სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალი” დღეს 100%-ით დატვირთულია და 1,200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
როგორც კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანიამ 12 მლნ ლარზე მეტი საჯარო შემოსავალი მიიღო და მისი წმინდა მოგება 6 მილიონ ლარამდე იყო.
“თბილისი ცენტრალის” პროექტში 2007-2010 წლებში დაახლოებით 30 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია GRDC Holding BV, რომლის 50%-ს ფლობენ ფრანგი, გერმანელი და ჰოლანდიელი ინვესტორები, მათ შორის, ბობ მეიერი, ხოლო 50%-ს – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სხვა ქართველი ბიზნესმენები.
“გამოწვევა ძალიან დიდი და რთული იყო”, – განაცხადა GRDC-ის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა Forbes-თან ინტერვიუში. “თბილისი ცენტრალის” 2007 წელს დაწყებულმა მშენებლობამ 2008-2009 წლების კრიზისი გამოიარა და 2010 წელს მაინც გაიხსნა:
“მუშაობა ფორსმაჟორში მოგვიწია. მოიჯარეებთან კონტრაქტების 70% გაუქმდა. ბიზნესებმა ვეღარ შეძლეს ბიზნესის გაფართოება. შეიქმნა პრობლემები კონტრაქტორებთან, დამფინანსებლებთან. სიტუაციიდან გამოსვლას მთლიანად მთელი გუნდის, პარტნიორებისა და დამფუძნებლების უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა”, – აღნიშნა ყარალაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს “თბილისი ცენტრალი” ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესპარამეტრების მქონე კომპანიაა.