Forbes: ამერიკელი რეპერი Dr. Dre ოფიციალურად მილიარდერია

Forbes: ამერიკელი რეპერი Dr. Dre ოფიციალურად მილიარდერია

ფოტო: TNX

 

ამერიკელი პროდიუსერი და რეპერი ანდრე იანგი, ცნობილი როგორც Dr. Dre, ოფიციალურად Forbes-ის მილიარდერთა სიაშია. ამერიკული გამოცემა Dr. Dre-ს ქონებას $1 მილიარდად აფასებს, რაც მას, Jay-Z-ის შემდეგ, ჰიპ-ჰოპ-ის რიგით მეორე შემსრულებლად აქცევს, რომელმაც მილიარდერის სტატუსი მოიპოვა. 61 წლის Dr. Dre-ს სიმდიდრის დიდი ნაწილი მის მიერვე დაარსებულ ხმის ჩამწერ ლეიბლ Aftermath Entertainment-სა და აუდიოპროდუქტებისა და აქსესუარების მწარმოებელ Beats Electronics-ზე მოდის.

ანდრე იანგმა კარიერა 1984 წელს World Class Wreckin’ Cru-ში დაიწყო, მოგვიანებით კი, 1987 წელს, Eazy-E-თან, Ice Cube-თან და სხვა წევრებთან ერთად, ჰიპ-ჰოპ-ჯგუფი N.W.A დააფუძნა. N.W.A-ს დაშლის შემდეგ Dr. Dre-მ ხმის ჩამწერი ლეიბლი Aftermath Entertainment-ი დააარსა. იანგის ლეიბლი Universal Music Group-ის Interscope Records-ის დაქვემდებარებაში ოპერირებდა და მის სახელს ისეთი ცნობილი შემსრულებლების აღმოჩენა უკავშირდება, როგორებიც არიან: ემინემი, კენდრიკ ლამარი, 50 Cent და სხვები.

Dre Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების სიაში პირველად 2001 წელს გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მან Aftermath-ის 30%-იანი წილი Interscope-ს $35 მილიონად მიჰყიდა. 2006 წელს ამერიკელმა პროდიუსერმა Interscope Records-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ ჯიმი აიოვინთან ერთად Beats Electronics-ი დააარსა — ყურსასმენების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც კომპანიის სხვა ინვესტორებთან ერთად, 2014 წელს, $3 მილიარდის ნაღდი ფულისა და აქციების სანაცვლოდ, Apple-ს მიჰყიდა. 2024 წელს Dre-მ Snoop Dogg-თან ერთად ალკოჰოლური სასმელების ბრენდი Gin & Juice by Dre and Snoop-ი გამოუშვა, რომლის ინსპირაციადაც შემსრულებლების 1994 წლის სიმღერა იქცა.

Dr. Dre-ს ყველაზე დიდი პოპულარობა სადებიუტო სოლო-ალბომმა, The Chronic-მა მოუტანა, რომელიც 1992 წელს გამოვიდა. 1993 წელს ამ ალბომის მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, რამაც ამერიკელ რეპერს შვიდიდან პირველი „გრემის“ ჯილდო მოაპოვებინა.