The Matrix Resurrections-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია

The Matrix Resurrections-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია

„მატრიცა 4“-ის, ოფიციალური სახელწოდებით The Matrix Resurrections,   ეკრანებზე გამოსვლამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა – ის კინოთეატრებში მიმდინარე წლის 22 დეკემბერს გამოვა. რაც შეეხება ფილმის პირველ ტრეილერს, ინტერნეტში მისი ნახვა 9 სექტემბრიდანაა შესაძლებელი.

კინოსტუდია Warner Bros-მა „მატრიცის“ მეოთხე ნაწილის გამოშვება 2019 წელს დაადასტურა, ფილმის გადაღება კი 2020 წლის ნოემბერში დასრულდა. მიუხედავად ამისა,  კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ფილმის გამოსვლის თარიღად 2022 წლის 1 აპრილი განიხილებოდა. ფილმის პირველი ტრეილერი CinemaCon-ში 24 აგვისტოს უკვე აჩვენეს, თუმცა ინტერნეტში ხელმისაწვდომი ის სწორედ დღეიდან გახდება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 2003 წელს გამოსული ბოლო ნაწილის, The Matrix Revolutions-ის დასასრულს Neo-სა and Trinity-ის სიკვდილისა, ფილმის მეოთხე ნაწილს კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი დაუბრუნდებიან. მათთან ერთად, The Matrix Resurrections-ში კვლავ გამოჩნდებიან დანიელ ბერნჰარდისა და ჯეიდა პინკენტ სმიტის პერსონაჟები.

მნიშვნელოვანია, რომ ფილმის მეოთხე ნაწილი კინოთეატრებში გამოსვლიდან 1 თვის განმავლობაში ხელმისაწვდომი HBO Max-ზეც იქნება. ეს უპრეცედენტო ნაბიჯია Warner Bros-ის მხრიდან, რომელიც 2021 წლის ფილმებს ერთდროულად კინოთეატრებსა და HBO Max-ზე წარმოგვიდგენს, რაც მაყურებელს სტრიმინგ-სერვისით ფილმის ნახვის საშუალებას აძლევს. თუმცა, HBO Max-ზე ფილმის დამატება საერთაშორისო ჩვენებაზე გავლენას არ მოახდენს, რადგან აღნიშნული პლატფორმა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ ვაჩოვსკების „მატრიცა“ პირველად კინოთეატრებში 1999 წელს გამოჩნდა. ფილმმა ოთხი „ოსკარი“ მოიპოვა. „მატრიცის“ პირველი ნაწილის ბიუჯეტი $63 მილიონს შეადგენდა, შემოსავალმა კი $460 მილიონს გადააჭარბა. ფილმის შემდგომი ორი ნაწილი 2003 წლის მაისსა და ნოემბერში გამოვიდა და თითოეულის ბიუჯეტმა $150 მილიონი მოიცვა. The Matrix Reloaded-ის შემოსავალმა მსოფლიო მასშტაბით $741 მილიონი, The Matrix Revolutions-მა კი $427 მილიონი შეადგინა. The Matrix Reloaded-ის $741-მილიონიანი შემოსავლით, ფილმი 13 წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი R-რეიტინგის მქონე ფილმი იყო, ვიდრე ამ ტიტულს მას Deadpool-ი ჩამოართმევდა.