თმის გადანერგვის ექსპერტი | ინტერვიუ დეა პაპასქირთან

თმის გადანერგვის ექსპერტი | ინტერვიუ დეა პაპასქირთან

საქართველოში თმის ტრანსპლანტაციის ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანა პლასტიკური ქირურგის, დეა პაპასკირის სახელს უკავშირდება. მან 15 წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე, 2018 წელს კლინიკა „დეამედი“ შექმნა, რომელიც მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, მომხმარებელს თმის გადანერგვას უახლესი ტექნოლოგიებით სთავაზობს.

დავიწყოთ რიცხვებით: საინტერესოა, საქართველოში რამდენად მაღალია თმის გადანერგვაზე მოთხოვნა და ძირითადად ვინ არიან თქვენი მომხმარებლები გენდერულ და ასაკობრივ ჭრილში?

თმის გადანერგვა ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საერთო ჯამში, მამაკაცების მომართვიანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ქალბატონების, დაახლოებით 1/3 პროპორციით. რაც შეეხება ასაკს, ზოგადად ანდროგენური ალოპეციის ე.წ. მამაკაცური ტიპის თმის ცვენის ასაკი გაახალგაზრდავდა, შესაბამისად, ადრეული ასაკიდან, 20 წლიდან, უკვე მოგვმართავენ ახალგაზრდები, პროცენტულად უფრო მეტია 25 – 55 წლის მამაკაცების რაოდენობა, თუმცა გვყავს პაციენტები 65 წლის ზემოთაც.

თქვენ უკვე 18 წელია, ამ სფეროში მუშაობთ. როგორ განვითარდა თმის ტრანსპლანტაციის მეთოდოლოგია ამ ხნის განმავლობაში საქართველოში და რა ეტაპზე ვართ ახლა?

თმის ტრანსპლანტოლოგიაში მოღვაწეობა მოსკოვში, 2003 წლიდან დავიწყე, 2005 წელს უკვე საქართველოში ჩამოვედი. რა თქმა უნდა, 18 წელი მედიცინაში საკმაოდ დიდი დროა, ამ ხნის განმავლობაში დარგი განვითარდა, დაიხვეწა ტექნოლოგიები. მე ყოველწლიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესში და ჩემს კლინიკაში სისტემატურად ვნერგავ უახლეს ტექნოლოგიებს. 2019 წელს გახლდით თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) 27-ე კონგრესზე ბანგკოკში, სადაც მსოფლიო ექსპერტებმა და დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად აღიარა ტრიველინის სისტემა თმის გადანერგვის უნაკერო მეთოდის დროს უპირველეს, უკონკურენტო ტექნოლოგიად. სწორედ აღნიშნული ტექნოლოგია ჩამოვიტანეთ საქართველოში და მყისიერად დავნერგეთ „დეამედში“. ამგვარად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მოწინავე რიგებში დგას თმის გადანერგვის ტექნოლოგიების მიმართულებით.

დღეს პაციენტებისთვის საკმარისი აღარაა მხოლოდ კომფორტი და ინდივიდუალური ყურადღება. როგორ შედეგს უზრუნველყოფს თქვენი კლინიკა, დადებითი რეზულტატის რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდესდეამედშიმოსულ პოტენციურ პაციენტს?

სწორად აღნიშნეთ, შესაძლებელია, კლინიკა ქმნიდეს კომფორტს, მაგრამ არ ჰყავდეს კვალიფიციური კადრი და არ ჰქონდეს ახალი ტექნოლოგიები. საუკეთესო ვარიანტია, როდესაც კლინიკა მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, ჰყავს კვალიფიციური კადრი და ფლობს მაღალ ტექნოლოგიებს. კლინიკა „დეამედის“ მიზანი პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა, ჩვენ განუწყვეტლივ ვმუშაობთ იმისათვის, რომ პაციენტს შევთავაზოთ თანამედროვე, ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო ტექნოლოგიები, რაც თავისთავად განაპირობებს წარმატებულ ოპერაციას, გარანტირებულ შედეგს, და საბოლოოდ – პაციენტის კმაყოფილებას.

რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, რომელსაც თმის გადანერგვა სურს? რამდენად მტკივნეულია ეს პროცედურა? როგორ ხდება რეაბილიტაცია და ...

თმის გადანერგვა არის მცირე ინვაზიური ქირურგიული მანიპულაცია, როდესაც ხდება თმის მოპოვება პაციენტის კეფიდან (სადონორო ზონა), სადაც ის მრავლად არის წარმოდგენილი და გადატანა თმაგაცვენილ უბნებში. მოგეხსენებათ, რომ ინერგება მხოლოდ საკუთარი თმა, სხვისი თმის სადონოროდ გამოყენება არ შეიძლება. ოპერაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 4-5 საათია, პაციენტი არის თავისუფალ რეჟიმში, შეუძლია, ნახევარი საათით შეისვენოს, ისაუზმოს. ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. მეორე- მესამე დღეს პაციენტი უკვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, შეუძლია განაგრძოს მუშაობა. შედარებითი რეაბილიტაციის პერიოდი გახლავთ 4-5 დღე, როდესაც თავის თმიან საფარზე ჩანს წითელი წერტილები, ამ დროის გასვლის შემდეგ სიწითლე უკვალოდ ქრება.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს თმის გადანერგვა წარუმატებელი? რა უნდა გაითვალისწინოს თმის გადანერგვის შემდეგ პაციენტმა?

თმის გადანერგვა არ იქნება წარუმატებელი, თუ სწორად შეფასდა პაციენტის მდგომარეობა, სწორად დაისვა დიაგნოზი, სწორად დაიგეგმა ოპერაცია და ჩატარდა კვალიფიციური პლასტიკური ქირურგის მიერ სწორად შერჩეული თანამედროვე ტექნოლოგიით.

გადანერგილი თმა არასოდეს არ ცვივა, რადგან ის მოპოვებულია თმის მუდმივი ზრდის ზონიდან და მასზე არ ვრცელდება ანდროგენების დამაზიანებელი მოქმედება. გადანერგილი თმა ჩვეულებრივ ამოდის, იზრდება და განსაკუთრებული მოვლა მას არ სჭირდება. პირველი თვის განმავლობაში პაციენტი ყოველდღიურად იბანს თავს. თუ პაციენტი ახალგაზრდაა და აქვს სხვა მიდამოში შესუსტებული თმა, მას ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ ეს დარჩენილი თმა გავაძლიეროთ და შევინარჩუნოთ, რათა მომავალში არ დაცვივდეს და გადასანერგი არ გახდეს.

თავის არის გარდა, თმის გადანერგვა სხვა მიდამოშიც ხდება? მაგალითად, წარბების, წვერის..

თმის გადანერგვა არის მკურნალობის ერთადერთი ეფექტიანი მეთოდი შემდეგი ტიპის თმის ცვენის დროს: 1. ანდროგენეტიკური ანუ მამაკაცური ტიპის თმის ცვენისას თავის თმიანი საფარველის აღსადგენად. 2. ოპერაციის ან დამწვრობის შემდგომ ნაწიბუროვანი თმის ცვენისას, დაბოლოს, მესამე კატეგორია – როდესაც თმის გადანერგვა ხდება მაღალი შუბლის, წარბის, წვერის, ულვაშის კორექციის მიზნით. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქალბატონებში წარბისა და მამაკაცებში წვერის კორექცია.

წარბის არასასურველი ფორმა შესაძლოა განპირობებული იყოს: ტრავმის, დამწვრობის ან ოპერაციის შემდგომი ნაწიბურით, გენეტიკური ფაქტორით, წარბის კორექციის არასწორი ტექნიკით, უხარისხო საღებავებით, სტრესით და ა.შ. ამ შემთხვევაში იდეალური გამოსავალი წარბის გადანერგვაა.

თავდაპირველად, წარბის გადანერგვა წარბის აღდგენის მიზნით კეთდებოდა, როდესაც წარბის თმა დაზიანებული იყო სრულად ან ნაწილობრივ. დღეისათვის უკვე არსებობს განსხვავებული მიდგომა, ქალბატონებს შესაძლებლობა აქვთ, შეიცვალონ წარბის ფორმა, სიხშირე და მდებარეობაც კი.

ცნობილია, რომ ესთეტიკური მედიცინის კუთხით საქართველოში ფასები რეგიონისდა, მით უმეტეს, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. რა შეიძლება ითქვას თმის ტრანსპლანტაციაზე, რამდენად ძვირი ან იაფი ჯდება ეს პროცედურა საქართველოში და არის თუ არა მოთხოვნა უცხოეთიდან?

მოგახსენებთ, რომ თმის გადანერგვა ზოგადად ძვირად ღირებული პროცედურაა, განსაკუთრებით – ევროპის ქვეყნებში, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ოპერაციის მაღალი ფასი ყოველთვის განსაზღვრავს ხარისხს. ჩვენთან ოპერაციის მინიმალური ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის გახლავთ 1,500 ლარი, საშუალო ფასი 3,500 ლარის ფარგლებში მერყეობს, დამოკიდებულია გადასანერგი გრაფტების რაოდენობაზე – პრობლემური ზონის ფართობზე.

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ჩვენთან პაციენტი იღებს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას, ვიდრე ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, თუმცა ფასები ჩვენს კლინიკაში გაცილებით დაბალია, ვიდრე უცხოეთში. სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის „დეამედში“ თმის გადასანერგად. მათ იციან, რომ ჩაუტარდებათ თმის გადანერგვა მსოფლიოს მაღალი სტანდარტებით და დარწმუნებულნი არიან, რომ გარანტირებულ შედეგს მიიღებენ.

დაბოლოს, პანდემიის შედეგებიც რომ შეაფასოთ, როგორ აისახა თქვენს კლინიკაზე კრიზისი? შეინარჩუნეთ მომხმარებელთა რაოდენობა თუ კლება გქონდათ?

რაც შეეხება პანდემიას, მან კაცობრიობას აუნაზღაურებელი ადამიანური, მორალური, ეკონომიკური თუ მატერიალური ზარალი მოუტანა. მიუხედავად ამისა, ჩვენი კლინიკა თითქმის უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას, რა თქმა უნდა, ყველა რეგულაციის დაცვით. ჩვენთან მოდის აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. პანდემიის ფონზე ადამიანების უმეტესობა დისტანციურ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას, რამაც უფრო მეტი დრო გამოუთავისუფლა მათ, ამიტომ მათ, ვინც დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა ოპერაციის გაკეთებას, უკვე გამონახეს ეს დრო. ამავდროულად დისტანციური მუშაობის რეჟიმი კიდევ უფრო კომფორტული აღმოჩნდა პაციენტისთვის, რადგან იმ შედარებითი რეაბილიტაციის დროს – 5-7 დღეს უკვე სახლში ატარებდა. ამასთან ერთად კლინიკამ პანდემიის პერიოდში შეიმუშავა თმის გადანერგვის ანტიკრიზისული ფასები, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ბევრი პაციენტის დიდი ხნის ოცნების ახდენას.


დეა პაპასკირმა 2003 წელს, პროფესორ ალექსი მახარაშვილთან ერთად, მოსკოვში თმის გადანერგვის სპეციალიზებული განყოფილება ჩამოაყალიბა, რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.

2004 წელს კი მან საქართველოში შესაბამისი კადრების მომზადება დაიწყო და რვა თვეში ექიმებისა და ექთნების გადამზადებული გუნდი დააკომპლექტა. ამის საფუძველზე შეიქმნა „ჰეალაინ ინტერნეიშნლი“, სადაც 2018 წლამდე წამყვანი ქირურგის პოზიციაზე მუშაობდა, 2018 წლის აპრილში კი ახალი კლინიკა „დეამედი“ დააარსა.

2009 წლიდან დეა პაპასკირი თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მოქმედი წევრია. 2010 წელს მან დაიცვა დისერტაცია, თემაზე: „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა“. მაღალი სამეცნიერო ღირებულების ნაშრომმა დაამტკიცა, რომ თმის გადანერგვა ნაწიბურებშიც შესაძლებელია, რაც თმის მაღალი ზრდადობის გარდა ნაწიბურების სტრუქტურასაც აუმჯობესებს. ამ ნაშრომამდე, სამედიცინო საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრით, ნაწიბურში თმის გადანერგვა არ შეიძლებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *