თურქეთი ქვეყნის 5 უმსხვილეს სუპერმარკეტის ქსელში ფასების ზრდის მიზეზებს იკვლევს

თურქეთი ქვეყნის 5 უმსხვილეს სუპერმარკეტის ქსელში ფასების ზრდის მიზეზებს იკვლევს

თურქეთმა ქვეყნის ხუთ უმსხვილეს სუპერმარკეტის ქსელში ფასების ზრდის გამო გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა პირადად დაავალა მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს, შეამოწმონ ამ სუპერმარკეტებში საქონლის ფართო სპექტრის ფასები.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის ხუთ უმსხვილეს სუპერმარკეტის ქსელში ფასების ზრდა „მთლიანი ბაზრის შეშფოთებას“ იწვევს. ეს განცხადება პრეზიდენტმა ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76–ე სესიაზე ყოფნის დროს გააკეთა.

ერდოღანმა ადრე პირობა დადო, რომ გააკონტროლებდა და ხელს შეუშლიდა ფასების დონის „არაგონივრულ“ ზრდას. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის განცხადების შემდგომ, თურქეთის უმსხვილესი საზოგადოებრივი სასურსათო ქსელების აქციების ფასები პარასკევს მკვეთრად შემცირდა.

ქვეყნის უმსხვილესი სასურსათო ქსელის BIM–ის საბაზრო ღირებულება 3.2%–ით, ხოლო მეორე და მესამე უმსხვილესი ქსელების Migros–ისა  და Carrefour–ის  ღირებულება შესაბამისად 3.9%–ითა და 3%–ით შემცირდა.

შეერთებულ  შტატებში გამგზავრებამდე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობა ფასების უკონტროლო ზრდის შესაჩერებლად განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს. „ჩვენ კარგად ვიცით ინფლაციით გამოწვეული ცხოვრების ღირებულებასთან დაკავშირებული პრობლემები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ფასების გადაჭარბებული ზრდა მაღაზიის თაროებზე“.

მიმდინარე თვის დასაწყისში ვაჭრობის სამინისტრომ ერთდროული შემოწმება თურქეთის ცხრა რეგიონის სუპერმარკეტებში დაიწყო.

აგვისტოში სამომხმარებლო ფასები 19.25%–ით გაიზარდა, რაც ცენტრალური ბანკის პოლიტიკის 18%–იან ნიშნულს სცდება. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით სასურსათო პროდუქტები 30%–ით, ხოლო ივლისის თვესთან მიმართებით 3%–ით გაიზარდა.

თურქეთში ამჟამად 249 ქსელური მაღაზია ფუნქციონირებს, ხოლო ფილიალების რაოდენობა 38387–ს უტოლდება. მთლიანი საცალო სექტორის ბრუნვა $170 მილიარდს აღწევს, საიდანაც ადგილობრივი ბაზრების ბრუნვა $40 მილიარდია. თურქეთის საცალო ვაჭრობის სექტორში ამჟამად დაახლოებით 1 მილიონი ადამიანია დასაქმებული.