წინასწარი შედეგებით, გერმანიის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

წინასწარი შედეგებით, გერმანიის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

23 თებერვალს გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს. წინასწარი შედეგების თანახმად, პარტიამ ამომრჩეველთა 28.6%-ის მხარდაჭერა დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის ლიდერი ფრიდრიხ მერცი გერმანიის ახალი კანცლერი იქნება.

არჩევნებმა გერმანიაში არსებული პოლიტიკური კრიზისი უნდა დაასრულოს და ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს. შეგახსენებთ, სწორედ არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად დანიშნა მოქმედმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიაში ვადამდელი არჩევნები.

გუშინ გამართულ არჩევნებზე 1990 წლის შემდეგ რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. საკუთარი არჩევანი უბნებზე ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 83.5%-მა დააფიქსირა.

არჩევნების შედეგების თანახმად, მეორე ყველაზე პოპულარული პარტია ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აღმოჩნდა. აღნიშნული პარტიის მხარდამჭერების რაოდენობა გასული არჩევნების შემდეგ თითქმის გაორმაგდა. გუშინდელ არჩევნებში აღნიშნულმა პარტიამ ხმათა 20.8% მიიღო, რაც მის მზარდ რეიტინგზე მეტყველებს. მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ პარტიის პოპულარობა განსაკუთრებით მზარდი ყოფილი „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის“ ანუ აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონებშია.

მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ კი 16.4%-იანი მხარდაჭერა დაიმსახურა. „სოციალ დემოკრატებმა“ წინა არჩევნების შედეგები 9.3%-ით გააუარესეს. „მწვანეთა პარტიის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი კი 11.6%-ით განისაზღვრა. ხმათა 8.8% მემარცხენეების პარტიამ მიიღო.

არჩევნების შემდეგ გერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი უნდა დაიწყოს. არსებული მონაცემებით, ბუნდესტაგში უმრავლესობის ჩამოყალიბებისათვის საჭირო 315 მანდატი არც ერთ პარტიას არ აქვს. თუმცა „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „სოციალ-დემოკრატების“ მანდატების ჯამური რაოდენობა 329-ს შეადგენს. შესაბამისად, დიდია იმის ალბათობა, რომ კოალიციას სწორედ აღნიშნული ორი პარტია შექმნის. პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბუნდესტაგში 152 მანდატი, „მწვანეებმა“ კი 85 მანდატი მოიპოვეს.