გასული სამი წლის განმავლობაში, ბიზნესმენები და ინვესტორები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეკონომიკური მმართველობის მხარდამჭერები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მის მოქმედების სტილს არ ეთანხმებოდნენ. ტრამპმა შეამცირა გადასახები და რეგულაციები, რაც კორპორატიული ამერიკისთვის ერთგვარი საჩუქარი იყო, რათა ბიზნესის შემოსავლები და მათი აქციების ფასი გაზრდილიყო.
თუმცა, როგორც Yahoo Finance-ის ჟურნალისტი რიკ ნიუმანი თავის სტატიაში წერს, თითქმის გამორიცხულია, რომ ტრამპმა მეორე ვადით არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ბიზნესის ასეთი მხარდაჭერა განაგრძოს, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა უკვე რეცესიაშია კორონავირუსის კრიზისის გამო. ქვეყანას ტრილიონობით დოლარის მობილიზება დასჭირდა ეკონომიკის დასახმარებლად.
“ტრამპის მმართველობის დასაწყისში, მისი დღის წესრიგი ძირითადად ბაზრის გაზრდაზე იყო ფოკუსირებული. მის დღის წესრიგში რაც იყო მონიშნული, უმეტესად უკვე ყველა შესრულებულია,” – ამბობს ედ მილსი, Raymond James-ის ანალიტიკოსი ვაშინგტონში.
ტრამპს ჯერ არ უსაუბრია თუ როგორი იქნება ეკონომიკური დღის წესრიგი მისი მეორე ვადის პერიოდში, თუმცა, აღნიშნა რომ მისი სავაჭრო “ომი” ჩინეთთან გაგრძელდება და შესაძლოა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. Raymond James-ის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვაჭრობაში ბუნდოვანება, რომელიც ორ ქვეყანას შორის კავშირების დაძაბვას უკავშირდება, უარყოფითად აისახება ბაზარზე.
გარდა ამისა, ტრამპის ანტიიმიგრაციური ნაბიჯები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, თუ რა შეიძლება მან გააკეთოს მეორე ვადით არჩევის შემდეგ. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ აჩერებს იმიგრანტებისთვის ვიზების გაცემას. მართალია მან ამის მიზეზად კორონავირუსი დაასახელა, თუმცა, მისი გადაწყვეტილებები მუდმივად გამოირჩეოდა იმიგრაციის შეზღუდვის მცდელობებით. ამიტომაც ბევრი ამბობს, რომ ახლა კორონავირუსს უბრალოდ მიზეზად იშველიებს. ეს გადაწყვეტილება კი მნიშვნელოვნად დააზარალებს ტექნოლოგიურ კომპანიებს, სადაც კვალიფიციური მუშა-ხელია საჭირო.
ტრამპი ასევე იმუქრება მეტალების იმპორტზე ახალი ტარიფის დაწესებით და ევროპასთან სავაჭრო ომის გაჩაღებით.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნესმენები ტრამპის დემოკრატ მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენს დაუჭერენ აქტიურად მხარს. ბაიდენს სურს, რომ ბიზნესის გადასახადები გაზარდოს 28%-მდე და წერტილი დაუსვას საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქებას ენერგოკომპანიებისთვის და სხვა სექტორებისთვის.
თუმცა, ბაიდენი მხოლოდ მაშინ შეძლებს ამ ცვლილებების შეტანას თუ გაიმარჯვა და თუ სენატიც დემოკრატების მმართველობაში აღმოჩნდება, რისი შესაძლებობაც 50/50-ზე არსებობს.
ვაჭრობის თვალსაზრისით, ბაიდენი უკეთესი კანდიდატია. ჩინეთისთვის რეგულაციები არ ჩამოუთვლია, მაგრამ თუ იგი ამომრჩეველს ჰპირდება ტრამპამდელი ნორმების დაბრუნებას, ბაიდენი განაახლებს იმ ალიანსებსა და სავაჭრო კავშირებს, რომლებიც ტრამპმა დაშალა. ბაიდენი ალბათ გააუქმებს ტრამპის ტარიფებს და იმუშავებს ჩინეთზე წნეხის შესაქმნელად, რომ მან ისე შეცვალოს სავაჭრო ნაბიჯები, რომ არ მიაყენოს ზიანი გლობალური მიწოდებისა და რესურსის ჯაჭვს.
ბაიდენის პანდემიასთან ბრძოლის და ეკონომიკის აღდგენის გეგმა კიდევ უფრო გამოარჩევს მას ტრამპისგან. საზოგადოებრივი ჯანდაცვა ამჟამად ძლიერ კავშირშია ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, რადგანაც დაინფიცირების ბევრი შემთხვევა აფერხებს აღდგენით პროცესს და ბიზნესები და დასაქმებული მოქალაქეები ვეღარ უბრუნდებიან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. ბაიდენი მხარს უჭერს მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას ვირუსზე. თუკი პანდემია არჩევნების დღემდე გააგრძელებს ეკონომიკის შეფერხებას, ბაიდენის ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზრდება.
ამომრჩეველი მაინც ტრამპისკენ უფრო იხრება ეკონომიკის თვალსაზრისით, მაგრამ ბოლო თვის განმავლობაში, მისი რეიტინგი იკლებს, ვინაიდან პრეზიდენტი ვერცერთ ასპექტს ვერ უმკლავდება სათანადოდ. ნოემბერში მოსაგებად, მას ესაჭიროება ეკონომიკის ძლიერი აღდგენა, ამჯერად ცარიელი ტრაბახი ვერ გაჭრის, თუ ამომრჩეველმა არ იგრძნო, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება.