თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ივლისის თვეში ორივე ობიექტზე მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
როგორც ირკვევა, გასულ თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, მან ივლისში 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც 2023 წლის ამავე თვის მონაცემს 48%-ით აღემატება.
ცნობისთვის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში წინა რეკორდი 2018 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. მაშინ თბილისის შემთხვევაში მგზავრთნაკადმა 461,161-ს, ბათუმის შემთხვევაში კი 121,295-ს მიაღწია.