Tesla-ს აქციების ფასი 15%-ით შემცირდა - ყველაზე მკვეთრი ვარდნა გასული ხუთი წლის განმავლობაში

Tesla-ს აქციების ფასი 15%-ით შემცირდა - ყველაზე მკვეთრი ვარდნა გასული ხუთი წლის განმავლობაში

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla-ს აქციები გაუფასურებას განაგრძობს. მხოლოდ ორშაბათს Tesla-ს აქციების ღირებულება 15%-ით შემცირდა – შედეგად, 10 მარტი 2020 წლის სექტემბრის შემდეგ კომპანიისთვის ბირჟაზე ყველაზე ცუდი დღე აღმოჩნდა.

პარასკევს, Tesla-მ ბირჟაზე ზედიზედ მეშვიდე კვირა დაასრულა ზარალით. ეს 2010 წელს Nasdaq-ზე დებიუტის შემდეგ კომპანიის ყველაზე გრძელი წაგების სერიაა. აქციების ფასი ყოველ კვირას ეცემა, რაც, ექსპერტების მოსაზრებით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. შეგახსენებთ, მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც ფედერალური სააგენტოების შევიწროებას განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც Tesla-ს აქციების ფასმა 2024 წლის 17 დეკემბერს $479,86-ის პიკს მიაღწია, ღირებულება 50%-ზე მეტით არის შემცირებული. შედეგად, Tesla-მ 800 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.

Tesla-ს აქციების გაუფასურება საფონდო ბირჟებზე ფასების შემცირების პარალელურად მოხდა – S&P 500 ექვსთვიან მინიმუმამდე დაეცა, Nasdaq-ი – 4%-ით და Dow Jones Industrial Average – 2.1%-ით შემცირდა.

ორშაბათს Tesla-ს აქციების ფასის კლება გარკვეულწილად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფების გეგმებთან დაკავშირებული გაურკვევლობით იყო გამოწვეული. კანადა და მექსიკა საავტომობილო მიმწოდებლების ძირითადი ბაზრებია, გაზრდილი ტარიფები კი, სავაჭრო ომის პოტენციალით, სავარაუდოდ წარმოებაზე აისახება და ავტომობილების ფასს გააძვირებს. თუმცა ავტომობილებზე ტარიფები ჯერჯერობით არ ამოქმედებულა და ახლა ყველაფერი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.