"თეგეტა მოტორსის" წარმატების ისტორია

"თეგეტა მოტორსის" წარმატების ისტორია

“თეგეტა” ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენი წლისაც კაპიტალიზმია საქართველოში”.
 

“განთავისუფლდით არსებული რეალობისგან და იფიქრეთ მომავალზე”- ეს წარმოსახვითი სავარჯიშოა, რომელსაც ბიზნესკონსულტანტები კლიენტთან პირველ ინტერვიუებში იყენებენ, წარმატებული ბიზნესის მფლობელები და მენეჯერები კი – ყოველდღიურ საქმიანობაში. გამძაფრებულ კონკურენციაში ხშირად ისე არიან ჩართულნი, რომ არ რჩებათ დრო იფიქრონ, სად იქნება მათი ბიზნესი მომავალში. ისინი ყოველდღიურად იზღუდებიან ინდუსტრიის მიმდინარე კონიუნქტურით, თამაშის წესებით და კონკურენტების ინოვაციური შეთავაზებებით. სწორედ ამ მიზეზებისა და დროის სიმცირის გამო, ერთ დროს წარმატებული ბიზნესები წარსულში რჩებიან და “მომავლის კომპანიების” ადგილს სხვებს უთმობენ, არადა მომავალი მოძველებულ ინდუსტრიებში კი არა, მათ განახლებაშია. სწორედ ამ მიდგომის წარმატებით გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია – “თეგეტა მოტორსი”.

თანამედროვე ქართული ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია “თეგეტა მოტორსი” ისტორიას 1995 წლიდან იწყებს. ეს არის წელი, როდესაც საქართველოში ეროვნული ვალუტა “ლარი” შემოვიდა და საქართველოს ახალი ისტორია დაიწყო. კომპანიის გენერალური დირექტორი “ფორბსთან” ინტერვიუში ხუმრობით ამბობს, რომ “თეგეტა” ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენი წლისაც კაპიტალიზმია საქართველოში”. თავდაპირველად ეს იყო ერთი პატარა მაღაზია, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სხვადასხვა სათადარიგო ნაწილს ყიდდა, ეს მაღაზია ახლაც არსებობს და ის “თეგეტას” ერთ-ერთი ფილიალია. “წითელქუდას” პატარა მაღაზია ახლა უკვე დიდი ჰოლდინგია, რომელიც ოპერირებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მომხმარებლისა და საკუთარი საქმის ერთგულება, ხარისხზე და სიახლეებზე ორიენტირებულობა, კეთილსინდისიერება და ეფექტიანობა, გუნდურობა და უწყვეტი სწრაფვა სრულყოფისკენ “თეგეტა მოტორსის” მთავარი ფასეულობებია. ამ ფასეულობების გათვალისწინებით, კომპანია 24 წლის განმავლობაში მუდმივად ვითარდებოდა და ბაზრის უცვლელ ლიდერად ჩამოყალიბდა. “ერთი მხრივ რისკიანი და მეორე მხრივ განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯებით, ჩვენ ვქმნით წარმატების ისტორიას”. “თეგეტა” არის ნამდვილი მეწარმე, ეს ნიშნავს, რომ არის შეუპოვარი, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესი, შეიძლება ითქვას, ეს მის გენეტიკურ კოდშია. ჩვენთან თვითკმაყოფილების გრძნობა აკრძალულია, ყოველ წელს იმ ენერგიით და შემართებით ვიწყებთ, თითქოს ახლა ვიწყებდეთ ბიზნესის კეთებას”, – აღნიშნავს “ფორბსთან” ინტერვიუში “თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორი ავთანდილ წერეთელი.

რატომ დაერქვა კომპანიას “თეგეტა”? – სახელი დამფუძნებელთა სახელების პირველი ინიციალებისგან შემდგარი სიტყვაა, სულ ესაა ამ სახელის პატარა საიდუმლო. “თეგეტა” არის ჭეშმარიტად ქართულ ფესვებზე აღმოცენებული ქართული ბრენდი.

ამჟამად “თეგეტა მოტორსი” ბაზარზე 25 ფილიალით არის წარმოდგენილი, რომელთა მეშვეობითაც კომპანია თავის მომხმარებლებს უნივერსალურ მომსახურებას სთავაზობს.

“თუ გვკითხავთ, როგორი უნდა იყოს “თეგეტას” ბრენდის აღქმა მომხმარებელში, ძალიან მარტივად გიპასუხებთ: მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ტიპის ავტოტრანსპორტს ფლობთ, ეს არის მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილი, ავტობუსი თუ სპეცდანიშნულების ტექნიკა, ხართ კერძო მომხმარებელი თუ ბიზნესის წარმომადგენელი, ჩვენ ყველა მომხმარებლისთვის და ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის გვაქვს სრული სერვისი”, – აცხადებს “თეგეტას” გენერალური დირექტორი.

“თეგეტა მოტორსი” ყოველდღიურად ესწრაფვის თავისი პროდუქციითა და მომსახურებით გააუმჯობესოს მომხმარებელთა ყოველდღიურობა, შეუმსუბუქოს ტრანსპორტთან და ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ასევე დაეხმაროს ამ მხრივ დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვაში. ამის დასტურია ის აქტივობები, რაც კომპანიამ უკვე განახორციელა და რასაც მომავალი წლებისთვის გეგმავს.

“თეგეტა მოტორსი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პერსონალის მომზადებას. “პროფესიული განათლების მიმართულებით კომპანიამ საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია განახორციელა. ჩვენ 2013 წელს შევქმენით სასწავლო ცენტრი “თეგეტა აკადემია”, ეს არ არის ჩვენი ბიზნესის მხოლოდ ერთ- ერთი მდგენელი, ეს ნამდვილად არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების მეშვეობით საქართველოში ავტოინდუსტრიის პროფესიულ განვითარებას ემსახურება”, – აღნიშნავს “ფორბსთან” საუბარში ავთანდილ წერეთელი.

აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების კონცეფცია საქართველოში ნოვაციაა. ამ მოდელში სამუშაო და სასწავლო გარემო მჭიდროდაა დაკავშირებული და სტუდენტები სწავლობენ ზუსტად იმას, რასაც მოგვიანებით პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ. “თეგეტა აკადემია” ფლობს საკუთარ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მქონე ყველა აუცილებელი სასწავლო ინვენტარით და ტექნიკით. სტუდენტებს საშუალება აქვთ, პრაქტიკა თანამედროვე გარემოში გაიარონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ აკადემიამ იანვარში მიიღო სახელმწიფო ავტორიზაცია, შესაბამისად, აკადემიის მიერ გაცემული დიპლომი უკვე აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. 2018 წელს “თეგეტა აკადემიაში” სხვადასხვა პროფილის 700 თანამშრომელი გადამზადდა.

“ვფიქრობ, დიდი წვლილი შევიტანეთ ავტოინდუსტრიის განვითარებაში, თითქმის ყოველწლიურად საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ ყველა მიმართულებით, თუმცა მხოლოდ ერთი კომპანიის ძალისხმევა არ არის საკმარისი, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანები გადაწყდეს, ამისთვის აუცილებელია, ეს სფერო მეტად განვითარდეს”, – აცხადებს “თეგეტას” გენერალური დირექტორი.

“თეგეტა მოტორსმა” გადაწყვიტა, 2019 წელს უფრო აქტიური იყოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. რამდენადაც კომპანიის საქმიანობის მასშტაბი მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაც იზრდება. “ჩვენ საკმაოდ დიდები ვართ იმისთვის, რათა ვაცნობიერებდეთ, რომ კომპანიის წარმატების განმსაზღვრელი მხოლოდ ჩვენ არ ვართ და რომ ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურება არ არის. პირველ რიგში ეს ჩვენი მომხმარებლების დამსახურებაა, ასევე საფინანსო ინსტიტუტების, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს განვითარებაში, სახელმწიფოსი, რომელიც ქმნის აუცილებელ გარემოს ბიზნესისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მთლიანობაში, რამაც ჯამში “თეგეტას” წარმატება განაპირობა”, – აცხადებას “თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორი და “ფორბსთან” სამომავლო გეგმებსაც აანონსებს:

“ჩვენ გვაქვს სურვილი, ეს სიკეთე დავაბრუნოთ საზოგადოებაში ჩვენი აქტიურობით და სხვა კომპანიებსაც მივცეთ ბიძგი, რომ იყვნენ სოციალურად უფრო აქტიურნი. ამ კუთხით წელს წამოვიწყეთ, ვფიქრობ, საინტერესო პროექტი “თეგეტა შენთან ერთად”, რომელშიც გვაქვს ოთხი მიმართულება: “თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის და დასაქმებისთვის”, “თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის”, “თეგეტა შენთან ერთად ეკოლოგიისთვის” და “თეგეტა შენთან ერთად ქვეყნის განვითარებისთვის”. წელს ამ მიმართულებებით აქტიურ მუშაობას ვაპირებთ”.

“თეგეტა მოტორსი” არის კომპანია, რომელმაც უსაფრთხოების კუთხით ISO სტანდარტი მიიღო. ჩვენთვის უსაფრთხოება ყველა მიმართულებით და, უპირველესად, ჩვენი მომხმარებლებისთვის, არის განსაკუთრებული განზომილება. მაღალ დონეზე გვესმის ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი მრავალრიცხოვანი მომხმარებლებისთვის მათი კუთვნილი ავტოტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების გაწევასთან.

“კომპანია უკვე არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც არის წარმოდგენილი, კონკრეტულად – აზერბაიჯანში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ნოუჰაუს ექსპორტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია რამდენიმე ქვეყანასთან. მიმდინარე ეტაპზე შესაძლო საპარტნიორო ურთიერთობები ამიერკავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებთან მოიაზრება.

რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ აქტიურად და სულ მალე საზოგადოებასაც ვამცნობთ აღნიშნულზე. ბიზნესის განვითარების იმ პროცესს, რომელიც საქართველოში გავიარეთ, ახლა სხვა ქვეყნებში გავდივართ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ყოველივე ქართული ბიზნესაქტივობის რეგიონში ქართული ბიზნესის გააქტიურებას უწყობს ხელს, რასაც მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სამომავლო წინსვლისთვის”, – აღნიშნავს ავთანდილ წერეთელი.

“თეგეტა მოტორსის” დახმარებით, ქართველ მომხმარებლებს ორ თვეში შესაძლებლობა ექნებათ, მსუბუქი ავტომობილების კიდევ ერთ ჭეშმარიტად ევროპულ ბრენდს ეზიარონ. ეს ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი იქნება ჩვენი ავტომოყვარულებისთვის.

“სულ მალე ბათუმშიც დავასრულებთ უპრეცედენტო მასშტაბის ფილიალის მშენებლობას, ჩვენ “აჭარის თეგეტას” ვქმნით – ასე ვუწოდებთ მას, პროექტის მაშტაბურობიდან გამომდინარე. ახალი ფილიალი მაისის ბოლოს გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიის მომსახურების სრული სპექტრი, ყველა ტიპის ტექნიკის შეკეთებით და გაყიდვით დაწყებული, “თეგეტა აკადემიის” რეგიონალური ფილიალით დასრულებული.

“თეგეტა მოტორსის” ბათუმის ახალი ფილიალი 4 ჰექტარზეა განთავსებული და აჭარასთან ერთად მთელ დასავლეთ საქართველოს მოემსახურება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბათუმის ახალ ფილიალში ჯამში 120 ადგილობრივი თანამშრომელი დასაქმდება”, – აცხადებს “თეგეტას” გენერალური დირექტორი. “თეგეტა მოტორსი” “ფორბს ჯორჯიას” მიერ შედგენილი ყველაზე მსხვილი ქართული კომპანიების ოცეულში მოხვდა. მეტიც, დამსახურებული მე-16 ადგილი დაიკავა.

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის რეიტინგები, მით უმეტეს ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცემისგან, როგორიც “ფორბსია”. ეს აღიარება ჩვენი ბიზნესისთვის ნიშნავს მნიშვნელოვან მხარდაჭერას, იმ მიდგომებისა და თავდადებული შრომის დაფასებას, რომელიც ამ წლების განმავლობაში გავწიეთ, პირველ რიგში ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობაში. ჯანსაღი შეჯიბრი კომპანიებს შორის იწვევს ჩვენი მოტივაციის ზრდას, თუმცა არ იწვევს თვითკმაყოფილებას. ვიქნებით კიდევ მეტად აქტიური, რადგან თანამედროვე ბიზნესში განვითარება სხვაგვარად წარმოუდგენელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს გუნდთან ერთად ამას შევძლებთ”.