ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციების ფასი, ბოლო პერიოდის მკვეთრი ვარდის შემდეგ, გუშინ, 24 მარტს, დაახლოებით 12%-ით გაიზარდა. შედეგად, ავტომწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაციას ერთ დღეში $95 მილიარდი შეემატა. მოცემული დროისთვის Tesla-ს კაპიტალიზაცია 895.44 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ის ძვირად ღირებულ კომპანიებს შორის მე-11 ადგილს იკავებს.
Tesla-ს აქციების ფასის ზრდის პარალელურად ზრდა დაფიქსირდა საფონდო ბირჟებზეც. მათ შორის, S&P 500 1.8%-ით გაიზარდა და 7 მარტის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. Dow Jones Industrial Average-ი 1.4%-ით, 590 პუნქტზე მეტით გაიზარდა. რაც შეეხება Nasdaq-ს, ამ შემთხვევაში ზრდამ 2.3% შეადგინა.
Sevens Report-ის დამფუძნებლის, ტომ ესაის განმარტებით, ბაზრის გაძლიერება აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის ცვლილებებთანაა დაკავშირებული. Bloomberg-ისა და The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ტრამპის მიერ მომზადებული საპასუხო ტარიფები, რომლებიც მომავალ კვირას უნდა ამოქმედდეს, გაცილებით მიზანმიმართული იქნება, ვიდრე მანამდე იყო ნავარაუდევი.
გარდა ამისა, ტრამპის განცხადებამ, რომ შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანას ტარიფებისგან „შეღავათები“ მისცეს, ინვესტორთა ოპტიმიზმი კიდევ უფრო გაამყარა და საფონდო ბირჟების გაძლიერებას შეუწყო ხელი.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს აქციების ფასის ზრდის გავლენით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და აქციონერის, ილონ მასკის ქონებას გუშინ 16.5 მილიარდი აშშ დოლარი შეემატა. თუმცა მასკის ქონება ჯერ კიდევ 110 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებია დეკემბერში დაფიქსირებულ პიკთან შედარებით და Forbes-ის ბოლო მონაცემებით $351.2 მილიარდს შეადგენს.