ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის მთავარმა კონკურენტმა, Synchron-მა საკუთარი ტვინის იმპლანტი ოთხ პარალიზებულ პაციენტზე წარმატებით გამოცადა. ამის შესახებ ამერიკული კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ. Synchron-ის კლინიკური კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალ JAMA Neurology-ში გამოქვეყნდა.
როგორც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ირკვევა, ცდაში მონაწილე პაციენტებმა ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი იმპლანტირებული ინტერფეისის საშუალებით ნერვული სიგნალები წარმატებით გაგზავნეს. კომპანიის განცხადებით, ცდისპირებმა მისი პირველი თაობის Stentrode-ით კომპიუტერის გაკონტროლება შეძლეს.
გარდა ამისა, კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ნეიროპროთეზის ხანგრძლივად გამოყენება და მისი დახმარებით კომპიუტერისთვის სიგნალების გაგზავნა უსაფრთხოა და სერიოზულ უკუჩვენებებს არ იწვევს.
აღსანიშნავია, რომ ცდისპირები კვლევის, Stentrode With Thought-Controlled Digital Switch-ის (SWITCH) ფარგლებში ტვინის იმპლანტს 12 თვის განმავლობაში იყენებდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ნეიროპროთეზის დახმარებით წარმოქმნილი სიგნალების ხარისხი სტაბილურად შენარჩუნდა.
ცდაში მონაწილე ოთხივე პირმა შეძლო Stentrode-ით კომპიუტერის გაკონტროლება და ისეთი ოპერაციების შესრულება, როგორიცაა ტექსტური შეტყობინებებისა და ელექტრონული ფოსტის გაგზავნა, ონლაინ შოპინგი და სხვა ინტერნეტსერვისებით სარგებლობა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანებმა, ჯეფ ბეზოსმა და ბილ გეიტსმა Synchron-ში ინვესტიცია განახორციელეს.
Synchron-ის მსგავსად ტვინის იმპლანტის შექმნაზე მუშაობს ილონ მასკის კომპანია Neuralink-ი, რომელსაც საკუთარი მოწყობილობა კლინიკური ტესტირებისას ჯერ კიდევ არ გამოუცდია. დეკემბერში მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მიკროჩიპების ადამიანებზე ტესტირებას 2023 წლის შუა პერიოდში დაიწყებს.