TBC Group-ის საერთაშორისო ოპერაციების მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

TBC Group-ის საერთაშორისო ოპერაციების მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

TBC Bank Group-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანიის საერთაშორისო ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე ოლივერ ჰიუზი დაინიშნა. გარდა ამისა, ჰიუზი TBC Group-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრიც გახდება. აღნიშნული პიროვნება ბრიტანელი ანტრეპრენიორი გახლავთ, რომელიც 2007 წლიდან 2022 წლამდე Tinkoff Group-ს ხელმძღვანელობდა.

„თიბისი ჯგუფმა“ საზოგადოებასა და ინვესტორებს სხვა ცვლილებების შესახებაც ამცნო. გავრცელებული განცხადებით, „თიბისი ჯგუფის“ ოპერაციებს უზბეკეთში ნიკა ქურდიანი უხელმძღვანელებს. პარალელურად კი, ქურდიანი TBC Group-ის აღმასრულებელ საბჭოშიც დარჩება.

ოლივერ ჰიუზის განვითარებად ბაზრებზე ფინტექ კომპანიების შექმნისა და ზრდის მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილება აქვს. Tinkoff Group-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, მან 15 წლის განმავლობაში კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მოგებიან ციფრულ ბანკად აქცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თიბისი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემაც და განაცხადა, რომ ოლივერ ჰიუზის გამოცდილება ფინტექ ბიზნესის განვითარებაში TBC-სთვის ღირებული იქნება და ხელს შეუწყობს კომპანიის ახალ სიმაღლეებზე აყვანას.

„თიბისი ჯგუფის“ განცხადებას გამოეხმაურა თავად ოლივერ ჰიუზიც და აღნიშნა, რომ უზბეკეთში თიბისი ბანკის მუშაობის გამოცდილება კომპანიას სხვა ბაზრებზე თავის დამკვიდრებაშიც დაეხმარება.