საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 0.36%-ით, 182.62 მილიონი ლარით შემცირდა და თვის ბოლოსთვის 50.50 მილიარდ ლარს მიაღწია.
სებ-ის ცნობით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 203.80 მილიონი ლარით, 0.96%-ით შემცირდა. თუმცა, პარალელურად, მოთხოვნამდე დეპოზიტები 0.07%-ით, 21.18 მილიონი ლარით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი თებერვლის ბოლოსთვის 50.16%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.07%-ით არის შემცირებული.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.51% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.08%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.99%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.58%, ხოლო ევროს წილმა 19.86% შეადგინა.