T-Mobile US Inc-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის გეგმავს Ka’ena Corp-ის შეძენას, რომელიც ამერიკელი მსახიობის, რაიან რეინოლდსის Mint Mobile-ის მშობელი კომპანიაა. Mint Mobile-ი ბიუჯეტური უკაბელო სერვისის პროვაიდერია. როგორც ირკვევა, გარიგების ღირებულება 1.35 მილიარდი დოლარი იქნება.
Mint Mobile-ის გარდა Ka’ena Corp-ი ასევე ფლობს Ultra Mobile-ს, საერთაშორისო ზარების სერვისს და უკაბელო პროგრამებისა და სერვისების პროვაიდერ Plum-ს. გარიგების შემდეგ ორივე მათგანი T-Mobile-ის პორტფელში გადავა.
როგორც გარიგების შესახებ გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ, რეინოლდსი, რომელმაც Mint Mobile-ის წილი 2019 წელს შეიძინა, დარჩება თავის „შემოქმედებით როლში Mint-ის სახელით“, სადაც ის სპიკერად მუშაობს.
„არასდროს მიოცნებია, მქონოდა უკაბელო სერვისის კომპანია და, რა თქმა უნდა, არ მიოცნებია, მიმეყიდა ის T-Mobile-ისთვის“, – დაწერა რაიან რეინოლდსმა Twitter-ზე. „ცხოვრება უცნაურია, მე წარმოუდგენლად ამაყი და მადლიერი ვარ.“
Mint Mobile-ი 2016 წელს შეიქმნა მომხმარებლისთვის „ხელმისაწვდომი, პრემიუმ უკაბელო“ სერვისის მიწოდების მიზნით, – ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. Bloomberg-ის ცნობით, „Deadpool“-ის ვარსკვლავი Mint Mobile-ის დაახლოებით 25%-ს ფლობს.