ფოტო: gludo.org
ორშაბათს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თავშესაფრის მთხოვნელი უცხოელებისათვის არასაიმიგრაციო ვიზების გაუქმებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფართომასშტაბიანი იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში განხორციელებულ უახლეს ნაბიჯს წარმოადგენს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება კოორდინაციას ახორციელებს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან. პარტნიორობა იმ უცხოელების არასაიმიგრაციო ვიზების იდენტიფიცირებისა და გაუქმების მიზნით ხორციელდება, რომლებიც შეერთებულ შტატებში მოკლევადიან ვიზიტორებად ჩამოვიდნენ, შემდეგ კი თავშესაფარს მოითხოვენ მუდმივად დარჩენისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არ არის მითითებული ვიზების რაოდენობა, რომლებიც ამ პროცესის განმავლობაში გაუქმდება. Associated Press-ის ინფორმაციით, იმ უცხოელების რიცხვი, რომელთა ბიზნეს– და ტურისტული ვიზების გაუქმებაც იგეგმება, 200,000-მდე იქნება.
AP-ის რეპორტაჟის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი 2016-დან 2026 წლამდე გაცემულ, B1 და B2 ვიზებს გააუქმებს, რომელთა მფლობელებმაც აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვეს. ცნობისათვის, B1 და B2 არასაიმიგრაციო ვიზები საქმიანი და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა.
ვიზების გაუქმება დაუყოვნებლივ დეპორტაციას აუცილებლად არ გამოიწვევს. თავშესაფრის მთხოვნელ პირთა უმეტესობა დაკარგავს საქმიანი ან ტურისტული მოგზაურების სტატუსს. თავშესაფრის მთხოვნელ პირთა უმეტესობა განაცხადის განხილვის შესაძლებლობას თავიდან მიიღებს.
თვის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეების 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა.
მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის ფარგლებში ტრამპმა იმიგრაციის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო, რაც მოიცავს ვიზებისა და მწვანე ბარათების გაუქმებას და აგრესიულ დეპორტაციის კამპანიას. მისი ადმინისტრაციის პირობებში მნიშვნელოვნად გართულდა ლეგალური იმიგრაციაც, რაც ვიზების მისაღებად გარკვეული გადასახადების დაწესებას გულისხმობს.














