მედიასააგენტო Reuters-ი, საკითხთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების ფარგლებში ჩინეთისთვის ტარიფების შემცირებას განიხილავს. მისივე ინფორმაციით, ნებისმიერი ქმედება მხარეებს შორის დიალოგის საფუძველზე განხორციელდება და არა – ცალმხრივი გადაწყვეტილების ნიადაგზე.
ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები შეიძლება 50%-დან 65%-მდე შემცირდეს, წერს The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის ოფიციალური პირის ციტირებით. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა აზიური ქვეყნისთვის იმპორტის გადასახადი, ბოლო ნაბიჯით, 145%-მდე გაზარდა. თავის მხრივ, ჩინეთის მიერ აშშ-ისთვის დაწესებულმა ტარიფმა 125%-ს მიაღწია.
სამშაბათს დონალდ ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ ჩინეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწევს და დასძინა, რომ ამ კუთხით ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ჩინური საქონლის იმპორტზე ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდება.
მსგავსმა განცხადებებმა და ტრამპის მიერ ფედერალურ რეზერვზე შეტევის შეწყვეტამ ინვესტორების განწყობაზე დადებითად იმოქმედა. შედეგად, დღეს S&P 500 ინდექსი 3.3%-ით, ორკვირიან მაქსიმუმამდე გაიზარდა.