ტრამპის უიმედო ვალი

ტრამპის უიმედო ვალი

როცა ტრამპმა 2017 წელს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, მან უარი თქვა თავისი აქტივებისგან განთავისუფლებაზე. ეს ნაბიჯი კი მას დაახლოებით $1.6 მილიარდად დაუჯდა.

2017-ის იანვარში თეთრ სახლში შესვლიდან მოყოლებული, რამდენიმე თვის წინ იქაურობის დატოვების პერიოდამდე, დონალდ ტრამპის ქონება თითქმის მესამედით შემცირდა – $3.5 მილიარდიდან $2.4 მილიარდამდე, ხოლო S&P 500, ამასობაში, 70%-ით გაიზარდა.

ყველა ინვესტორის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როცა საკუთარ თავზე გაბრაზებულან იმის გამო, რომ აქტივი ზედმეტად დიდხანს არ გაუშვიათ ხელიდან. მაგრამ ალბათ არც ერთის გათვლა ყოფილა ასე დრამატულად მცდარი. თანამდებობის დაკავებისას პორტფელზე უარის ართქმით, ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის წლები ეთიკური კითხვებით გაჟღინთა და, ამავე დროს, ხელიდან გაუშვა შანსი, კაპიტალიზება მოეხდინა ბაზრის ბუმზე, რომლის სტიმულირებაში თავად შეეტანა წვლილი.

პირველ დღეს ყველაფერი რომ გაეყიდა, კაპიტალური მოგების გადასახადთა მაქსიმუმი რომ გადაეხადა და მერე მიღებული თანხები კონფლიქტისგან თავისუფალ, S&P 500-ისთვის თვალის მიმდევნებელ ფონდში ჩაედო, ტრამპი პრეზიდენტობის ვადას $1.6 მილიარდით უფრო მდიდარი დაასრულებდა, ვიდრე დღეს არის. ქვემოთ მის ოთხ ყველაზე დიდ დამაზარალებელ და ორ მთავარ მოგებიან აქტივს შეგიძლიათ, გაეცნოთ.

6 East 57th Street • ნიუ-იორკი

წმინდა ღირებულება: $148 მილიონი
ცვლილება პრეზიდენტობის დროს: 📉 $217 მილიონი

ონლაინშოპინგმა მთლად გააუკაცრიელა ისეთი შენობები, როგორიც ეს მყვირალა, 65,000 კვადრატული ფუტის სივრცეა, მეხუთე ავენიუდან ორ ნაბიჯში და იმ ადგილის შუაგულში რომ მდებარეობს, რაც, ერთ დროს, მსოფლიოში ყველაზე ფუსფუსა სავაჭრო ობიექტების ბინას წარმოადგენდა. ცხადია, საქმე უარესად გააფუჭა Nike-ის მიერ 2018-ში თავისი ხუთსართულიანი ფლაგმანის დატოვებამ. Tiffany, რომელსაც Nike-ის ძველი სივრცე ქვეიჯარით აქვს აღებული (მანამ თავის მეხუთე ავენიუზე განთავსებულ ცენტრს არემონტებს), გეგმის მიხედვით, 2022-ში დატოვებს შენობას.

40 Wall Street • ნიუ-იორკი

რას ფლობს ტრამპი: იჯარით ფლობის უფლებას
ჯამური ღირებულება: $304 მილიონი
ვალი: $137 მილიონი
წმინდა ღირებულება: $168 მილიონი
ცვლილება პრეზიდენტობის დროს: 📉 $195 მილიონი

Trump’s Financial District-ის – ათობით მცირე ფირმის სახლის – მოგებები 32%-ით დაეცა 2020-ის პირველ სამ კვარტალში. ამაზე ახალი მონაცემები ჯერ არ მოიპოვება.

სასტუმრო მენეჯმენტი და ლიცენზირება

წმინდა ღირებულება: $57 მილიონი
ცვლილება პრეზიდენტობის დროს: 📉 $163 მილიონი

ტრამპის ბრენდირების ბიზნესს ნამდვილად არ უხეირია პოლარიზაციით გაჯერებული ოთხი წლითა და 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრით. ლიცენზიის ზოგმა მფლობელმა საკუთარ უძრავ ქონებას მოაცილა Trump-ის სახელი და არც არავინ ჩანს მოწადინებული, ადგეს და კვლავ დაკიდოს ის. „მან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა Trump-ის სახელსა და იმიჯს, ყოველ შემთხვევაში, მომდევნო ოცი ან ოცდაათი წლის განმავლობაში“, – ასკვნის უძრავი ქონების ანალიტიკოსი კევინ ბრაუნი.

Trump National Doral, მაიამი

ჯამური ღირებულება: $135 მილიონი
ვალი: $125 მილიონი
წმინდა ღირებულება: $10 მილიონი
ცვლილება პრეზიდენტობის დროს: 📉 $160 მილიონი

ამ გოლფის კურორტზე საქმე პანდემიამდეც ცუდად მიდიოდა. შემოსავალი 40%-ზე მეტად დაეცა. ახლა, როცა 2023-ში Deutsche Bank-ისთვის $125-მილიონიანი ვალის დაფარვის დრო ახლოვდება, ჭორები დაირხა, რომ Trump Organization-ი, შესაძლოა, ამ უძრავი ქონების კაზინოდ გარდაქმნას განიხილავდეს.

555 California St • სან-ფრანცისკო

რას ფლობს ტრამპი: 30%-იან წილს სამშენობიან კომპლექსში
ჯამური ღირებულება: $1.9 მილიარდი
ვალი: $538 მილიონი
წმინდა ღირებულება: $422 მილიონი
ცვლილება პრეზიდენტობის დროს: 📈 $102 მილიონი

ტრამპის ორმა მსხვილმა მეიჯარემ, Goldman Sachs-მა და Bank of America-მ, კაპიტოლიუმის ავადგანთქმული მოვლენების შემდეგ, ტრამპთან დისტანცირება საზოგადოებისთვის ცხადი გახადა. მიუხედავად ამისა, კულისებში ორივემ განაახლა თავისი იჯარა ტრამპის ყველაზე ღირებულ უძრავ ქონებაში.

Mar-a-Lago • პალმ-ბიჩი, ფლორიდა

წმინდა ღირებულება: $250 მილიონი
ცვლილება პრეზიდენტობის დროს: 📈 $75 მილიონი

როცა კორონავირუსი დაგვატყდა თავს, ჩრდილოდასავლელებმა აქტიურად იწყეს სამხრეთისკენ გადაბარგება, ფლორიდელები კი ადგილზე დარჩნენ. სერიოზული მოთხოვნა და შეზღუდული მოწოდება სასიამოვნო სიახლე იყო შტატის ბინათმფლობელებისთვის და, მათ შორის, ტრამპისთვისაც. პალმ-ბიჩის კლუბი მან 1985-ში იყიდა (და ახლა, ვაშინგტონის დატოვების შემდეგ, სწორედ აქ დაბანაკდა) – დაახლოებით $10 მილიონად: $5 მილიონი ზომაზე დიდ სახლს დასჭირდა, $3 მილიონი – გავრცელებული ცნობებით, მდიდრულ ავეჯსა და დეკორაციას, პლუს კიდევ ერთი $2 მილიონი – სანაპიროს მიწას გზის გადაღმა.

 

Photo Credits to  Sarah Silbiger/GETTY IMAGES

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *