რიტორიკის ნაყოფნი „ბარბაროსულ“კოლხეთში

რიტორიკის ნაყოფნი „ბარბაროსულ“კოლხეთში

ბერძნულ-რომაულ სამყაროში ფილოსოფიისა და რიტორიკის რამდენიმე ცნობილი სკოლა არსებობდა. კლასიკური ხანის ცნობილი მოაზროვნეები, ფილოსოფოსები, რიტორები, პოლიტიკოსები ამ სკოლებში იღებდნენ განათლებას. ცნობილ მასწავლებელთა სახელი კი შორს იყო გავარდნილი. ფასისის აკადემია ანუ კოლხეთის რიტორიკული სკოლა სწორედ ერთ-ერთი ასეთი განათლების კერა იყო რომის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებზე.

რიტორიკას რომაულ განათლებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. თავდაპირველად ეს დისციპლინა მხოლოდ იურისტებისა და პოლიტიკოსებისთვის იყო. რიტორიკას მასწავლებლები ასწავლიდნენ, თუმცა გამოცდილებას და უფროს ორატორთა მოსმენასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რომაულ საზოგადოებას ამ მხრივ ბერძნული არაერთი ასეული წლით უსწრებდა წინ. განთქმული ბერძენი ორატორი იყო ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწე ათენელი პოლიტიკოსი დემოსთენე, რომლის საჯარო გამოსვლები მაკედონიის მეფე ფილიპე IIის წინააღმდეგ ანტიკური რიტორიკის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ასევე გამოსარჩევია ძვ.წ. I საუკუნის რომაელი ორატორის, მარკუს ტულიუს ციცერონის „ფილიპიკები“ მარკუს ანტონიუსის წინააღმდეგ. სახელწოდება „ფილიპიკები“ ციცერონის სიტყვებს დემოსთენეს ანტიმაკედონურ გამოსვლებთან მსგავსების გამო ეწოდა.

დროთა განმავლობაში, რომაულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ორატორებს დიდი მნიშვნელობა მიენიჭათ. ახალგაზრდები, რომლებიც შეისწავლიდნენ ამ საქმიანობას, ეუფლებოდნენ ფილოსოფიას, მუსიკას, ლიტერატურას, გეომეტრიას, მითოლოგიას, რათა მზად ყოფილიყვნენ როგორც დებატებისთვის, ისე ნებისმიერ სიტუაციაში სიტყვით გამოსვლისთვის. რიტორიკისა და ფილოსოფიის ბერძენ მასწავლებლებს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდათ რომაულ საზოგადოებაზე, რომ ძვ.წ. 161 წელს ზოგიერთი მათგანი რომიდანაც კი გააძევეს. ძვ.წ. I საუკუნეში ბერძენ რიტორთან, აპოლონიუს მოლონთან ორატორულ ხელოვნებას ეუფლებოდა თავად მარკუს ტულიუს ციცერონი. იმავე მასწავლებელთან სწავლობდა ახალგაზრდა იულიუს კეისარიც. აპოლონიუს მოლონს როდოსზე საკუთარი სკოლა ჰქონდა გახსნილი. ის ორჯერ ეწვია რომს ელჩად და, როგორც ჩანს, დიდი სახელი მოიხვეჭა როგორც ძლიერმა ორატორმა და რიტორიკის საუკეთესო მასწავლებელმა. აპოლონიუს მოლონს რომაელებმა იმის ნებაც კი დართეს, რომის სენატის წინაშე ბერძნულად გამოსულიყო სიტყვით. ამ პატივს რომაელები უცხოელ ელჩებს თითქმის არასდროს სდებდნენ.

გვიანი რომის იმპერიის პერიოდში, IV საუკუნეში, შავიზღვისპირეთში, კოლხეთში, არსებობდა რიტორიკის სკოლა, რომელიც თანადროულ რომაულ წყაროებშია მოხსენიებული. კოლხეთის რიტორიკულ სკოლას ამ პერიოდის გამოჩენილი სახელმწიფო მოხელე, ფილოსოფოსი და ორატორი, თემისტიუსი, მეტსახელად „ევფრადესი” (მჭევრმეტყველი) მოიხსენიებს თავის XXVII სიტყვაში. თემისტიუსი პაფლაგონიიდან იყო. მამამისი ევგენიოსი ფილოსოფიის მასწავლებელი გახლდათ კონსტანტინოპოლში. თემისტიუსს თავისი დროისთვის საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული. ის საპატიო წოდებებსა და მაღალ თანამდებობებს ფლობდა იმპერატორების, კონსტანტინე II-ის, იულიანე განდგომილის, იოვიანეს, ვალენსის, გრაციანესა და თეოდოსიუს I დიდის კარზე. არჩეული იყო სენატორად, ფლობდა პროკონსულის წოდებას და კონსტანტინოპოლის პრეფექტობას. თემისტიუსი მისდევდა არისტოტელესა და პლატონის მოძღვრებას. მისი აზრით, ფილოსოფია უფრო პრაქტიკული უნდა ყოფილიყო და არა აუდიტორიაში და ვიწრო წრეში მოქცეული.

თემისტიუსის XVII სიტყვის (Oratio) მიხედვით, პროვინციელ ახალგაზრდას მისთვის უთხოვია დახმარება, რათა თავი დაეღწია პროვინციისთვის და დედაქალაქში მიეღო განათლება, რაზეც თემისტიუსი პასუხობს, რომ „მეცნიერებას ქმნის არა ადგილი, არამედ დახელოვნებული ოსტატი“. ამისთვის კი არგუმენტად საკუთარი თავიც მოჰყავს, ვინაიდან თვითონაც პროვინციაში, კერძოდ, კოლხეთში, რიტორიკულ სკოლაში მიეღო განათლება. „მეც, ჩემო კარგო, რიტორიკის ნაყოფნი მოვწყვიტე გაცილებით უფრო უჩინარ ადგილას, ვიდრე ეს ჩვენი ადგილია, არა წყნარსა და ელინურ ადგილას, არამედ პონტოს ბოლოში, ფასისის მახლობლად, სადაც არგომ, თესალიიდან წამოსულმა, დაისადგურა… ასეთი ბარბაროსული და პირქუში ადგილი ერთი კაცის სიბრძნემ და სათნოებამ გახადა ელინური და აქცია მუზების ტაძრად, იმ ერთი კაცის, რომელიც დამკვიდრდა კოლხებისა და არმენიელების ქვეყანაში და ასწავლიდა არა ისართ ტყორცნას და ოროლთ სროლას ან ჯირითს მეზობელ ბარბაროსთა წესებისდა მიხედვით, არამედ იმას, თუ როგორ გაიწვრთნა რიტორიკულ ხელოვნებაში და როგორ ბრწყინავდე ელინთა დღეობებზე. მართალია თუ არა ის, რასაც ვამბობ, ცხადი გახდება ახლავე, თუ დავძენ შემდეგსაც: იქ ჩავედი მე არა საკუთარი მისწრაფებითა და გადაწყვეტილებით, არამედ მე გამგზავნა იქ ისეთმა კეთილმოსურნე კაცმა, როგორიც შეიძლება იყოს მამა, და ისეთმა მართებულად მოაზროვნემ, როგორიც შეიძლება იყოს ფილოსოფოსი“. თემისტიუსისგან კოლხეთის „ბარბაროსულ და პირქუშ ადგილად“ მოხსენიებას, რომელიც ბერძენთა წყალობით განათლდა და „მუზების ტაძრად იქცა“, ისტორიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი უკავშირებს მჭევრმეტყველების დახვეწილ რიტორიკულ ხერხებს, ანტითეზებს, ანალოგიებსა და სხვა საშუალებებს, რაც ისტორიულ ფაქტად კი არ უნდა გამოცხადდეს, არამედ მხოლოდ რიტორიკულ სამკაულს წარმოადგენს და ეფექტის მოხდენას ისახავს მიზნად. ის სამართლიანად მიუთითებს, რომ თემისტიუსის მოცემული ახსნა უნდა იყოს ნაყოფი, ერთი მხრივ, თვით თემისტიუსის რიტორიკული ხერხისა, მეორე მხრივ, მაშინდელი საერთო ბერძნული კონცეფციისა, რომ „ბარბაროსულ“ ქვეყანაში თუ რამე იყო კარგი, ის უთუოდ ბერძნების ნახელავი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ თემისტიუსის მამას, გამოჩენილ ფილოსოფოსსა და ფილოსოფიის მასწავლებელს კონსტანტინოპოლში, ევგენიოსსაც კოლხეთის რიტორიკულ სკოლაში უნდა ჰქონოდა განათლება მიღებული.

თემისტიუსის მიხედვით, ამ სკოლის სტუდენტები გამორჩეული ორატორები იყვნენ. ისინი სწავლობდნენ ბერძნულ ენასა და კლასიკურ ბერძნულ ლიტერატურას. აქ იღებდნენ ახალგაზრდებს, რომელთაც ბერძნული ენა იცოდნენ, მათ შორის უნდა ყოფილიყვნენ კოლხებიც, რომელთაც ბერძნული კოლონიზაციისა და საუკუნოვანი ელინისტური გავლენის გამო, იცოდნენ ეს ენა. თემისტიუსის ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა უნდა ყოფილიყო მსგავსი იმ ბერძნულ-რომაული რიტორიკული სკოლებისა, რომლებიც ამ პერიოდში არსებობდა იმპერიაში. სავარაუდოა, რომ აქ ადამიანს შეეძლო მიეღო ისეთივე განათლება, როგორიც რომაელი განმანათლებლის, მარკუს ფაბიუს კვინტილიანესა და გამოჩენილი ორატორის, მარკუს ტულიუს ციცერონის მიხედვით უნდა ჰქონოდა ორატორს. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ კოლხეთის რიტორიკულ სკოლაში რიტორიკასთან ერთად ლიტერატურა, ასტრონომია, მუსიკა და მათემატიკაც უნდა ესწავლებინათ.

VI საუკუნეში, ლაზიკის ომის დროს (541-562 წწ), ბიზანტიელი მემატიანე აგათია სქოლასტიკოსი მოგვითხრობს ბიზანტიელი სარდლების მიერ ლაზთა მეფე გუბაზის მოკვლის შესახებ, რის შემდეგაც ლაზებმა გამართეს შეკრება და იმსჯელეს, როგორ მოქცეულიყვნენ: დარჩენილიყვნენ ბიზანტიის მხარეს და მკვლელების დასჯა მოეთხოვათ იმპერატორისთვის თუ ირანელების მხარეს გადასულიყვნენ. ამ შეკრებისას, აგათიას ცნობით, სიტყვით გამოვიდა ორი გამორჩეული ლაზი ორატორი – აიეტი და ფარტაზი. აიეტმა, დიდი ორატორული ხელოვნებით, თავის ვრცელ სიტყვაში არგუმენტირებულად სცადა დაერწმუნებინა ლაზები, ირანელთა მხარე დაეჭირათ; თუმცა არანაკლებმა ორატორმა, ფარტაზმა, მოახერხა დაერწმუნებინა ლაზები, დარჩენილიყვნენ ბიზანტიის მოკავშირეებად და მკვლელების დასჯა მოეთხოვათ იმპერატორ იუსტინიანესთვის. თუ აგათია მეტ-ნაკლები სიზუსტით გადმოსცემს ამ ამბებს, ეს წყარო პირდაპირ ადასტურებს კოლხეთის რიტორიკული სკოლის ხანგრძლივ ტრადიციასა და ადგილობრივებს შორის ბერძნული ცოდნის გავრცელებას.

S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *