ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ბრენდის, Subway-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიაში დიდი განახლების პერიოდი იწყება. რესტორანმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ცვლილება განახორციელა, მან სრული მენიუ განაახლა.
ჯონ ჩაიდსის თანახმად, მომხმარებლები ახალ ინგრედიენტებსა და უფრო ჯანსაღ საკვებს მოითხოვენ, შესაბამისად, კომპანიის გადაწყვეტილებაც ამას ეყრდნობოდა. ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმი გახლდათ სწორედ ის, რის გამოც მომხმარებელი რესტორანში ყოველდღიურად სტუმრობდა, თუმცა დროთა განმავლობაში კონკურენტების ძალისხმევის შედეგად Subway-ის მომხმარებელთა რიცხვი შემცირდა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც Subway-ის მმართველობა ჩაიბარა, მან სერვისის გასაუმჯობესებლად უამრავი სამომხმარებლო კვლევა ჩაატარა. გუნდმა შეისწავლა მომხმარებელთა საჭიროებები და დაადგინა, რომ რესტორანს ყველაზე მეტად საკვების ინოვაცია აკლდა. Subway-ს უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტი არ შეუთავაზებია. შესაბამისად, კომპანიაში მიხვდნენ, რომ საჭირო იყო ახალი გემო.
რესტორანი საკუთარ მომხმარებელს 20-მდე დასახელების ახალ პროდუქტს შესთავაზებს, რაც კომპანიის არსებობის 56-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი განახლებაა. თუმცა კომპანიაში თავს იკავებენ იმის დაზუსტებისაგან, გაიზრდება თუ არა ფასები სარესტორნო ქსელში. ხელმძღვანელობას არგუმენტად ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მოჰყავს და ზუსტი რიცხვების დასახელებას თავს არიდებს.
Subway ქართულ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და მან მალევე მოიპოვა პოპულარობა. შეერთებული შტატების მსგავსად, რესტორნის მთავარი ნიში ჯანსაღი და ახალი პროდუქტია. შესაბამისად, ქართულ ბაზარზეც სწრაფი კვების ობიექტს საკუთარი განსაზღვრული კატეგორიის მომხმარებელი ჰყავს.