თვითმართვადი საბუქსირე ნავი, Odyssey, თითქმის 1,600 კილომეტრის ავტონომიურად დაფარვას რამდენიმე კვირაში შეუდგება. პროექტს სახელი ჰომეროსის ცნობილი პოემის, „ოდისეას“, პატივსაცემად დაერქვა. საბუქსირე ნავი ჰოლანდიურმა გემთმშენებელმა კომპანიამ, Damen Shipyards-მა ააგო და ის მოგზაურობას გერმანიიდან დაიწყებს. საბოლოო დანიშნულების ადგილი კი დანია იქნება.
თუმცა გემის სათავეში არა მეზღვაური, არამედ ბოსტონის საზღვაო ტექნოლოგიური ფირმის, Sea Machines-ის მიერ დამზადებული ავტონომიური, თვითმართვადი თანამედროვე სისტემა, SM300 იქნება. ამისდა მიუხედავად, ნავი მოგზაურობაში სრულიად მარტო არ გაეშვება. მასზე ეკიპაჟის რამდენიმე წევრი იქნება, რომლებიც გემის ფუნქციონირებას დააკვირდებიან.
საბუქსირე ნავის ზღვაში ჩაშვება 1 ოქტომბერს, ჰამბურგშია დაგეგმილი. Sea Machines-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ჯონსონის განმატებით, კომპანიის მიზანია, გემის 99%-ის ავტონომიური სისტემის მიერ მართვას მიაღწიონ. მან ასევე აღნიშნა, რომ სისტემას თავად გემი გააკონტროლებს და კურსსაც თავადვე დაგეგმავს პორტიდან პორტამდე.
კომპანიის განცხადებით, თვითმართვად სისტემას შეჯახების სენსორული პროგრამა აქვს, რისი მეშვეობითაც იგი შეტაკებას თავიდან ირიდებს. სენსორების დახმარებით სისტემა სრულად აცნობიერებს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და აღიქვამს დინამიკურ, მოძრავ ობიექტებსა და ირგვლივ მყოფ გემებს. შემდეგ კი შეჯახებისა და დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად ზემოთ აღნიშნულ შეჯახების საწინააღმდეგო სისტემას იყენებს.
საინტერესოა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში გემის მართვაში მონაწილეობის მიღება კომპანიის შტაბბინიდან, ბოსტონიდანაც იქნება შესაძლებელი.