ტრამპი TikTok-ის გასაყიდად ვადის კვლავ გახანგრძლივებას გეგმავს

ტრამპი TikTok-ის გასაყიდად ვადის კვლავ გახანგრძლივებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის „სავარაუდოდ“ TikTok-ის გასაყიდად განსაზღვრულ ვადას კიდევ ერთხელ გაახანგრძლივებს. თანამდებობაზე მოსვლისას, ტრამპის მიერ ჩინური სოციალური პლატფორმის გაყიდვისთვის მიცემული ვადა 5 აპრილს იწურება.

არსებული გეგმით, ამერიკის შეერთებული შტატები TikTok-ის ამერიკული ოპერაციების შიდა სუბიექტისთვის მიყიდვას განიხილავს. „შესაძლებელია… TikTok-სადმი ჩვენი ინტერესი ძალიან დიდია. ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი შეთანხმებას დაამტკიცებს“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა იანვარში გამოცემული აღმასრულებელი ბრძანების მსგავსად, TikTok-ის გასაყიდად ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივებას.

თავდაპირველად, ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჩინურ კომპანია ByteDance-ს TikTok-ის გასაყიდად ვადა 2024 წლის 19 იანვრამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით, პლატფორმა აიკრძალებოდა. ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე, TikTok-ი აშშ-ში მცირე ხნით მართლაც გაითიშა, თუმცა მალევე აღდგა. შემდგომ კი, ტრამპმა, აღმასრულებელი ბრძანებით, ვადა 75 დღით გაახანგრძლივა.

აშშ-სა და ჩინეთს შორის TikTok-ზე შეთანხმების მიღწევა შესაძლოა ახალმა ტარიფებმაც გაართულოს. პრეზიდენტმა ტრამპმა, სამშაბათს, ჩინეთიდან საქონლის იმპორტზე გაორმაგებული, 20%-იანი ტარიფები გამოაცხადა. ტარიფებთან დაკავშირებით, კომენტარი ჩინეთის საგარეო საქმეთა სპიკერმა, ლინ ძიანმა გააკეთა და ამერიკას სავაჭრო ომით დაემუქრა: „თუ აშშ-ს ომი სურს, იქნება ეს ტარიფების, სავაჭრო თუ სხვა სახის ომი, ჩვენ მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ“.