ტრაგედია შოვში | ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

ტრაგედია შოვში | ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

დღეს საქართველოში გლოვის დღეა – რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე ჩამოწვა. მთიდან წამოსულმა მიწის მასამ მის მიმდებარედ განლაგებული კოტეჯები და სხვა ნაგებობები დაფარა. გეოლოგების განცხადებით, მეწყრის შედეგად 5 მლნ-ზე მეტი კუბური მეტრის მყარი მასა მოვიდა დინამიკაში.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სტიქიის დღეს დაიწყო და ამ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს. მასში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და მოხალისეები არიან ჩართულნი. ადგილზე მუშაობს Mi-8 ტიპის შვეულმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა.

ბოლო ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად 18 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც ამ დროისთვის 14 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. ამჟამად სტიქიის ზონაში 16 ადამიანს ეძებენ.