ირინა შალამბერიძემ რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია HR4 Business-ი 2018 წელს დააარსა. დამფუძნებელმა საკუთარ ფირმას მისიად აღნიშნულ სფეროში მაღალი სტანდარტების დანერგვის გზით საქართველოში ჯანსაღი HR-კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაუსახა. ამ მისიის შესასრულებლად კომპანიამ დაარსებიდან დღემდე უკვე 14-ზე მეტ სფეროში 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა, გარდა ამისა, ჩაატარა 5,000-ზე მეტი ტესტირება და გასაუბრება, ასევე 400-ზე მეტი თანამშრომელი გადაამზადა.
HR4 Business-ის დაარსებამდე, ირინა შალამბერიძემ სხვადასხვა სფეროს კომპანიებში HR-მენეჯერის როლში 20-წლიანი გამოცდილება დააგროვა, მათ შორის ადმინისტრირების, ტრენინგების, რეკრუტინგის, „ჰანთინგისა“ და შეფასების სისტემების დანერგვის კუთხით. პრაქტიკულმა გამოცდილებამ გაამყარა და გაამდიდრა სოციალური ფსიქოლოგის აკადემიური განათლება, სადაც ორგანიზაციული განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
დაახლოებით ხუთი წლის წინ, როდესაც ქართულ ბიზნესსექტორში HR-მიმართულებით პრობლემები უფრო და უფრო მწვავდებოდა, მან საკუთარი რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტა, რომლის მთავარი დანიშნულებაც ხარისხიანი HR-სერვისების მიწოდება იყო, როგორიცაა ტალანტების მოძიება და კანდიდატებამდე კარგი შეთავაზების მიტანა. თუმცა HR4 Business-ის საქმიანობა კომპანიებსა და კანდიდატებს შორის შუამავლობას ცდება და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში HR-კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
„როდესაც HR4 Business-ი დავაფუძნე, მაშინ უკვე ნათლად იკვეთებოდა პრობლემები, რომელთა წინაშეც მალე საქართველოში HR-სფერო აღმოჩნდებოდა. კონკრეტულად, ვგულისხმობ კომპანიების მიერ ადამიანური რესურსის არასწორად მართვას, ხისტი მიდგომებით კი ამ რესურსის „გადაწვისკენ“ მიდრეკილებას“ , – აცხადებს ირინა შალამბერიძე Forbes Georgia-სთან საუბრისას. HR4 Business-ის დამფუძნებელი და დირექტორი დასძენს, რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდა ქართულ შრომით ბაზარზე ტრანსფორმაცია – „თუკი მანამდე სამსახურის მაძიებელთათვის მთავარი იყო მიდგომა „დამასაქმე“, ახლა უკვე გაჩნდა მიდგომა „ასე ნუ მმართავ“. ამ მიდგომამ კი, შესაბამისად, სწორი HR-სტრატეგიის მოთხოვნა გააჩინა“.
ცხადია, ჩვენი საუბარი ბოლო პერიოდში საქართველოს ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვან პრობლემას, სამუშაო ძალის დეფიციტსა და ქვეყნიდან გადინებასაც შეეხო. კომპანიების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდის მიუხედავადაც კი, ადამიანური რესურსის მოძიება უჭირს. ამის ფონზე, შრომით ბაზარზე სამსახურის მაძიებლებს შორის სამუშაო ადგილებისთვის გაჩაღებული კონკურენცია უკვე კომპანიებს შორის ახალ თანამშრომლებზე „ნადირობაში“ კონკურენციამ შეცვალა.
„როდესაც 2018 წელს, კომპანიის დაარსებისას მის მისიასა და ღირებულებებს ვადგენდი, მაშინ ვფიქრობდი, რომ სამუშაო ძალის ქვეყნიდან გადინებაში დიდი როლი არაჯანსაღ სამუშაო გარემოს მიუძღოდა, რაც უმეტესწილად ხისტი მენეჯმენტის შედეგებია“, – აცხადებს ირინა შალამბერიძე და დასძენს, რომ აქამდე მიგვიყვანა ყურადღების დიდი ნაწილის ბიზნესმიზნების მიღწევისკენ მიმართვამ ადამიანური ფაქტორის გათვალისწინების გარეშე. მისი თქმით, ბიზნესმიზნების მიღწევა აუცილებელია, თუმცა ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნით, რაშიც კომპანიებს HR4 Business-ი ეხმარება.
სწორედ სამუშაო ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, HR-სფეროში წარმოქმნილ გამოწვევებთან საპასუხოდ ჩამოაყალიბა ირინა შალამბერიძემ HR4 Business-ის მისია და მიზანი: პირველი, HR-სფეროში მაღალი სტანდარტების დანერგვის გზით საქართველოში სამუშაო გარემოს გაჯანსაღება, ბიზნესებისა და პროფესიონალების ხელშეწყობით კი საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესება და მოსახლეობის ბედნიერების ხარისხს ამაღლებაა; მეორე, ბიზნესებისთვის სტრატეგიის განხორციელებაში დახმარებას გულისხმობს, რასაც კომპანია პარტნიორებისთვის საუკეთესო ტალანტების მოზიდვითა და ადამიანური რესურსების სწორი მართვით ახერხებს.
„ჩემს და ჩემი კომპანიის მისიად ვგრძნობ, რომ საქართველოს ბიზნესსექტორში HR-ის როლი მაღალ დონეზე დადგეს. მე მჯერა, რომ თუ HR-ს სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და ის იღებს გადაწყვეტილებას კომპანიაში ტოპ-მენეჯმენტთან ერთად, ეს ბიზნესის წარმატებისთვის, თანამშრომლების განწყობისთვის და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჯანსაღი კომუნიკაციისთვის გადამწყვეტია. ამ გზით ისინი ერთი მიზნისკენ მიდიან, ყველაფერი ეს კი საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ირინა შალამბერიძე.
შეკითხვაზე, თუ რას ხედავს დღეს კომპანიის მთავარ გამოწვევად, HR4 Business-ის დამფუძნებელი კანდიდატების მხრიდან დამსაქმებლის მიმართ ნდობის აღდგენას ჰპასუხობს. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად კი ყველაზე მნიშვნელოვნად, ისევ და ისევ, HR-ის როლის გაზრდას მიიჩნევს, რომელიც, მისი თქმით, კომპანიებში აქამდე გადაწყვეტილების მიმღები როლი არ იყო და მის რეალურ მოვალეობას მენეჯერი ითვისებდა. ჩვენი რესპონდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ეს საჭიროება ბიზნესებამდე მიიტანონ და ამგვარად მათ პრობლემის გადაჭრის გზა დაანახონ.
HR4 Business-ის დამფუძნებელმა ამ მისიის განსახორციელებლად კომპანიის გუნდიც შესაბამისად დააკომპლექტა. როგორც ჩვენთან ინტერვიუს დროს განაცხადა, კომპანიაში პოზიციები ისე შექმნა, რომ სხვადასხვა სფეროს ბიზნესებსა და კანდიდატებს HR-მიმართულებით ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს.
ამისთვის HR4 Business-ის გუნდში არის იურისტ-კონსულტანტი შრომის სამართლის მიმართულებით, რომელიც მხარს უჭერს აუთსორს-პროექტებს; IT-რეკრუტერი, რომელიც ტექნოლოგიური სფეროს ვაკანსიებზე მუშაობს, რაც ძირითადად „ჰანთინგს“ მოიაზრებს; ადმინისტრაციული მიმართულების HR-ჯენერალისტის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც პარტნიორ კომპანიებში სრულ განაკვეთზე მუშაობენ და მათთვის რუტინულ დავალებებს ასრულებენ; ასევე ტრენერი და ფსიქოლოგი.
როგორც ჩვენთან აცხადებს, კომპანიის დამფუძნებელი ტრენინგებს თავადაც უძღვება, გარდა ამისა, თითქმის ყველა პროექტშია გარკვეული დოზით ჩართული რათა, მისი თქმით, „მომსახურების ხარისხი მაღალ დონეზე იყოს შენარჩუნებული“.
რაც შეეხება HR4 Business-ის მომსახურებებს, რომლებიც კომპანიებისა და კანდიდატების საჭიროებებს მაქსიმალურად ერგება, ირინა შალამბერიძემ ჩვენთან ყურადღება რამდენიმე მათგანზე გაამახვილა. მათ შორისაა რეკრუტინგი და „ჰედჰანთინგი“, რომლის მთავარი დამკვეთი, მისი განცხადებით, მსხვილი კომპანიებია. დამფუძნებლის თქმით, როგორც წესი, ასეთ კომპანიებში HR-მენეჯერი, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან სამსახური უკვე არის, თუმცა მათ HR4 Business-ის დახმარება უფრო მაღალი რანგის თანამშრომლების ასაყვანად სჭირდებათ. აქვე დასძენს, რომ მისი კომპანია, ძირითადად, C Level კანდიდატებზე მუშაობს, აგრეთვე, საშუალო რგოლის მენეჯერებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მოძიებაზე.
„შედეგზე გასვლა იმაში გამოიხატება, რომ კარგმა სპეციალისტმა კარგი შეთავაზება მიიღო, კომპანიამ კი მისი სახით ტალანტი შეიძინა, რომელზეც დიდ გათვლას აკეთებს“, – ამბობს HR4 Business-ის დამფუძნებელი.
ირინა შალამბერიძის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომსახურება, რომელსაც პარტნიორებს სთავაზობენ ტრენინგებია. ამ მიმართულებით დამკვეთი, ძირითადად, ასევე მსხვილი კომპანიებია. HR4 Business-ის დამფუძნებელი აქვე ცალკე გამოყოფს კორპორაციულ ტრენინგებს, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ და პიროვნულ განვითარებას, ძირითადად, ე.წ. რბილ უნარებს.
კომპანიის მომსახურებებზე საუბრისას ირინა შალამბერიძემ ყველაზე დიდი დრო HR-აუთსორსინგის მიმართულებას დაუთმო, ვინაიდან ამ დროს აუთსორსზე მთელი განყოფილების გატანა ხდება. ამ შემთხვევაში, პარტნიორ კომპანიაში HR4 Business-ის თანამშრომელი სრულ განაკვეთზეა წარმოდგენილი, სპეციალურად კონკრეტული კომპანიისთვის შერჩეული HR-ჯენერალისტის სახით. გარდა ამისა, დამკვეთის განკარგულებაში HR4 Business-ის მთელი გუნდია, რომელიც ქმნის და ავითარებს HR-ის როგორც სტრატეგიულ, ისე საოპერაციო მიმართულებებს.
„ამ დროს კომპანიას ჩვენი სახით ჰყავს გუნდი, ვინაიდან პროცესში ერთვება შრომითი სამართლის იურისტი, ვერთვები მე როგორც ექსპერტი და ბიზნესპარტნიორი. გარდა ამისა, მათ განკარგულებაშია ტრენერი, საჭიროების შემთხვევაში კი დამკვეთებს ბიზნესკონსულტაციებსაც ვთავაზობთ, მათი სტრატეგიების სწორად დასაგეგმად. ჯერ უნდა გაიწეროს ბიზნესსტრატეგია, შემდეგ კი HR-სტრატეგია, ვინაიდან მე უნდა ვიცოდე სად მიდის კომპანია, რომ ადამიანური კაპიტალიც იმ მხარეს მივმართოთ“, – აღნიშნავს ირინა შალამბერიძე ჩვენთან საუბრისას.
HR4 Business-ის დამფუძნებლის განცხადებით, ეს მომსახურება ძირითადად საშუალო ზომის კომპანიების დასახმარებლად შემუშავდა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თვითნაბად ბიზნესმენებზე დგას. ირინა შალამბერიძის თქმით, ასეთი კომპანიები განვითარების გარკვეულ საფეხურს ინტუიციურად აღწევენ, თუმცა ზრდისა და გაფართოების დროს, რაც თავისთავად გუნდში ახალი თანამშრომლების მიღებას გულისხმობს, სწორი HR-სტრატეგიის შესამუშავებლად და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად პროფესიონალის დახმარებას საჭიროებენ.
„ახალ საფეხურზე სწორად თუ არ გადავლენ, კონკურენციას ვერ გაუძლებენ. დროთა განმავლობაში კომპანიისთვის საჭირო ხდება გაფართოება, რაც გუნდის ზრდას მოითხოვს, მის წევრებს კი ჯანსაღი სამუშაო გარემო უნდა შესთავაზო პროდუქტიულობის გასაზრდელად და უნარების მაქსიმალურად რეალიზებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ბიზნესის წარმატებას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ირინა შალამბერიძე HR4 Business-ის მომსახურების მნიშვნელობაზე საუბრისას.
HR-მიმართულებით ბოლო წლებში წარმოქმნილმა პრობლემებმა, ცხადია, HR4 Business-ის მსგავსი მომსახურებების მქონე სხვა კომპანიების შექმნასაც დაუდო სათავე. კონკურენციასთან გამკლავებასა და ბაზარზე საკუთარი ადგილის შენარჩუნებას ირინა შალამბერიძის კომპანია მაღალკვალიფიციურ გუნდთან და თანამედროვე გამოწვევების შესაბამის მომსახურებებთან ერთად, იმ ღირებულებებითაც ცდილობს, რომელზეც HR4 Business-ი დგას.
„მაგალითად, „ჰედჰანთინგის“ შემთხვევაში ჩვენთან პრიორიტეტულია ორივე მხარის ანონიმურობის დაცვა და მათი დროის პატივისცემა, კომპანიის სწორად პოზიციონირება და კანდიდატების დახმარება, საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად წარმოაჩინონ“, – აცხადებს ირინა შალამბერიძე.
ინტერვიუს დასასრულს, HR4 Business-ის დამფუძნებელსა და დირექტორს კომპანიის სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ. მისი თქმით, გეგმები, როგორც აქამდე, სამუშაო ბაზრისა და ბიზნესსექტორის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ შემუშავდა. შედეგად, მეტი აქცენტის გაკეთება „სოფთ სქილების“, ორგანიზაციული და პიროვნული განვითარების მიმართულებით იგეგმება. შესაბამისად, HR4 Business-ი მომავალი წლიდან ტრენინგების მიმართულების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებასა და დამკვეთის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას აპირებს. მათ შორის, ირინა შალამბერიძე კორპორაციული ტრენინგების მიმართულებით აუდიტორიისთვის ახალი, მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას აანონსებს, რაც საქართველოში ადამიანური რესურსების მართვის კულტურის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.