რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობაზე 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით ბიუჯეტიდან 736 637 ლარი დაიხარჯა, – ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.
კერძოდ, ამ თანხიდან 33 სამივლინებო ვიზიტზე 116 ათასი ლარი გამოიყო; საკონსულტაციო მომსახურებაზე 46 ათასი; სარესტორნო მომსახურებაზე (საქართველოში) 1950 ლარი. დანარჩენი თანხა კი ხელფასებზე მოდის. ზურაბ აბაშიძემ ამ თანამდებობაზე მუშაობით, 2012 წლიდან დღემდე 492 ათას ლარზე მეტი მიიღო.
ე.წ. კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს 2012 წლის ბოლოდან ჩაეყარა საფუძველი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში. როგორც მონაწილეები ამბობენ, ამ ფორმატში საუბარი სავაჭრო, სატრანსორტო, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიმდინარეობს.