ძველი თბილისი, დასავლურზე მეტად – აღმოსავლური, გარკვეულწილად, ხელოსნებისა და ხელოსნობის ქალაქი იყო. თბილისს ჰყავდა გამორჩეული მედუქნეები, მუსიკოსები, ბუკინისტები, თერძები თუ სხვა ხელობის წარმომადგენლები; შესაბამისად, ბუნებრივია, ძველ თბილისურ პროფესიათა კრიალოსნის ასხმულას გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა, ამ სტატიაში იმ პროფესიებსა და პროფესიონალებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელთა შესახებაც, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ამ დრომდე შედარებით მწირი ინფორმაციაა ცნობილი.
პირველად – დაბაღები უნდა ყოფილიყვნენ, ტყავის დამუშავების სპეციალისტები, ვისთვისაც თბილისის ბუნებრივი სიმდიდრე – გოგირდის ცხელი წყალი საქმიანობისთვის იდეალურ, უფასო რესურსს წარმოადგენდა.
ეს უფრო ძველი ამბავი უნდა იყოს, იმდროინდელი, როცა თბილისი ჯერაც არ იყო მეფის ნადირობის, მიმინოსა და ხოხბის ლეგენდის დაბადების ადგილი.
მიუხედავად ამისა, თუკი სფეროში ჩახედულ ადამიანებს დავუჯერებთ, საუკუნეების შემდეგაც კი, რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებულ საქართველოში, დაბაღების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ და თბილისში ჩამოსული ამა თუ იმ სტუმრის მისასალმებლად, ამქრების მსვლელობას, სწორედ დაბაღების – პირველი თბილისელი ხელოსნების ამქარი მოუძღოდა, რაც საპატიო რამ უნდა ყოფილიყო.
ზოგადად, თბილისში, როგორც აღმოსავლურ, ან თუნდაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე მდებარე ქალაქში, ხელობის ქონას კაცისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმდენად, რამდენადაც, გარკვეულწილად, ძველი თბილისი იყო კიდეც ხელოსნებისა და ხელოსნობის ქალაქი, მითუმეტეს, რომ ყველას როდი მოსდგამდა მემკვიდრეობით გვარიშვილობა და მამულები, ანუ ცხოვრების სახსარი…
გოგირდის ცხელი წყალი ვახსენეთ და შეუძლებელია აბანოები და იქ დასაქმებული – სხეულის “გაახლების“ თბილისელი “ქურუმები“ – მექისეები არ ვახსენოთ, რომლებიც სულ სხვა ლაზათს სძენდნენ ჩვენებურ აბანოს და არაერთი უცხოელი სტუმარი მოუნუსხავთ საკუთარი შესაძლებლობებითა და პროფესიონალიზმით.
თუმცა, ყოფილა შემთხვევებიც, როცა მექისეთა მომსახურება შესაძლოა ძვირადაც დასჯდომოდათ კლიენტებს, მაგალითად ისე, როგორც ერთ მცხოვრებელს დალოცვილ ტფილისისა, რომელსაც, გაზეთ “ივერიას“ 1887 წლის ერთ-ერთი ნომერში გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, აღმოუჩენია, რომ მირზოევის აბანოში, მუშას, რომელიც ქისას უსვამდა, წარბი და წამწამი “ჩამოცვივნული ჰქონდა სიფილისისა გამო. მე ეს შევნიშნე მხოლოდ შემდეგ, როცა გვიანღა იყო…“
ასე იყო თუ ისე, აბანოს კულტურა, მათ შორის მექისეთა მომსახურებით სარგებლობა დიდი ხნის განმავლობაში თითოეული თბილისელისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ისევე, როგორც ყოველდღიური, მჭიდრო ურთიერთობა მტკვართან, ქალაქის მთავარ არტერიასთან.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს, უფრო სწორად მას შემდეგ, რაც მტკვარი ბეტონის არტახებში მოექცა, ქალაქმა ზურგი აქცია დედა-მდინარეს, წლების მანძილზე, მდინარესთან დაკავშირებული პროფესიები განსაკუთრებით აქტუალური იყო; სწორედ მტკვარი კვებავდა თბილისელებს, მითუმეტეს, რომ გაზეთ “დროებას“ თუ დავუჯერებთ, რომელიც 1876 წლის დეკემბრის ერთ-ერთ ნომერში, თევზის სიძვირეზე ამახვილებდა ყურადღებას – “ქალაქს უთევზოდ გაძლება არ შეუძლიან, იმას უყვარს თევზი. ქალაქის ქართველებისა და სომხებისათვის თევზი ისეთივე საკვები და საზრდოა, როგორც პური.“
აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლები სწორედ მეთევზეები იყვნენ.
გავრცელებული კლიშეს მიხედვით, თევზაობისა და ნადირობის შესახებ მოთხრობილი ამბები, როგორც წესი, გაბუქებული უნდა იყოს. დღეს უკვე ვერავინ დაადგენს გაბუქებულია თუ არა 1886 წლის ისტორია იმის შესახებ, რომ რამდენიმე მეთევზეს კუკიის ხიდს ქვეშ გამორიყული ლოქო ვერ დაუჭერია – “ლოქო, როგორც ეტყობოდა, ძალიან დიდი იყო, რადგანაც ექვსი-შვიდი კაცი ეწეოდა ბოლოდგან და მაინც ვერ დასძალესო“; ან/და 1887 წლის წყალდიდობის შესახებ არსებული ცნობა, რომლის მიხედვითაც „მტკვრის ადიდებას ბევრს უბედურობასთან სარგებლობაც მოუტანია ზოგიერთებისათვის… ამ წყალ-დიდობის გამო დიდს თევზს თურმე იჭერდნენ მეთევზენი. ხან-და-ხან ერთს დღე და ღამეში 60,000 ცალს დიდს თევზს იჭერდნენ ხოლმეო..“
გაბუქება იქით იყოს და ფაქტია, რომ გასტრონომიული თვალსაზრისით, თბილისი თევზისა და მეთევზეების ქალაქიც იყო, შესაბამისად, ამ პროფესიას თავისი გამორჩეული პროფესიონალებიც ჰყავდა და ფიროსმანის – „მეთევზესთან“ ერთად, ალბათ სწორედ ლოპიანაა ის პერსონაჟი, რომელიც ყველაზე უკეთ მეტყველებს ამ ხელობის ხალხზე.
ლოპიანა ფსევდონიმია, იოსებ გრიშაშვილის “ქალაქური ლექსიკონის“ მიხედვით, “ლოპიანი საკუთრივ ნიშნავს “ნამიანს“ [ლოპო – ქერქის ქვეშ მოუმწიფებელი ნოტიო მერქანი]; ლოპიანს ეს სახელი დაერქვა მუდმივად წყალში დგომის გამო“.
სხვათა შორის, ამავე ლექსიკონში, ხშირად ვხვდებით თევზის სხვადასხვა სახეობების, ასევე, თევზით მომზადებული კერძების და თევზაობასთან დაკავშირებული ტერმინებისა და გამონათქვამების ჩამონათვალსაც.
მუდმივად წყალში დგომა არა, მაგრამ წყალში დგომით ფულის შოვნა უცხო ამბავი არ ყოფილა ქალაქის მებორნისთვის, რომელსაც ამ ძველი თბილისური ტრანსპორტით, მუხრანის, დღევანდელი ბარათაშვილის ხიდთან, ხალხი ერთ ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავდა:
“ქალაქის ბორანი, რომლითაც ხალხი გადი-გამოდის მტკვარზე მუხრანიანთ ხიდთან, ხანდისხან ეშმაკობს ხოლმე. მებორნე ჯერ გამოართმევს გადასაყვანს ფულსა და მერე შუა მტკვარში შეაყენებს ბორანსა და აღარც წინ მიდის, აღარც უკან. მიზეზი ის არის, რომ ზოგმა ფული არ მომცა და მუქთად უნდათ გადასვლაო.
ატყდება ერთი კიჟინი, ვაი-ვაგლახი, ჩხუბი, მაგრამ მებორნე ფეხსაც არ იცვლის, მანამ მგზავრებს არ მოსწყინდებათ და რამდენსამე კაპიკს დამატებით არ მისცემენ. ხშირად ორისა და სამის კაპიკის გულისათვის შეაყენებს ხოლმე ბორანსა…“
საინტერესოა, რომ ზოგადად ბორანი, როგორც სატრანსპორტო საშუალება, დიდად მომგებიანი უნდა ყოფილიყო ამ საქმის მოიჯარადისთვის, რადგან იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად ყოველი წყალდიდობის დროს ბორანს – მტკვარი იტაცებდა, მოიჯარადე ჯიუტად განაგრძობდა მის აღდგენას, ქალაქსაც უხდიდა იჯარას და საქმიანობის არეალის თბილისის სხვა უბნებში გავრცობაც სურდა.
მტკვარს უკავშირდებოდა კიდევ ერთი გამორჩეული პროფესია. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა მიზეზით, თბილისის მაცხოვრებლები საკმაოდ ხშირად ცდილობდნენ მტკვარში თვითმკვლელობას, ამასთანავე, არცთუ იშვიათად, მდინარეში მოცურავეებს უჭირდათ ნაპირზე გამოსვლა, თბილისში არსებობდა წყლის განსაცდელისაგან დამხსნელი სადგური. რეალურად, 1880-იანი წლების ბოლოსთვის, ეს სადგური და მისი მთავარი სიმდიდრე მმართველი – იაგორ დოლანოვი ყოფილა, რომელიც საკუთარი ნავით შველოდა მტკვარში ჩავარდნილებს.
წლების შემდეგ, დოლანოვის ცხოვრებაში რაღაც გარდატეხა უნდა მომხდარიყო, რადგან საქმისთვის ბიზნესის კუთხით შეუხედავს და წყლის დიდი აუზი გაუმართავს, სადაც მსურველებს ცურვის შესწავლა შეეძლოთ – “ერთის სიტყვით, ყველაფრით ისეთ ნაირად არის მოწყობილი, რომ არაფერი შიში არ უნდა ჰქონდეთ მშობლებს ბავშვის დარჩობისა.“
დოლანოვს და მის საქმიანობას უკავშირდება ერთი თბილისური ისტორიაც; ერთხელ მასთან მისულა ბატონი, რომელსაც დაბეჯითებით მიუგია, რომ მტკვარში გადავარდნისა და თავის დახრჩობის განზრახვა ჰქონდა, მაგრამ აინტერესებდა, უშველიდნენ თუ არა. მას შემდეგ, რაც დოლანოვის მხრიდან პროფესიული ეთიკისადმი ერთგულებაში დარწმუნებულა, უთქვამს – “მაშ რა კი ჩემი წყლიდგან გამოყვანა გწადიან, შენსა და ჩემს წვალებას, მოდი ერთი აბაზი მომეცი და აღარ გადავარდები წყალშიო. აბაზის მიღებისთანავე უცნობს სამიკიტნოსკენ გაუწევია..“
თბილისისა არ იყოს, რადგან ჩვენც მტკვრის გარშემო ვტრიალებთ, გვერდს ვერ ავუქცევთ თულუხჩებს, დიდი ხნის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის წარმომადგენლებს. თულუხჩი წყლის დამტარებელს ნიშნავს და ეს სიტყვა თულუხიდან – ტყავის ტომრიდან წარმოდგება. როგორც იოსებ გრიშაშვილის „ქალაქური ლექსიკონიდან“ ვიგებთ, „ძველად ტფილისში წყალსადენი არ იყო, წყალს პირდაპირ მტკვრიდან იღებდნენ და კამეჩის ტყავიდან გაკეთებული რუმბებით ეზიდებოდნენ ოჯახებში. 1893 წელს ქალაქის თვითმართველობამ თულუხი „ბოჩკებით“ შესცვალა“.
სწორედ თულუხჩებს, მათ პროფესიულ გულგრილობას და სიხარბეს უჩიოდნენ თბილისელები საკმაოდ ხშირად:
“მოგეხსენებათ, რომ ყველა ეზოს თავისი მეთულუხჩე ჰყავს და სხვას არავის შეუძლიან იმ სახლებში წყლის მიტანა, თუ არ იმ ეზოს მეთულუხჩესა. ისე აქვთ პირობა შეკრული ერთმანერთში, რომ თუ თავისი ეზო არ არის, თულუხ წყალში რომ მანათი აძლიო, წყალს არ მოგიტანენ. ამიტომაც თქვენი ეზოს მეთულუხჩე თქვენი ბატონია, თუ რაცა გთხოვათ იმდენი არ მიეცათ, უწყლოობით ამოგარჩობთ..“
თვითნასწავლი მხატვრის, კარაპეტ გრიგორიანცის ცნობით, „ქალაქის მცხოვრებელნი იმ დროს დარჩებოდნენ უწყლოთ, როდესაც სადმე ცეცხლი გაჩნდებოდა და ყველა თულუხჩები იქ წყლის საზიდლათ დაბანდებოდნენ, რადგანაც ამ სამსახურის გამოთ ყოველგვარ გარდასახადიდან თავს უფლები იყვნენ“.
აქ თულუხჩები კიდევ ერთი პროფესიის წარმომადგენლებთან – მეხანძრეებთან იკვეთებოდნენ.
საერთოდაც, ძველ თბილისში ხანძარი ხშირი მოვლენა იყო; ზოგჯერ გაუფრთხილებლობით, ზოგჯერ მიზანმიმართულად – გაკოტრების გადასაფარად, ან დაზღვევის ფულის მისაღებად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა სწორედ თბილისელ მეხანძრეებს უწევდათ.
მათი პროფესიული საქმიანობის შესახებ ამომწურავად მეტყველებს ერთი პატარა ამონარიდი 1874 წელს, გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელიც თამამშევის ქარვასლაში გაჩენილ ხანძარს უკავშირდება:
„ქალაქში მსწრაფლად გავარდა ხმა: “თამამშოვის ქარვასლას და თეატრს ცეცხლი ეკიდებაო“. მაღაზიების პატრონები შეშლილივით გამოჰყოფენ დრო-გამოშვებით თავს ფანჯრებიდამა და გამწარებით ჰყვირიან: “პოღიბაემ! პაჟარნი კამანდა! გვიშველეთ, გვიშველეთ! ვიღუპებით! ცეცხლის საქრობი მაშინაო!“ ორი ცეცხლის საქრობი მაშინა საჭყაპუნებელსავით ასხამდა წყალს გაზვიადებულს ცეცხლსა, მაგრამ, თითქო სპილოს ბუზი, ისე ვერას აკლებდა.“
მეხანძრეების მსგავსად, არცთუ სახარბიელო დამოკიდებულება არსებობდა წესრიგის დამცველთა – პოლიციელთა მიმართაც. ჯერ ერთი იმიტომ, რომ როგორც XIX საუკუნის პრესის ფურცლებზე ვკითხულობთ – პოლიციელები არასდროს იყვნენ იქ, სადაც საჭიროა, მეორეც იმიტომ, რომ ზემდგომთა მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საკმაოდ უდიერად ექცეოდნენ მოქალაქეებს. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მათი რაოდენობაც:
“ტფილისში პოლიციის მოხელეთა სიმცირე ყველასათვის საგრძნობელი უნდა იყოს, რადგან ქალაქში 160 ათასი მცხოვრები ითვლება და ამოდენა ქალაქის მცხოვრებთა უზრუნველ საყოფად სულ 10 ბოქაული და ამოდენივე თანაშემწე ბოქაულებისა, 52 პოლიციის მოხელე, 300 პოლიციელი და 100 საპოლიციო სადარაჯო, ე. ი. 1, 600 მცხოვრებელის კვალობაზედ თითო სადარაჯოა გამართული. რიცხვი პოლიციის მოხელეთა დადგენილია 70 წლებიდგან, როდესაც ქალაქში 78 ათასი მცხოვრები ითვლებოდა, დღესკი ქალაქი გადიდდა და მოხელეთა რიცხვი კი ისევ იმოდენაა“.
ამ პერიოდის პრესის ფურცლებზე, კიდევ ერთი ყბადაღებული თემა – თბილისის დასუფთავება, უფრო სწორედ უსუფთაობა იყო. რომელი უბნის მცხოვრების საჩივარს არ მოისმენდით იმის შესახებ, რომ გოლოვინის პროსპექტისგან განსხვავებით, სხვა ქუჩები უპატრონოდ და უსუფთაოდაა მიტოვებული და ქალაქის ჰიგიენური მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
თბილისელ მეეზოვეებს, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ასე ახლობელნი და შესისლხორცებულნი იყვნენ ქალაქს, ერთი სახალისო და ამავდროულად, გულდასაწყვეტი ისტორიაც უკავშირდებათ, ისტორია მათ ვერშემდგარ „გაფიცვაზე“, 1886 წელს:
„ტფილისის ქუჩები გაუწმენდელნი და დაუგველნი დარჩნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქალაქის გამგეობამ დამგველ მუშებს 1 მარტიდამ თითო მანათი ჯამაგირი დაუკლო, 13 მაგივრად, 12 გაუხადა. ეს ჯამაგირის დაკლება ეხლანდელმა სიიაფემ გამოიწვია.
მუშებმა დაჰყარეს ცოცხები და მუშაობაზე უარი სთქვესო, მაგრამ, როდესაც ცოცხები უკანვე დაუბრუნეს და უთხრეს, რომ წადით, თუ ამ დაკლებაზე თანახმა არა ხართო, – სხვებს დავიჭერთო, ყველანი უკან დაბრუნდნენ და დაგვას შეუდგნენო.“
მეეზოვეებისაგან განსხვავებით, საწყის ეტაპზე, წარმატებულად შეკრეს პირი თბილისელმა მეფურნეებმა, როდესაც 1880 წლის 3 სექტემბერს, ერთბაშად დაკეტეს თავიანთი ფურნეები და რომ არ შოთის-პურის მცხობი რაჭველები და მებულკეები – „დამშეული ხალხი, უეჭველია, ერთს რასმე უწესოებას მოახდენდა ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ფურნეებს დაამტვრევდნენ, მეფურნეებს სცემდნენ ან სხვა რამ ამისთანა უწესოებას ჩაიდენდნენ..“
პირის შეკვრის მიზეზი, ამ შემთხვევაში, ის ყოფილა, რომ მეფურნეებს ქალაქის გამგეობისაგან დაწესებული ნიხრი არ მოსწონებიათ; „შეთქმულთა“ ერთსულოვნების მიუხედავად, 6 სექტემბერს „მეფურნეების საქმე გათავდა. თითქმის ყველა დატუსაღებულები [მეფურნეები] გამოუშვეს და დღეს ყველგან პური გამოცხადებულის ტაქციით ისყიდება..“
[ზემოხსენებულ რაჭველ მცხობელთა რიგებს მიეკუთვნებოდა თბილისში ცნობილი მოკრივე, გოლიათური აღნაგობის, განსაკუთრებული ძალის პატრონი კაცი – ფარსადან სხირტლაძე, რომელიც ქალაქში პურის ცხობით ირჩენდა თავს. ამ ფარსადან სხირტლაძემ თბილისელების თვალწინ არაერთხელ ისახელა თავი საკუთარი გამბედაობითა და მამაცობით, მათ შორის 1891 წელს, წინასაშობაოდ, როდესაც ხალხით გაჭედილ ბაზარში, გაგიჟებულ ხარს შიშველი ხელებით მოუგრიხა კისერი და წააქცია.]
ქალაქის ჰიგიენური მდგომარეობა ვახსენეთ და შეუძლებელია ორი სიტყვა არ ვთქვათ ბუხრის მწმენდავებსა და ექიმებზე.
როგორი რთულად დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, ზოგიერთი სახლის პატრონი ჩვენს ქალაქში ბუხრის მწმენდავებს საშუალებას არ აძლევდა თავის დროზე შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა, ხოლო ზამთრის მოახლოებასთან ერთად, „ერთს დროს მიაწყდებიან გამგეობას, არიქა, ბუხრები გაგვიწმინდეთ, ცეცხლი ვერ დაგვინთიაო, და გამგეობამ არ იცის, საით გაგზავნოს ბუხრის მწმენდავი. მეორეც ისა, რომ თუ დროზედ არ გაიწმინდა ქალაქის ბუხრები, ერთბაშად მებუხრეები ვერ ასწრებენ თავის საქმეს.“
პრობლემის მოგვარების მიზნით, ქალაქის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პოლიცმეისტერმა ბრძანება გამოსცა, რომ ‘პოლიციის მოხელეებმა ყოველი საშუალება აღმოუჩინონ ბუხრის მწმენდავებს და ყოველ კვირა, შაბათობით, მოახსენონ, თუ რამდენი ბუხარი გაიწმინდა და რამდენმა უარი განაცხადა გაწმენდაზედაო.“
რაც შეეხებათ ექიმებს; როგორც ჩანს, XIX საუკუნის ბოლო პერიოდში თბილისში პროფესიონალი ექიმების დეფიციტი იყო, ყოველ შემთხვევაში, ამაზე მეტყველებს არაერთი ცნობა და სტატია ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის „შემაძრწუნებელი“ ამბავი „ივერიადან“:
„ვიღაცა 16 წლის ყმაწვილი მშობლებს სამკურნალოში გაუგზავნიათ, რომელსაც სააპერაციო სატკივარი ჰქონია. ავად-მყოფი საწოლზედ დაუწვენიათ და როდესაც ექიმი მიახლოებია იარაღით ხელში, ყმაწვილს ტირილი და წივილი დაუწყია. პატივცემულს ექიმს არ ესიამოვნა თურმე ეს წივილი, წაუკრ-წამოუკრავს ყმაწვილისთვის და გამოუგდია. ყმაწვილი დაბრუნებულა შინა, ლამაზად გატყეპილი და არც რაიმე შვება მიუღია..“
ყველაფერთან ერთად, ექიმების მიმართ არსებული ამგვარი დამოკიდებულება და უნდობლობა იყო კიდეც იმის მიზეზი რომ, როგორც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამა თუ იმ სატკივარის დროს, თბილისელები ხშირად ცრუ-ექიმებს და მკითხავებს მიმართავდნენ.
„ტფილისი სწორედ მკითხავების ბუნაგია“ – ეს ფრაზა კარგად ასახავს ამ კუთხით არსებულ ვითარებას; საგულისხმოა ისიც, რომ თბილისს საკუთარი, ვარსკვლავი მკითხავებიც ჰყავდა, მაგალითად – ნინო კოდელი, რომელიც იმდენად პოპულარული იყო, რომ იმდროინდელ პრესაში მისი მკვლელობის შესახებ ე.წ. ფეიკ-ნიუსებიც კი ვრცელდებოდა.
მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ზოგადად, თბილისელ მკითხავებს ერთი ნიშანი აერთიანებდათ – დიდი წარმატებით, „ჩეჩქვით ხვეტავდნენ“ ფულს.. რასაკვირველია, პროფესიათა კრიალოსნის ასხმულას გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მითუმეტეს, რომ თბილისს ჰყავდა გამორჩეული მედუქნეები, მუსიკოსები, ბუკინისტები, თერძები თუ სხვა ხელობის წარმომადგენლები, მაგრამ, როდესაც ერთად, ერთ კონტექსტში, სიძველე და პროფესიაა ნახსენები, შეუძლებელია არ ვახსენოთ კლიშედ ქცეული ფრაზა – უძველესი პროფესიის წარმომადგენლები..
ძველი თბილისის სექს-მუშაკები ერთობ საინტერესო ხალხია და ზოგადად, ეს თემა, შესაძლოა ცალკე კვლევასაც იმსახურებდეს. თანაც, მოგეხსენებათ, რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, მეფის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოშიც, პროსტიტუცია ლეგალიზებული იყო და იდეაში, მკაცრ წესებსა და რეგულაციებსაც უნდა ყოფილიყო დაქვემდებარებული. მიუხედავად ამისა, რიგი მიზეზების გამო, ამ კუთხით ტფილისში „წესრიგის“ დაცვა ერთობ ჭირდა, იმდენად, რომ XIX საუკუნის ბოლოს, „სანამუსო სახლების“, ე.წ. ბორდელების შესახებ მსჯელობა, არცთუ იშვიათად, ქალაქის რჩევაშიც იმართებოდა.
სექს-მუშაკები არა მხოლოდ საგანგებო დაწესებულებებში იყრიდნენ თავს, არამედ საჯაროდაც თამამად იკრიბებოდნენ:
“მუდამ საღამოთ ალექსანდროვის ბაღში დაიარება ოთხი ქალი, რომელთაც თავიანთ საცხოვრებლად და ხელობად უნამუსო ქცევა ამოურჩევიათ. ვერ შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ რიცხვი იმ ახალგაზდებისა, რომელნიც ამ ხსნეებულ ქალების წყალობით საძაგელის სენით ლპებიან.
ერთმა ამ ქალთაგანმა მითხრა მე შემდეგი: ჩვენ ისეთს ქუჩაში ვდგევართ, რომ არამც თუ პოლიცია, ეშმაკიც ვერ გვიპოვნის; და თუნდაც რომ გვიპოვნოს პოლიციამ, თვითონ პოლიცმეისტერი ხომ არ მოვა ჩვენთან და იმის აკოლოდოჩნიკების წამალი ჩვენ ვიცით, როგორც თავიდამ მოვიშოროთ…“
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არცთუ იშვიათად, თბილისელი სექს-მუშაკები ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ, რაც, ისევე, როგორც მათ შესახებ არსებული სხვადასხვა სიახლეები, ძველ ქართულ პრესაში საკმაოდ ხშირად ხვდებოდა.
დასასრულ, შეუძლებელია ხაზგასმით არ აღვნიშნოთ, რომ ეს ძველი, საგაზეთო ცნობები ვერ გვექნებოდა, იმ პერიოდის ასოთ-ამწყობთა, დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ, გაზეთების დამკაბადონებელთა შრომა რომ არა. ამ შემთხვევაში თავისებურ ხალხზე ვსაუბრობთ, რომლებიც საკუთარი პროფესიისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდნენ, რაც თუნდაც იმაში ვლინდება, რომ 1900 წელს, იოჰან გუტენბერგის დაბადებიდან ხუთასი წლის შესრულების დღეს, თბილისის 400 ასოთ-ამწყობმა და მბეჭდავმა გუტენბერგის მშობლიური ქალაქის, მაინცის, მოურავს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.
ასეთი მასშტაბურობის და ორგანიზებულობის მიუხედავად, თბილისელი ასოთ-ამწყობები მაინც თბილისელებად რჩებოდნენ და რადგანაც “ქართველთ ასოთ ამწყობთ ჩვეულებათ ჰქონიათ ახალ-წლის მეორე დღე იდღესასწაულონ და ჩვენ ვერა გზით ვერ მოვაშლევინეთ, გუშინდლისათვის დანიშნული ნომერი დღეს გამოვიდა..“