მიხეილ ჩხარტიშვილის, კოტე თაყაიშვილისა და ზურა ინაიშვილის მიერ დაფუძნებული AppIdea ცდილობს, $1-ტრილიონიანი ინდუსტრიისთვის საქართველოსაც აკბეჩინოს. ახალგაზრდა ვენჩურული კაპიტალისტების წარმატება განსაზღვრავს, როდის შეძლებს ქვეყანა აპლიკაციის დეველოპერთა რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას.
ადვილია ირონიის დანახვა თანამედროვე სტარტაპების ბედში: მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეულ მილიარდად შეფასებული ტექნოლოგიური კომპანიები ჩვენი დროის ახალი “როკსტარების”, ოცდარაღაცა წლის ანტრეპრენიორების მიერ არის ჩასახული, ძირითად შემთხვევებში, მათ უკან Accel-ის, Kleiner Perkins-ის, Greylock-ისა და Sequoia-ს მსგავსი ვენჩურული კომპანიები დგანან – 1970-80 წლებში ფესვგადგმული ფირმები, რომელთა მმართველებიც იმ ხნისანი არიან, რომ საბეჭდ მანქანასთან მუშაობის პრაქტიკა გააჩნიათ. AppIdea-ს დამფუძნებლები ამ სქემის მიღმა ექცევიან. მიხეილ ჩხარტიშვილი, კოტე თაყაიშვილი და ზურა ინაიშვილი სწორედ იმ თაობას წარმოადგენენ, რომელსაც სმარტფონთან უფრო ხანგრძლივი “მეგობრობა” აკავშირებს, ვიდრე მრგვალციფერბლატიან ტელეფონთან; თავად AppIdea-ს წლოვანების საჩვენებლად კი ბარტ სიმპსონის ცალი ხელის თითებიც საკმარისია (სულ ოთხი აქვს).
ახალგაზრდული სული არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომლის გამოც ბრიტანულ-ქართული ვენჩურული კაპიტალის ფონდი მსოფლიოში დამკვიდრებულ შაბლონში არ თავსდება – საქმე ისაა, რომ AppIdea მხოლოდ საინვესტიციო ფონდი არ გახლავთ, იგი ამასთანავე აპლიკაციების დეველოპერი კომპანიაა, რომელიც ჩხარტიშვილების ოჯახის კერძო საინვესტიციო კაპიტალის გარდა, სილიკონის ველის სტანდარტის ტექნიკურ პერსონალს განკარგავს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი კოტე თაყაიშვილი მათ უწოდებს – “სანთლით ნარჩევი ხალხი” – თბილისის ოფისში არიან თავმოყრილნი. ამ ოფისს ივნისის მიწურულს ვესტუმრე. რესპონდენტების გამორჩევა არ გამჭირვებია – განზე მდგარი ორი სილუეტის გარდა, ვინმესთვის ან რამისთვის ლოდინის შთაბეჭდილებას იქ არავინ ტოვებდა. კოტე თაყაიშვილი და ზურაბ ინაიშვილი მითინგ- რუმში შემიძღვნენ, რათა Skype-კონფერენციის საშუალებით, მესამე დამფუძნებელს, ლონდონში მცხოვრებ მიხეილ ჩხარტიშვილს გავსაუბრებოდი.
“ფინანსურ მიმართულებას მიშა ინგლისიდან ხელმძღვანელობს, – განმიმარტა ზურა ინაიშვილმა მისვლისთანავე – კოტე და მე უმეტესად თბილისში ვართ, მე უფრო ტექნიკური, დიზაინის კუთხით ვმუშაობ, კოტე – საერთაშორისო ურთიერთობების”.
AppIdea-ს იდეა 2011 წელს დაიბადა. ლონდონის Regent’s University-ის კურსდამთავრებულმა ჩხარტიშვილმა და ინაიშვილმა, იმ დროს თბილისში მყოფ თაყაიშვილთან ერთად, გადაწყვიტეს ანალიტიკური ჯგუფი შეეკრათ, რომელიც აუტსორსერი დეველოპერების დახმარებით, მათ ვენჩურულ კომპანიას ადგილს დაუმკვიდრებდა აპლიკაციების ბაზარზე. ანალიტიკურ ჯგუფამდე პროექტები საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიეტანათ. იდეის მოსწრებულობის საილუსტრაციოდ საკმარისია იმის აღნიშვნაც, რომ Apple-ის AppStore-ი მხოლოდ 2007 წელს გაჩნდა, ხოლო აპლიკაციების მაღაზიები წლის მთავარ ტრენდთა სიაში 2010 წლამდე არ აღმოჩენილა. დღეს აპლიკაციების ბაზარი $1 ტრილიონადაა შეფასებული.
თავდაპირველი ჩანაფიქრი საკუთარი დეველოპერების ყოლას არ მოიცავდა: AppIdea-ს სურდა, შეექმნა ვებპროდუქტები და ამავდროულად, წილის სანაცვლოდ, საიდუმლო პარტნიორობის ეგიდით, დაეფინანსებინა დამაიმედებელი სტარტაპები, რომელთაც ანალიტიკური ჯგუფი გამოარჩევდა. “მაგრამ პროცესის მიმდინარეობის დროს რეალურად ვიგრძენით ამ ინდუსტრიის საქართველოში განვითარების პოტენციალი და გადავწყვიტეთ, უფრო მაღალ რისკზე წავსულიყავით კაპიტალის ინვესტირების თვალსაზრისით, – მეუბნება მიხეილ ჩხარტიშვილი. – 2012 წლის ბოლოს უკვე გვქონდა კონკრეტული კაპიტალი საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებაში დასაბანდებლად”. ხსენებული კაპიტალი $1 მილიონს აღემატებოდა, თუმცა ამაში, რა თქმა უნდა, არ შედიოდა ვენჩურული მიმართულებისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც სადღეისოდ $3 მილიონს აღწევს.
დროთა განმავლობაში გაფართოვდა პარტნიორი წარმომადგენლობების ქსელი, რომელიც ანალიტიკურ ჯგუფს პოტენციურად წარმატებული წამოწყებების ჩამონათვალს აწვდის. AppIdea-ს პარტნიორი წარმომადგენლობა, ლონდონის გარდა, არსებობს ჩეხეთსა და დანიაში, მალე გაჩნდება აშშ- შიც: “ნიუ-იორკთან მოლაპარაკება, პრინციპში, დასკვნით ეტაპზეა, – გვამცნობს კოტე თაყაიშვილი, – პატარა დეტალები დაგვრჩა შესათანხმებელი”.
ანალიტიკური ჯგუფი AppIdea-ს ვენჩურული ბიზნესის ფილტრია – პარტნიორი წარმომადგენლობების მიერ მოწოდებული პროექტების დეტალური ანალიზი, მათი რისკებისა და პოტენციალის გაზომვა მთლიანად ამ ქვედანაყოფის პასუხისმგებლობაა. ყველა პროექტი, რომელიც AppIdea-ში შედის (appidea.com-ზე ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი განაცხადის ფორმაც კია განთავსებული) ავტომატურად გადამისამართდება ანალიტიკოსებთან და მხოლოდ მათი “მწვანე შუქის” შემდეგ ხვდება მმართველი პარტნიორების მაგიდაზე. შემოსული იდეების დამუშავებას ლევან ბასილაძე მეთაურობს. მოწონების შემთხვევაში, კომპანია პროექტის მომწოდებლებს უკავშირდება და პარტნიორობას სთავაზობს.
წარმომადგენლობებისგან AppIdea მხოლოდ “იდეებს” არ სჯერდება. “ეს ინდუსტრია სავსეა იდეებით, – ამბობს მიხეილ ჩხარტიშვილი, – თუმცა ამ იდეების 80% ნაგავია. წარმომადგენლობის ვალდებულებაა, ჩვენთან ისეთი პროექტები მოიტანონ, რომლებიც უკვე დამუშავებული და სერიოზულია”.
თუკი AppIdea პროექტს ხელს მოჰკიდებს, მიმწოდებელი წარმომადგენლობა, ძირითად შემთხვევებში სტარტაპის წილს იღებს (პროცენტი მისივე კონტრიბუციის მიხედვით განისაზღვრება), თუმცა, ვინაიდან მიხეილ ჩხარტიშვილის, კოტე თაყაიშვილისა და ზურა ინაიშვილის კომპანია კერძო კაპიტალს განკარგავს, სტანდარტულ ვენჩურულ კომპანიებთან შედარებით, ისინი თავისუფლები არიან პარტნიორული ურთიერთობის მოდელში და, როგორც კოტე თაყაიშვილი მიხსნის, ამა თუ იმ პროექტში თანამონაწილეობის სახე ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით წყდება. ადაპტირებადი ბიზნესმოდელი AppIdea-ს იდეების ინდუსტრიის ბარიერებს შორის სწრაფი მანევრირების უპირატესობით აჯილდოებს – ერთი მხრივ, კომპანიას შეუძლია პროექტში მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ჩაერთოს, მეორე მხრივ კი არ არის შეზღუდული ჩართულობის სფეროებით: ვენჩურული ფონდებისგან განსხვავებით, საინვესტიციო რესურსის გარდა, მას ტექნიკური პერსონალის რესურსი აქვს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის განვითარებას, ან დასრულებას საკუთარ თავზე იღებს და, შესაბამისად, საბოლოო შედეგისგან უსიამოვნო “სიურპრიზები” ნაკლებად მოსალოდნელია.
მიმდინარე წლის პირველიკვარტალი ვენჩურული ინვესტირების სამყაროში რეკორდული აღმოჩნდა. 2000 წლის შემდეგ, საინვესტიციო ისტორიას არ ახსოვს პირველი კვარტალი, რომელიც 1,020 გარიგებაში ჩადებული $13.4-მილიარდიანი დაფინანსებით აღინიშნა. 2015-ში ინვესტორებმა 26%-ით მეტი გადაიხადეს გარიგებებში, ვიდრე შარშანდელი წლის პირველ კვარტალში. $100 მილიონზე ძვირად ღირებული კონტრაქტების რიცხვმა 12-ს გადააჭარბა და ამ ინვესტიციების ჯამური რაოდენობის უდიდესი წილი სწორედ პროგრამული უზრუნველყოფის ნიხრით მომუშავე კომპანიების დაფინანსებაზე მოდის. სხვა სექტორებთან შედარებით, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების დაფინანსება, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, გაორმაგდა. 2006 წელს მისი მაჩვენებელი 21%-ს შეადგენდა, წელს კი უკვე 42%-ს. გამოდის, მხოლოდ გასულ სამ თვეში, სხვადასხვა ვენჩურული კომპანიის მიერ ვებდეველოპინგში ინვესტირებულმა თანხამ $5.6 მილიარდზე მეტი შეადგინა.
ბუნებრივია, ასეთ ზვიგენებს შორის რამდენიმემილიონიანი საინვესტიციო კაპიტალის განმკარგავი სამი წლის კომპანია ლიფსიტად მოჩანს, მაგრამ “სახეობათა წარმოშობიდან” მოგვეხსენება, ევოლუციურ პროცესში წარმატების კრიტერიუმი არა სიდიდე, არამედ გარემოებებზე სწრაფი და სწორი რეაგირების უნარია (მოკითხვა დინოზავრებს). ლავირებისკენ მიდრეკილებამ და მრავალწახნაგოვანმა, ფილიგრანულად გათვლილმა განვითარების გეგმამ, რომელიც ვენჩურული ფონდის ამ ახალი სახეობის ბიზნესმოდელში უჯრედულ დონეზეა ჩაპროგრამებული, კომპანია უთანასწორო შეჯიბრში საგრძნობლად დააწინაურა. დაფუძნების იდეის გაჩენიდან ოთხ წელიწადში AppIdea უკვე ფლობს მსხვილ წილს სტარტაპში, რომელსაც ვების მომდევნო ფენომენად ქცევის ხელშესახები პერსპექტივა აქვს.
2015 წლის დასაწყისში დანიური პრესა წერდა ახალი “ეროვნული სიამაყის”, Nustay.com-ის შესახებ. ეს გახლავთ სასტუმროების დაჯავშნის სერვისი, რომელიც ჯერ კიდევ გაშვებამდე განიხილებოდა Trivago-ს, Hotels.com-ისა და Booking.com-ის მსგავსი გიგანტებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ კონკურენტად. “სტარტაპი სასტუმროების ონლაინდაჯავშნის ინდუსტრიას რევოლუციით ემუქრება”, – ამბობდა “კოპენჰაგენ-პოსტი”. “ეს დანიური სტარტაპისთვის დიდი ამბავია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სერვისი მოხმარებაში ჯერ არც ჩაშვებულა”, – აცხადებდა კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მატიას ლუნდო Weekly Post-თან თებერვლის ინტერვიუში… ყველა გამოხმაურება საზეიმოდ აცნობდა პუბლიკას “ლონდონურ ვენჩურულ ფონდს”, AppIdea-ს, რომელმაც ექვსციფრიანი თავდაპირველი ინვესტიცია გააკეთა და სანაცვლოდ, 20%-მდე წილი მიიღო ჯერ კიდევ გაშვებამდე $8 მილიონზე მეტად შეფასებულ კომპანიაში. “ამჟამინდელ შეფასებაზე აქცენტს ნუ გავაკეთებთ, – მირჩევს მიხეილ ჩხარტიშვილი, – სერვისი 4 ივლისს ჩაეშვება და ამის შემდეგ შეფასებაც ბევრად გაიზრდება”. საკუთარი წილის გაყიდვის შემთხვევაში AppIdea-ს თანადამფუძნებლები კარგად იხეირებდნენ. წილის დღესვე გაყიდვით, წმინდა მოგება ჩადებულ თანხაზე ორჯერ დიდი იქნებოდა, თუმცა ჯერჯერობით ისინი მსგავს წინადადებებს უარით პასუხობენ და პოკერის მოთამაშის მოთმინებით ელოდებიან ბიზნესიდან გასვლისთვის შესაფერის მომენტს. თუკი Nustay მართლაც შეძლებს, $8 მილიარდად შეფასებული Booking. com-ის ძირითადი კონკურენტი გახდეს, AppIdea-ს მოგების მარჟა, პირდაპირი გაგებით, 1000-ჯერ გაიზრდება.
ბუნებრივია, მსგავსი წინასწარმეტყველებები, რაოდენ ავტორიტეტული კიბერ-ორაკულებისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, ჯანსაღი სკეფსისის საფუძველს იძლევა, როდესაც საქმე ბრიტანული კლიმატივით მკვეთრად ცვალებად და თინეიჯერის ხასიათივით არაპროგნოზირებად, ახალგაზრდა ინდუსტრიას ეხება, მაგრამ მიუხედავად ამისა, შვიდციფრიანი შეფასება მართლაც ზედმეტად მოკრძალებულად გამოიყურება სტარტაპისთვის, რომელსაც “OTA-ს ახალ თაობად” მოიხსენიებენ. “დიდი მონაცემები” ინტერნეტთან ასოციირებული ინდუსტრიის განვითარების ახალი კატალიზატორია, ხოლო Nustay ეპოქის მოთხოვნილებაზე მორგებული რთული ალგორითმი, რომელიც გაცილებით “ჭკვიანია”, ვიდრე Booking.com-ი, თუნდაც იმით, რომ 600 პარამეტრზე მეტს ამუშავებს მოგზაურთა გადასამისამართებლად მათთვის ხელსაყრელ სასტუმროებში. აღსანიშნავია, რომ Nustay-ს შექმნაში AppIdea-ს ტექნიკურმა პერსონალმაც მიიღო მონაწილეობა.
დანიურ სტარტაპში განხორციელებული ინვესტიცია ერთადერთი წარმატება არ არის, რომლითაც AppIdea-ს თავის მოწონება შეუძლია. მცირეწლოვანმა კომპანიამ კიდევ რამდენიმე სასარგებლო აქტივის შეძენა მოასწრო. მათ შორის გამორჩეულია In2Cyrcle-ი, ქართველი ანტრეპრენიორების მიერ შექმნილი სოციალური ქსელი, რომელიც $1 მილიონად არის შეფასებული (AppIdea მის 20%-ს ფლობს). აღსანიშნავია ერთი წარმატებული ვენჩურიც, საიდანაც AppIdea $600-ათასიანი წმინდა მოგებით გამოვიდა. რესპონდენტთა თხოვნით კომპანიის დასახელებისგან თავს ვიკავებ, რადგან ამ სტარტაპის თანადამფუძნებლებსა და პოტენციურ ინვესტორთა შორის წილებით ვაჭრობა არ დასრულებულა და AppIdea-ს წილისა და ფასის გასაჯაროებით, შესაძლოა, მხარეებს პრობლემა შეექმნათ. პროექტის წარმატებულობის საილუსტრაციოდ ინვესტიციის უკუგების 63%-იანი მაჩვენებელიც კმარა. გაშვებამდელ ეტაპზე, როგორც წესი, ეს მაჩვენებელი 30-35%-ს იშვიათად აღემატება ხოლმე. მიუხედავად მსგავსი შესაძლებლობებისა, სწრაფი ფულის შოვნის მიზნით წილის ადრეულ ეტაპებზე დათმობის იდეა ვენჩურული ფონდის თანადამფუძნებლებს არ ხიბლავთ: “მონეტარიზაციას ჯერ არ ვაკეთებთ. ჩვენ გეგმის მიხედვით მივდივართ, დანახარჯებისა და შემოსავლების ბალანსში ნულოვან წერტილამდე მისვლას არ ვჩქარობთ, ამას ისედაც 2-3 წელიწადში ვგეგმავდით, – ამბობს კოტე თაყაიშვილი. AppIdea-ს ახალგაზრდა თანადამფუძნებლების ცივსისხლიანობა დასაფასებელია. Nustay-ის წილის მყისიერი გასხვისებით, რამდენიმე დღეშივე მოახერხებდნენ break-even-ზე გასვლის გეგმა “გადაჭარბებით შეესრულებინათ”, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ კარგ აწმყოზე მეტად, უკეთესი მომავალი აინტერესებთ; როგორც ბრიტანელები იტყოდნენ – “Best things come to those who wait”.
ვენჩურების ჩამოთვლის შემდეგ, ზურა ინაიშვილი AppIdea-ს თბილისურ ოფისში შექმნილ აპლიკაციას, Upperland-ს მაჩვენებს. თამაში, რომელიც ჟურნალის გამოსვლიდან ორ კვირაში ჯერ iOS-ის, შემდეგ კი Android-ის სისტემის სმარტფონებისთვის გაეშვება, AppIdea-ს დეველოპერების ოსტატობის ექსკლუზიური და შესანიშნავი ნიმუშია. “ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვინც ამ საქმეში ერკვევა და ძალიან გაგვიჭირდა ჯგუფის შეკვრა, მაგრამ შევკარით”, – მეუბნება ზურა ინაიშვილი. ბაზარზე პროფესიონალი კადრების არარსებობის გამო, სტაფი ჯერჯერობით მხოლოდ AppIdea-ს პროექტებს აღასრულებს და გარედან წამოსულ შეკვეთებზე ვერ მუშაობს, რაც კომპანიას მსუყე ლუკმას აკარგვინებს.
ხსენებული პრობლემა მხოლოდ ერთი კომპანიის განვითარებას არ აბრკოლებს. აპლიკაციების დეველოპინგის სფეროსთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსი, იმავე ბრიტანეთთან შედარებით, ბევრად ლიბერალურია და საკანონმდებლო წინაპირობას იძლევა ქვეყნის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის; საგადასახადო წნეხით დამძიმებული დასავლური ქვეყნები მუდმივად ეძებენ გაცილებით დაბალ ხარჯებთან ასოციირებულ აუტსორსინგის კერებს და პოულობენ კიდეც. საქართველო ამ შესაძლებლობას ვერ, ან არ იყენებს. “ჩვენ წარმოება იაფი გვიჯდება. ამავდროულად ისეთივე ხარისხის მიღება შეგვიძლია დეველოპინგისა და დიზაინის კუთხით, როგორიც ამერიკასა თუ ევროპაში, – ამბობს ზურა ინაიშვილი. – ვცდილობთ, აქეთკენ ვიაროთ, მაგრამ ჩვენი ძალები საკმარისი არაა. საქართველოში, ჩვენი კომპანიის გარეთ, მაქსიმუმ ათამდე ადამიანია, ვისაც ამგვარ პროექტებზე მუშაობა შეუძლია. ჩვენი გაფართოების გეგმაში სწორედ ამიტომ შედის უკრაინიდან და ბელორუსიიდან დეველოპერების ჩამოყვანა”.
“თაობისთვის მაგალითია ის, ვინც წარმატებას აღწევს. ამიტომ ამ პროფესიაში ზრდა მომავალში აუცილებლად იქნება, თუმცა ახლა თითზე ჩამოსათვლელია ყველა კადრი”, – აგრძელებს მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის აზრს კოტე თაყაიშვილი.
“მსგავსი განათლება, სინამდვილეში, ბევრად უფრო მაღალანაზღაურებადია, ვიდრე, სიტყვაზე, იურისტის. ჩემთვის გაუგებარია, აქამდე რატომ არ ხდებოდა ქვეყანაში ამ ინდუსტრიის სერიოზულად აღქმა”, – ამატებს მიხეილ ჩხარტიშვილი.
პასუხი “საბეჭდი მანქანების” ბიზნესთაობაში იმალება. საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, კაპიტალი გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის ზევით არის კონცენტრირებული, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებულ ეკონომიკებში ინდუსტრიამ უკუგების კოლოსალური პოტენციალი გამოავლინა, რამაც მისკენ უოლ- სტრიტის ბებერი და ახალგაზრდა მგლების ყურადღება თანაბრად მიმართა. AppIdea პირველი (ნაწილობრივ) ქართული ვენჩურული ფონდია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და სწორედ ამიტომ, მისი წარმატების მნიშვნელობა დამფუძნებლების კერძო ინტერესს აღემატება. თუკი ვენჩურული კაპიტალისტების ახალგაზრდა გუნდი შეძლებს, რომ აპლიკაციებში ინვესტირებით ან მათი შექმნით დიდი კაპიტალის ალოკაციის პრეცედენტი დაამკვიდროს, მწვანე კვალს სხვებიც გაჰყვებიან. “გვინდა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ საქართველო ის წერტილია, სადაც დეველოპერული ჰაბი შეიძლება გაკეთდეს, – ამბობს მიხეილ ჩხარტიშვილი, – ასე მოიქცა სკანდინავია არცთუ ისე დიდი ხნის წინ და დღეს სკანდინავიური დეველოპმენტი სილიკონის ველისას არ ჩამოუვარდება. მსგავსი რამის გაკეთება ჩვენს რეგიონშიც შეიძლება. ყველა მოცემულობაა, გარდა ადგილობრივი ინტერესისა”.
ინტერესის გაჩენაც AppIdea-ს შორს მიმავალი გეგმის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის ზრდისთვის აუცილებელია ქვეყანაში აპლიკაციის დეველოპერთა პროფესიული წრის გაფართოება. მიმდინარე წილების მოგებიანად გასხვისების შემდეგ, საინვესტიციო ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, მოიმატებს პარტნიორი სტარტაპების რაოდენობა, შესაბამისად, გაიზრდება ტექნიკური პერსონალის სამუშაო დატვირთვა და პროექტების ტექნიკური დახვეწილობა. ამიტომ, წინდახედულ ანტრეპრენიორებს უკვე დაწყებული აქვთ ფიქრი მათ კომპანიასთან ასოციირებული სასწავლო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაზე. “ჩვენი ყველაზე წარმატებული ინვესტიცია ყოველთვის ჩვენი გუნდი იქნება. ეს ჩვენი მთავარი გამოწვევა და უდიდესი ღირებულებაა. აქამდე გუნდმა მოგვიყვანა”, – ამბობს მიხეილ ჩხარტიშვილი პარტნიორების უსიტყვო თანხმობის მრავლისმეტყველ ფონზე.
ახალი თაობის “როკსტარობაზე” მეოცნებეებს ისღა დარჩენიათ, ინატრონ, რომ ეს გუნდი AppIdea-ს კიდევ უფრო შორს წაიყვანს.