიის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა პეტ გრისმერმაც განაცხადა.