ფოტო: techafricanews.com
ტექნოლოგიურმა და ელექტრონული კომერციის ამერიკულმა კომპანია Amazon-მა, ილონ მასკის Starlink-თან კონკურენციისა და ბიზნესის გაფართოების მიზნით, თანამგზავრული კავშირის მიმწოდებელი ფირმა Globalstar-ი შეიძინა. კომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმების ღირებულება $11.6 მილიარდია, შესყიდვის პროცესი კი 2027 წლისთვის დასრულდება.
გარიგების პირობებით, Amazon-ი Globalstar-ის სერვისს თავისივე კომერციული თანამგზავრული ბიზნესის, Amazon Leo-ს განვითარებისთვის გამოიყენებს. Globalstar-ის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირეების საშუალებით, Amazon Leo მომხმარებლების სმარტფონებს ფიჭურ კავშირს პირდაპირ, ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობების, მათ შორის ანტენების გარეშე მიაწვდის. Amazon-ი ასევე გეგმავს, თანამშრომლობა განაგრძოს Apple-თან, რომელსაც Globalstar-ის თანამგზავრები SOS-შეტყობინებების, Find My-სა და სხვა ფუნქციების უზრუნველყოფაში ეხმარება.
ამერიკულმა კომპანიამ Amazon Leo-ს პროექტი 2019 წელს Project Kuiper-ის სახელით დაიწყო. ჯეფ ბეზოსმა პროექტის ხელმძღვანელად SpaceX-ის ხელოვნური თანამგზავრების მიმართულების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაჯივ ბადიალი დაიქირავა, რომელიც ილონ მასკმა პოსტიდან 2018 წელს გაათავისუფლა.
რაკეტების დეფიციტის, წარმოების შეფერხებებისა და გაშვებების ჩავარდნის გამო საწყის ეტაპზე პროექტი შედარებით ნელი ტემპით ვითარდებოდა, რაც ამჟამად SpaceX-ის Starlink-თან არსებულ ჩამორჩენასაც ხსნის. შედარებისთვის, Starlink-ს ორბიტაზე 10,000-ზე მეტი თანამგზავრი აქვს გაშვებული და 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, ხოლო Amazon Leo-მ ამ დროისთვის მხოლოდ 200-მდე თანამგზავრი გაუშვა; სრულფასოვანი კომერციული ოპერაციების დაწყებას კი 2026 წლის შუა პერიოდიდან გეგმავს.
რაც შეეხება Globalstar-ს, თანამგზავრული კავშირის კომპანიის საბაზრო ღირებულება ამჟამად $10 მილიარდს აღწევს. 2025 წელს Globalstar-ის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა და რეკორდული $273 მილიონი შეადგინა. კომპანიებს შორის მიღწეულ გარიგებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Globalstar-ის აქციების ფასი 10%-ით, Amazon-ისა კი 3%-ით გაიზარდა.













