თურქეთიდან სურსათის ექსპორტმა პირველად ისტორიაში $20 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. Dailysabah-ის ცნობით, ეს იმის დამსახურებაა, რომ პანდემიის პერიოდში, ლოქდაუნების პირობებში სურსათზე მოთხოვნა გაიზარდა. მაშინ როდესაც რიგი სექტორები პანდემიამ სრულად გააჩერა, საკვების ინდუსტრიამ პირიქით, დიდი სარგებელი ნახა.
პანდემიამ ასევე შეაფერხა მიწოდების ჯაჭვის მუშაობა მსოფლიოს არაერთ რეგიონში, თუმცა, თურქეთმა თავი კარგად გაართვა ამ კრიზისს და დანაკარგების გარეშე გამოვიდა.
უფრო კონკრეტულად, მარცვლეული პროდუქტების, პარკოსნების, ხილის და ბოსტნეულის სექტორებმა ექსპორტის ჭრილში რეკორდულად მაღალი მონაცემები აჩვენეს.
თურქეთის საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ასოციაციის გენერალური მდივნის, ილკნურ მენლიკის განცხადებით, პანდემიის დროს სურსათის საწარმოები არ დახურულა, უფრო მეტიც, ქვეყანაში ახალი საწარმოებიც გაიხსნა, განსაკუთრებით რძის პროდუქტების მიმართულებით.