Dnipro Osint: რუსეთმა თათრეთის რესპუბლიკაში დრონების მიწისქვეშა ქარხნის მშენებლობა დაიწყო

Dnipro Osint: რუსეთმა თათრეთის რესპუბლიკაში დრონების მიწისქვეშა ქარხნის მშენებლობა დაიწყო

უკრაინული ღია წყაროების სადაზვერვო ანალიტიკური ჯგუფის, Dnipro Osint-ის მონაცემებით, რუსეთმა თათრეთში, „ალაბუგის“ ინდუსტრიულ ზონაში, Shahed-ებისა და Geran-ის ტიპის საკუთარი დრონებისთვის მიწისქვეშა საწარმოო სივრცის მშენებლობა დაიწყო. ანალიტიკოსების შეფასებით, ადგილზე უკვე აშენებულია დაახლოებით 42 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწისქვეშა ნაგებობა.

Dnipro Osint-ის თანახმად, მიწისქვეშა სივრცეზე გადასვლა, სავარაუდოდ, „ალაბუგის“ ობიექტზე უკრაინის მიერ განხორციელებულ ადრინდელ დარტყმებს მოჰყვა, რის გამოც რუსეთი სწრაფად აფართოებს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას.

ანალიტიკოსმა ეს აქტივობა ქალაქ ელაბუგასთან ახლოს მდებარე „ალაბუგის“ სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე დააფიქსირა, რაც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1,200 კილომეტრშია.

ცნობისათვის, მიწისქვეშა მშენებლობის შესახებ ეს კონკრეტული ინფორმაცია მხოლოდ ერთი ანალიტიკოსის მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით მოპოვებულ ცნობებს ემყარება და ის დამოუკიდებლად, სატელიტური ფოტოების ცალკეული ანალიზის გზით ჯერ არ დადასტურებულა.

„ალაბუგა“ რუსეთში Geran-2-ის ტიპის დამრტყმელი დრონების წარმოების მთავარი ადგილია. შეგახსენებთ, რომ Geran-2 ირანული Shahed-136-ის რუსული ვერსიაა და ის ერთჯერადი მოქმედების დამრტყმელი დრონია, რომელსაც რუსული ძალები უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ თითქმის ყოველღიურად იყენებენ.

გასული წლის განმავლობაში ეს ობიექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. სატელიტური ფოტოების თანახმად, 2025 წლის მაისიდან 2026 წლის მაისამდე ზონის ფართობი 340 ჰექტრით გაიზარდა, დაემატა ახალი ანგარები, საერთო საცხოვრებლები უცხოელი მუშებისთვის და დაახლოებით 450-ჰექტრიანი სამშენებლო ტერიტორია M-12 ავტომაგისტრალის სამხრეთით. 14 სექტემბერს უკრაინელმა ანალიტიკოსებმა, ასევე Dnipro Osint-ის მიერ მოპოვებულ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ ობიექტის სამხრეთ ნაწილში დამატებით ხუთი საწარმოო კორპუსი აშენდა.

აღნიშნული საწარმო მნიშვნელოვნად ეყრდნობა უცხოელ მუშახელს, რომელიც „ალაბუგის პოლიტექნიკური კოლეჯისა“ და სხვა არხების მეშვეობითაა მოზიდული. 2026 წლის მაისში,  ამ ობიექტთან დაკავშირებული დასაქმების პროცესის გამო, გაერთიანებულმა სამეფომ 35 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა, თავად საწარმო კი კვლავაც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ რჩება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.