თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება $1.26 მილიარდი დაჯდება

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება $1.26 მილიარდი დაჯდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, რამდენიმე წელიწადში თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება დაახლოებით $1.26 მილიარდი დაჯდება.

„მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4-4,5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში. ვიზიტორების სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა მომავალშიც მოსალოდნელია, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. ჩვენ განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი გულისხმობდა ძველი აეროპორტის გაფართოებას, მეორე გულისხმობდა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარი. ახლის აშენების ფასი არის დაახლოებით მილიარდ 260 მილიონი დოლარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ძველი აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის მაქსიმუმ 15 მილიონამდე გაზრდის საშუალებას იძლეოდა, ხოლო ახალი აეროპორტი 19 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს. გარდა ამისა, მომავალში გაფართოების პერსპექტივა ექნება.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის პროექტირება და ტენდერთან დაკავშირებული პროცედურები მომავალ წელს დასრულდება. „ჩვენი გათვლებით 0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად საშუალოდ 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის“, – დასძინა კობახიძემ ახალი აეროპორტის აშენების დადებით შედეგებზე საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს დედაქალაქში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც გაავრცელა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ეს ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით“.