ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში 2,123,816 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. აღნიშნული მაჩვენებელი 10%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემს.
ტურიზმის განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყების ინფორმაციით, ტურისტების განსაკუთრებული მატება ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ასევე ახალი ტურისტული ბაზრებიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან შეინიშნება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 183,355 ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. განსაკუთრებით დიდი მატება საფრანგეთიდან განხორციელებულ ვიზიტებზე მოდის და 30.3%-ს შეადგენს. 24.3%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტები გერმანიიდან, 16.3%-ით კი გაერთიანებული სამეფოდან.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიით ითვლის, რაც უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს მოიცავს.