თურქეთის პრეზიდენტმა ახალი ეკონომიკური მოდელი წარადგინა და მოსახლეობას ნდობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტმა ახალი ეკონომიკური მოდელი წარადგინა და მოსახლეობას ნდობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსახლეობას ახალი ეკონომიკური მოდელი წარუდგინა და მოთმინება და ნდობა სთხოვა. მისი განცხადებით, ქვეყნის ახალი ეკონომიკური პოლიტიკა და დაბალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციების რაოდენობას, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ექსპორტს.

შეიძლება ითქვას, რომ ახალ ეკონომიკურ მოდელში ერდოღანმა შეინარჩუნა საკუთარი ერთგულება ფულის სესხების დაბალდანახარჯიანობისადმი. ხოლო მთავრობა, მარეგულირებელი ორგანოები და საბანკო ასოციაციები ერთხმად იზიარებენ ქვეყნის მმართველის ეკონომიკურ სტრატეგიას.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ერდოღანმა უცხოური ვალუტების მფლობელ შინამეურნეობებსა და ოჯახებს მოუწოდა, ახალი ეკონომიკური მოდელის შესაძლებლობებით ისარგებლონ. მთავრობის უმაღლესი პირების განცხადებით, შესაძლოა, თავდაპირველად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაღალი ფასები შენარჩუნდეს, თუმცა დროთა განმავლობაში მთავრობის მასტიმულირებელი მონეტარული პოლიტიკა სიტუაციას დაასტაბილურებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ფასების მკვეთრი მატება იმპორტის გადასახადების გარდა სხვადასხვა კომპანიის სიხარბის დამსახურებაც არის. სწორედ ამიტომ, მან პირობა დადო, რომ არ დაუშვებს არც ერთ დაწესებულებაში მარაგების შეგროვებას. როგორც ჩანს, აღნიშნულმა პრეცედენტებმა შიდა ბაზარზე მრავალი პროდუქციის დეფიციტი შექმნა, რასაც ფასების ზრდაც მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში თურქეთის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 21.31%-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ნიშნულია. თურქეთის ცენტრალური ბანკის თქმით, ინფლაცია დროებითია და მალე ეკონომიკა განვითარების ჩვეულ ტემპებს დაუბრუნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *