თურქეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია

თურქეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია

გუშინ, 14 მაისს, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მონაწილე მთავარი კანდიდატები თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ATA-ს ალიანსის კანდიდატი სინან ოღანი არიან. ამ დროისათვის ხმათა დაახლოებით 99%-ია დათვლილი. წინასწარი მონაცემების თანახმად, 50%-იანი ბარიერის გადალახვას ორი მთავარი კანდიდატიდან ვერცერთი ახერხებს.

სახელმწიფო მედიასააგენტო Anadolu Agency-ის ინფორმაციით, ამჟამად ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: ერდოღანი (AKP) – 49.35%, ქილიჩდაროღლუ (CHP) – 45.00%, ოღანი (ATA Alliance) – 5.22%.

ცნობისათვის, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად საპარლამენტო არჩევნებიც მიმდინარეობს და მოქალაქეები ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსაც აკომპლექტებენ.

შეგახსენებთ, თურქეთი 2018 წლიდან საპრეზიდენტო მოწყობის სახელმწიფო გახდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა 2018 წლის ივლისში გამარჯვებიდან მალევე ქვეყანა საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადაიყვანა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გააუქმა. შესაბამისად, როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ერთსა და იმავე დღეს, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იმართება.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ხმათა 50%-ზე მეტს მოაგროვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

რაც შეეხება პარლამენტს, თურქეთის მთავარი საკანონმდებლო ორგანო 600 წევრისაგან შედგება. საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად კი ნებისმიერ პარტიას 301 მანდატი სჭირდება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა თურქეთში 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. აქამდე საპარლამენტო ზღვარი 10%-ს წარმოადგენდა, რაც 2022 წელს შემცირდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ოფიციალური შედეგები ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.