ტრამპის ვალების გადახდის დრო ახლოვდება

ტრამპის ვალების გადახდის დრო ახლოვდება

2021-ის 20 იანვარს პრეზიდენტი ტრამპი ბიზნესმენ ტრამპის ამპლუას დაუბრუნდება და საქმეც ბევრი ექნება, თუმცა აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების სათავეში იმის გარკვევა უნდა იყოს, თუ როგორ დაფარავს მისი ბიზნესი $1 მილიარდზე მეტ ვალს, რომლის გადახდის ვადა 2021-დან იწყება და 2025-მდე გრძელდება. სავარაუდოდ, მოსალოდნელია მსხვილ- მსხვილი გარიგებები, რაც ტრამპს საშუალებას მისცემს, ნაღდი ფული თავისი $3.7 მილიარდის (გათვლების თანახმად) ტოლფასი აქტივებიდან გამოადნოს. 

2021

555 California Street | სან-ფრანცისკო

კრედიტორი: უცნობია • ვალი: $162 მილიონი (გათვლებით)

ყურის ოლქის ამ შენობაში ტრამპი 30%-ს ფლობს, დანარჩენი 70%-ის – საკონტროლო წილის – მფლობელი კი საჯარო ბაზარზე მბრუნავი Vornado Realty Trust-ია. აგვისტოში, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ონლაინშეხვედრაზე, Vornado-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ როტმა გამოთქვა იდეა, ამჟამინდელი $451-მილიონიანი სესხი პარტნიორებს $1.5-მილიარდიანით ჩაენაცვლებინათ. ასეთ შემთხვევაში, ტრამპის სასესხო ვალდებულებები გრძელვადიანი გახდება, თუმცა, მეორე მხრივ, მას შესაძლოა, საშუალება მიეცეს, ნაღდი ფულიდან წინასწარ $250 მილიონზე მეტი აიღოს, ეს კი, თავის მხრივ, ცოტას ამოასუნთქებს და დანარჩენი სესხების დაფარვაში დაეხმარება.


2022

Trump Tower | ნიუ-იორკი

კრედიტორი: Ladder Capital • ვალი: $100 მილიონი

მას მერე, რაც 2012-ში ტრამპმა ეს ფული ისესხა, ის მხოლოდ პროცენტს იხდის. $100-მილიონიანი ბალანსის დაფარვის დრო 2022-ის 6 სექტემბერს დგება.


 

 

1290 Avenue of the Americas | ნიუ-იორკი

კრედიტორი: უცნობია • ვალი: $285 მილიონი


Vornado-სთან პარტნიორობით, ტრამპი მეექვსე ავენიუს ამ ცათამბჯენის 30%-საც ფლობს.

 Vornado ფიქრობს, როგორ მოიქცეს: გაყიდოს თუ რეფინანსირება გაუკეთოს ორივე აქტივს, რასაც ტრამპთან ერთად იზიარებს, მაგრამ ბაზრის მიმდინარე სიტუაციამ საქმე გაართულა. ნოემბერში Vornado-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღიარა, რომ აღნიშნულმა უძრავმა ქონებებმა, შესაძლოა, ვერ მოიხვეჭოს ის ფასი, რისი იმედიც მას თავიდან ჰქონდა. 


2023

Trump National Doral | მაიამი

კრედიტორი: Deutsche Bank • ვალი: $125 მილიონი (გათვლებით)


Deutsche Bank-მა ტრამპს $125 მილიონი ასესხა მაიამისთვის, ვაშინგტონისთვის (კოლუმბიის ოლქი) – დაახლოებით $175 მილიონი და $45 მილიონი – ჩიკაგოსთვის. სამივე უძრავი ქონება პრობლემებშია. რა გასაკვირია, რომ, გავრცელებული ცნობებით, გერმანულ ბანკს ტრამპის თავიდან მოშორება უნდა. 

 


2024

Trump International Hotel | ვაშინგტონი (კოლუმბიის ოლქი)

კრედიტორი: Deutsche Bank • ვალი: $170 მილიონი (გათვლებით)


2016-ის კამპანიის დროს ტრამპი ტრაბახობდა, მთავრობის მფლობელობაში არსებული Old Post Office-ის იჯარის ხელშეკრულება მაქვს მოპოვებულიო: „იქნებ, კარგად გამომდის მოლაპარაკებები?! ვინ იცის…“ მაგრამ ისე ჩანს, რომ ობამას ადმინისტრაციამ, რომელმაც ეს ხელშეკრულება დადო, რეალურად აჯობა ტრამპს. მთავრობას გარანტირებული $3 მილიონი ერგო ქირის ყოველწლიური საფასურის სახით, ტრამპს კი სასტუმრო შერჩა, რომელიც გამალებით კარგავს ფულს.


Trump International Hotel & Tower | ჩიკაგო

კრედიტორი: Deutsche Bank • ვალი: $45 მილიონი (გათვლებით)


მოგებები პრეზიდენტის ჩიკაგოურ სასტუმროში მას მერე დაეცა, რაც მან პოლიტიკაში შედგა ფეხი: Washington Post-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, თუ 2015-ში ამ სასტუმროს წმინდა ოპერაციული შემოსავალი $16.6 მილიონი იყო, 2018-ში ეს მაჩვენებელი $1.8 მილიონამდე ჩამოქვეითდა.


Trump Plaza | ნიუ-იორკი

კრედიტორი: Ladder Capital • ვალი: $13 მილიონი


მანჰეტენზე, მესამე ავენიუს მახლობლად, პრეზიდენტი სავაჭრო სივრცეს, გარაჟსა და ყავისფერი ქვიშაქვით აგებულ ორ საცხოვრებელ სახლს აკონტროლებს, რომლებიც სხვადასხვა მოიჯარისთვის, მათ შორის, საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიისთვის, აქვს მიქირავებული.


 

2025

40 Wall Street | ნიუ-იორკი

კრედიტორი: Ladder Capital • ვალი: $138 მილიონი


2016-ის კამპანიის ჩაშვებიდან ორი კვირის თავზე ტრამპმა $160 მილიონი ისესხა, რისთვისაც იპოთეკით თავისი ცათამბჯენი დატვირთა მანჰეტენის ფაინენშალ-დისტრიქტში. შენობას ვერ მისდის საქმე კარგად. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ფასი ისევ ორჯერ აღემატება სესხის ღირებულებას, ტრამპის გამსესხებლები, ამ შემთხვევაში, უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს… ნამდვილად უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე Deutsche Bank-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *